სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაული

დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სრულიად საქართველო სვეტიცხოვლობას, იგივე მცხეთობას აღნიშნავს.

სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაული სვეტიცხოვლის ისტორიული ტაძრის მშენებლობას, მეფეების - მირიანის, მირდატის, ვახტანგ გორგასლის,  აგრეთვე წმინდა ნინოს სახელებთან არის დაკავშირებული. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერდა, „ხოლო მირიან აღაშენა ეკლესია მოციქულთა, ხისა, სამოთხესა შინა თვისსა, სადაცა არს კუართი უფლისა, რომელი მოიღო ელიოზ, და ხალენი ელიასი“.  ეს იყო  ისრაელიდან ჩამობრძანებული უფლის კვართის დაკრძალვის ადგილას მირიან მეფის მიერ წმინდა ნინოს რჩევით აგებული პირველი ტაძარი. შემდგომში, იმავე ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებით, „მეფემან მირდატ აღაშენა მონაკუეთსა სუეტისასა გარემო ქვიტკირის სუეტი, და ამასგან ეწოდა სუეტი ცხოველი ეკლესიასა ამას, და აღმართა მას ზესა ჯუარი, რომელსა სდიოდა მირონი სამკურნალო, და აწ უწოდებენ სამირონესა“.  V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის ეკლესია, 1010 - 1029 წლებში კი კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი  სვეტიცხოველი, რომლითაც ასე ვამაყობთ.

საქართველოში სვეტიცხოვლობა მუდამ იყო უდიდესი სახალხო დღესასწაული, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ათეისტურ საბჭოთა პერიოდს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სვეტიცხოვლობა კვლავ იქნა აღიარებული წმინდა დღედ, რომელსაც სრულიად საქართველო აღნიშნავს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს სრულიად საქართველოს, ჩვენს დევნილ  და აფხაზეთში  მცხოვრებ თანამოქალაქეებს. უსურვებს კონფლიქტის მალე დასრულებას და საკუთარ სახლებში დაბრუნებას,  მშვიდობას და კეთილდღეობას.   უფლის კვართისა და სვეტიცხოვლის მადლი ფარავდეს  ჩვენს ქვეყანას, მდინარე ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მის თითოეულ მოქალაქეს.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions