ჯემალ გამახარია სამუშაო ვიზიტით იტალიის ტრენტინო ალტო-ადიჯეს ავტონიმიურ რეგიონს ეწვია

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით იტალიის ტრენტინო-ალტო ადიჯეს ავტონომიურ რეგიონს ეწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში, ქ.ბოლცანოში, დელეგაცია ტრენტინო-ალტო ადიჯეს რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა, იოზეფ ნოგლერმა მიიღო. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და იტალიას, განსაკუთრებით კი, ტრენტინო-ალტო ადიჯეს რეგიონს შორის კავშირების განმტკიცების და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.


ტრენტინო-ალტო ადიჯეს ავტონომიური რეგიონისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ავტონომიის საკითხს და მასთან დაკავშირებულ ასპექტებს.

იოზეფ ნოგლერმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა რეგიონის და მასში შემავალი ორი ავტონომიური პროვინციის, ტრენტოსა და ბოლცანოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, ცენტრს, რეგიონსა და პროვინციებს შორის კომპეტენციების განაწილების, პოლიტიკური, სასამართლო, საფინანსო და განათლების სისტემების, საზოგადოებრივი წესრიგის, ენობრივ უმცირესობათა დაცვის შესახებ.

თავის მხრივ, ჯემალ გამახარიამ ისტორიულ-სამართლებრივ რაკურსში მიმოიხილა ამჟამად რუსული სამხედრო ოკუპაციის ქვეშ მყოფი აფხაზეთის საკითხი და დეტალურად ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ტრენტინო-ალტო ადიჯეში სხვადასხვა ენობრივი ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრების, ეკონომიკური ზრდისა და სოციალური კეთილდღეობის უნიკალური მაგალითის შესწავლის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

შეხვედრისას ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ 27 სექტემბერს, 30 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან და მასპინძელ კოლეგასთან ერთად, ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიაში, კონსტანტინე სურგულაძემ ტრენტინო-ალტო ადიჯეს რეგიონის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მხრიდან იტალიაში პროვოკაციული საქმიანობის შესახებ. აღნიშნულ კონტექსტში მასპინძელმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის პოზიციასთან და მის ურყევ მხარდაჭერასთან სრული თანხვედრა დაადასტურა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას და განამტკიცებენ კავშირებს სხვადასხვა სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ქ.ბოლცანოში მდებარე სამეცნიერო-კვლევით ცენტრს - Eurac-ს ეწვია, რომლის ექსპერტებმაც სტუმრებს ავტონომიის საკითხზე კონკრეტული მიმართულებებით განხორციელებული კვლევები გააცნეს; საერთაშორისო პრაქტიკის და სხვადასხვა მაგალითების გათვალისწინებით, მოვლენათა განვითარების ცალკეულ  ეტაპებზე იმსჯელეს და შედარებითი ანალიზი წარმოადგინეს. ისაუბრეს რეგიონისა და მისი პროვინციების თავისებურებებზე როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე კონტექსტში.






ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions