უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის განთავსების შესახებ იმსჯელეს

6 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით წარმოდგენილი ორი საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ" და „ქ. ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის განთავსების შესახებ“.

2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია წარსდგა. მან კოლეგებს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის ბიუჯეტის გარკვეული პარამეტრები, შეეხო კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცების ცალკეულ დეტალებს.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცებას.

პრეზიდიუმმა ასევე მოისმინა ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ქ. ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის განთავსების შესახებ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას, დეპუტატების რ. ცატავას, ვ. ყოლბაიას, ზ. ჯგუბურიას, მ. კვარაცხელიას და სხვათა განცხადებით, 3-4 ოქტომბერს შედგა ორი შეხვედრა, ჯერ სერგეი ლავროვთან, შემდეგ კი ვლადიმერ პუტინთან, რის შემდეგაც გამოქვეყნდა ცნობა ახლო მომავალში ქ. ოჩამჩირეს პორტში რუსეთის შავის ზღვის სამხედრო ფლოტის გაკვეული ნაწილის განთავსების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მან უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომელიც საჯაროდ ჯერ არავის უნახავს. დე ფაქტო აფხაზეთის რიგი მაღალჩინოსნებისა აცხადებენ, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გარკვეული შეთანხმება უკვე არსებობს. საუბარია 2010 წლის 17 თებერვალს ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომლის თანახმად აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიქმნება გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზა. შეთანხმება 2011 წლის 26 დეკემბერს იქნა რატიფიცირებული დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის მიერ. სწორედ ამ დოკუმენტის მე-8 პუნქტში არის გარკვეული მითითება თუ რა უნდა შეიქმნას. ამასთან, შეთანხმების ფარგლებში მითითებულია 17 ადგილი აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განლაგდეს გარკვეული სამხედრო ქვედანაყოფები, მათ შორის მითითებულია ქ. ოჩამჩირეს პორტიც, სადაც განთავსდება ზემოაღნიშნული ფლოტი. დე ფაქტო აფხაზეთის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ამ თვალსაზრისით გარკვეული სამართლებრივი ბაზა უკვე არსებობს და დღეს ხდება სწორედ ამ შეთანხმების რეალიზაცია. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი არ ხდება შემთხვევით და თანაც იმ დროს, როდესაც რუსეთის ფლოტი ყირიმიდან არის ფაქტობრივად გამოძევებული და შესაძლებელია ისინი ნოვოროსიისკიდანაც გამოაძევონ. შეიძლება თამამდ ითქვას, რომ უკრაინიდან გამოძევებული რუსეთის ფლოტი თავს აფარებს ოჩამჩირეში. აფხაზებს ატყუებენ, რომ ამით გაძლიერდება მათი უსაფრთხოება. სინამდვილეში რუსეთის სამხედრო ფლოტის ოჩამჩირეში განლაგება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ოჩამჩირესა და მთლიანად აფხაზეთს, რადგანაც ხდება უკრაინული შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ოკუპაციის კიდევ უფრო გაძლიერება, აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რაც არის ძალიან სახიფათო პრეცედენტი. ამ თავისი გადაწყვეტილებით რუსეთს სურს აჩვენოს კოლექტიურ დასავლეთს, რომ ის კვლავაც რჩება სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული სამხედრო ბაზა აფხაზეთის ტერიტორიაზე ემსახურება არა იმდენად აფხაზეთის დაცვას, არამედ პირველ რიგში ის დასავლეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ამიტომ დასავლეთი საკუთარი უსაფრთხოებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს უკრაინიდან გამოქცეული რუსული სამხედრო ფლოტის ოჩამჩირეს პორტში განთავსების პროცესს. ჩვენი განცხადების მთავარი ადრესატები სწორედ ევროკავშირი, ნატო, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებია, რათა მათ ყველაფერი იღონონ იმისათვის, რომ ამ ფლოტმა რაც შეიძლება მალე დატოვოს ოჩამჩირეს პორტი. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება და რუსეთს მოუწევს კაპიტულაციაზე ხელმოწერა, იქ გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანა აფხაზეთის ტერიტორიიდან, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, პირველ რიგში მიმართულია სწორედ დასავლეთის წინააღმდეგ.

















































































































































































 

 











ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions