„მედვედევის განცხადება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაა“ - აცხადებს თამაზ ხუბუა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას.

 

„მართალი გითხრათ გამაკვირვა მედვედევის, ამ პოლიტიკური კლოუნისა და ტაკიმასხარას (მინდა ბოდიში მოვუხადო კლოუნადისა და, ზოგადად, სახასიათო ჟანრის უდიდესი რუსი მსახიობების ნიკულინის, პოპოვის, ,,კარანდაშის" სულებს მათი პროფესიის ამ არარაობის გვერდით მოხსენიებისათვის) აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ბოლო გამონათქვამისადმი მავანთა გადაჭარბებულმა რეაქციამ-თუ ქართველები ჭკვიანად არ იქნებიამ, დასახელებულ ორ რეგიონს რუსეთი მიიერთებსო!“ - აცხადებს თამაზ ხუბუა.

მისი თქმით, „არახალია, რომ მედვედევი ჟირინოვსკი N 2-ის ჰიპოსტასტში ცდილობს იფაფხუროს (ეს უკანასკნელი, უნდა ვაღიაროთ, უფრო ეფექტიანად ახერხებდა კრემლის მსგავსი გულისნადებების გაჟღერებას). და მეორე, განა რუსეთს დე-ფაქტო მიერთებული არ აქვს საქართველოს ეს ორი ძირძველი რეგიონი?!“.

„ასე, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ერისა და ბერის, ყველა პოლიტიკური ძალის გულწრფელი და პასუხისმგებლური გაერთიანებული სწრაფვა გვმართებს და არა კრემლის ერთი უბადრუკი ლოთის ვითომ ,,სახელმწიფო პოზიციებზე" ფასადური და უნიათო წამოხდომები! საქართველო, გვახსოვდეს აფხაზეთი! უაფხაზეთოთ საქართველოს მომავალი მუდამ ბუნდოვანი იქნება!“ - დასძენს თ. ხუბუა.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions