ელგუჯა გვაზავა: ”რესტავრირებული” ვანდალიზმი

 

ცნობილია, რომ ბოლო დროს ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ისტორიული ძეგლების ხელყოფა ხდება რესტავრაციას ამოფარების გზით. ამის ერთადერთი მიზანი გახლავთ აფხაზეთში ქართული კვალის წაშლა, რასაც ამჯერად ილორისა და ბედიის ეკლესიებიდან ცდილობენ. თავდაპირველად რუსმა ”რესტავრატორებმა” ილორის წმინდა გიორგის ეკლესიას შეუტიეს, რომელიც სოფ. ოჩამჩირის რაიონში მდებარეობს და შუასაუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. ამას წინათ კი ცნობილი გახდა, რომ მათ ბედიის ტაძარში არსებული ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III ერთადერთი ფრესკა წაშალეს.

 

მომხდარის გამო საქართველოს საპატრიარქო და ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს. რუსული მხარე პრობლემის მოგვარების პირობას კი იძლევა, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია, რეალურად კი არაფერი კეთდება. რა მდგომარეობაა აფხაზეთში მდებარე ქართულ მონასტრებში, ვინ შლის ქართულ ფრესკებს, ამის შესახებ უფრო დეტალურად აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა  საუბრობს.

 

ე. გვაზავა: აფხაზეთში ქართული ძეგლების ხელყოფა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ბოლო დროს კი ვითარება კიდევ უფრო გართულდა. სწორედ აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ დაიწყო ჩვენი ტაძრების ვითომცდა რესტავრაციები, სინამდვილეში ამ ეკლესიებში ხდება ქართული კვალის წაშლა. იქ რომ რესტავრაცია არასწორად მიმდინარეობს, რუსეთშიც აღიარეს ცალკეულმა პირებმა. 2008 წლამდე ქართული კვალის წაშლა პირდაპირ ხდებოდა, შლიდნენ ფრესკებს და ქართულ წარწერებს. ოკუპაციამდე ამ მხრივ შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო.

 

ახლა რა ხდება? გავრცელებული ინფორმაციით, მოხდა ბაგრატ III ფრესკის დაზიანება.

- დღეს ბედიის ტაძრის ”რესტავრაციას” საეჭვო ხალხი ახორციელებს. შედეგად ჩამოინგრა ბაგრატ III ფრესკა. ეს მიზანმიმართული აქტია, რომლის ავტორებმაც კარგად იციან, რომ ეს იყო ბაგრატ III ერთადერთი ფრესკა, რომელიც მის ისტორიულ პორტრეტად ითვლება. დღეისათვის უკვე საქართველოს გამაერთიანებელი მეფის არანაირი ნიშანი არ მოიძებნება, ეს კი, მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიაა, რომელიც ჩვენს მტრებს არ აწყობთ. მათ შესანიშნავად იციან, რომ ბაგრატ  III  ერთიანი საქართველოს პირველი მეფეა. საქართველოს გაერთიანება სწორედ აფხაზეთიდან იწყება. ბაგრატი იწოდებოდა “მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა კურაპალატი”, ამიტომაც სეპარატისტებს და მათ სულიერ რუს მამებს არ აწყობთ იმის გახსენება, რომ ჯერ კიდევ X-XI საუკუნეების მიჯნაზე ქართველები და აფხაზები იყვნენ ერთიანი ქვეყნის – საქართველოს შვილები. ისტორიული წყაროების მიხედვით ბაგრატ III და მისი დედა დედოფალი გურანდუხტი ბედიის ტაძარში არიან დაკრძალული. სამწუხაროდ, დღეს მათი საფლავის მდგომარეობაც გაურკვეველია. გაურკვეველია ასევე ტაძრის ეზოში დაკრძალული ქართველი საეკლესიო პირების საფლავების (ქართული ეპიტაფიებით) ბედიც.

 

ვინ უფრო შლის ქართულ კვალს, აფხაზები თუ რუსები?

- რა თქმა უნდა, რუსები. ახლა რუსები არიან აფხაზეთის ბატონ-პატრონნი და თვითნებურად ”კეთილ საქმეს” აკეთებენ. სინამდვილეში ამ ”კეთილი საქმის” ფარული მიზანი გახლავთ ყოველივე ქართულის ამოძირკვა აფხაზეთის ტერიტორიიდან. თუმცა არც აფხაზები ყოფილან ამის წინააღმდეგი.

 

რისი გაკეთება შეუძლია ქართულ მხარეს?

- საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. საქმეში აუცილებლად ჩაერთვება იუნესკო. ამას შეუერთდებიან ის ორგანიზაციებიც, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ევალებათ. სამწუხაროდ, სოხუმი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქართველი ჟურნალისტების ადგილზე ჩასვლას. საერთაშორისო თანამეგობრობა ასეთ ფაქტებზე ძალიან მკაცრად რეაგირებს. ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი არ არის. სამწუხაროდ, ასეთი რამ სხვაგანაც ხდება. ადრე ისტორიას წერდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ახლა კი ძლიერი ქვეყნები წერენ.

 

დღეს ძირითადი ყურადღება ბედიაზე და ილორისკენ არის მიმართული. ხომ არ იცით, სხვა მონასტრებთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა?

- ადრე თამარის ხიდზე ამოტეხეს XI საუკუნის ქართული ასომთავრული წარწერა. ლიხნის ტაძარში ქართული ფრესკების გადათეთრება მოხდა. მოგესხენებათ, ლიხნის ტაძარი ცნობილია საოცრად ლამაზი ფრესკებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია (ყოველ შემთხვევაში, ადრე იყო) წაგრძელებული ფიგურების დინამიურობა.  მსგავსი  რამე მეფის რუსეთის დროსაც ხდებოდა, ახლა კი კრემლის დირექტივებით ხდება. ამჟამად ახალ ათონში მიმდინარეობს ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები. ცხადია, იქაც შეეცდებიან რაღაცის შეცვლას. ღმერთმა უწყის, კიდევ რას მოიმოქმედებენ...

 

რუსეთის საპატრიარქო იუწყება, რომ აღნიშნულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ცნობები არა აქვს. რამდენად დამაჯერებელია ეს?

- რუსეთის ეკლესია ყოველთვის პოლიტიზირებული იყო და ღვთისმსახურის კვერთხით რუსიფიკატორულ პოლიტიკას ეწეოდა ძალით შემოერთებულ ტერიტორიებზე. დევანდელი რუსული ეკლესია ამჯერადაც შენიღბულად ახორციელებს პოლიტიკურ ვანდალიზმს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემი. არა მგონია, ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიული ძეგლების ხელყოფა რუსეთის საპატრიაქომ ვანდალიზმად აღიაროს, ალბათ უხარისხო და ცდომილ რესტავრაციულ სამუშაოდ ჩათვლის. ქართული მხარე ასეთ ფაქტებს მწვავე რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

 

ამ თემაზე გაზეთ „ახალ თაობაში“ (25 იანვარი, 2012წ.) გამოქვეყნდა ინტერვიუ - ”გია გვაზავა: რუსებმა ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ფრესკა გაანადგურეს”.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions