მინისტრმა წარმოადგინა ინფორმაცია 2023 წლის 9 თვის მანძილზე გაწეული საქმიანობისა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ, ყურადღება გაამახვილა აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, როგორიცაა სამართალშემოქმედება, ადამიანის უფლებათა დაცვა, სამოქალაქო ინტეგრაცია და საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა.
მინიტრის განცხადებით, მინისტრის აპარატის წლიური ასიგნებები განისაზღვრა - 1 834 516 ლარით, 9 თვის - 1 350 838 ლარით, ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა - 1 266 186.29 ლარი (93.7%).
გიორგი გაბედავას თქმით, სამართალშემოქმედების მიმართულებით მინისტრის აპარატმა განახორციელა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რაც გულისხმობს სამართლებრივი აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენას საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობასთან, ხელს უწყობდა სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებისა და აფხაზეთთან სამართლებრივი კავშირის მქონე პირების საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში სამოქალაქო ინტეგრაციას, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა და დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვას, ახდენდა მინისტრის აპარატის ქვეპროგრამების ფარგლებში სამართლებრივი და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფას.
აღინიშნა, რომ მინისტრის აპარატის მიერ შექმნილია სტატისტიკური მონაცემები, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სახალხო დამცველის აპარატში შემოსულ საჩივრებს ეხება. ამასთან, განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობა (46 პირის მომართვიანობა). გიორგი გაბედავამ ასევე ისაუბრა სოფ. რუხში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის გახსნის შესახებ, რომლის საქმიანობა როგორც ადგილზე, ისე დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება.
მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო პოლიტიკასა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულები არსებულ ძირითად პროგრამაზეც: „სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“, რაც მოიცავს რამდენიმე ქვეპროგრამას: „სამშვიდობო რესურსი: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“; „მშვიდობის ლაბორატორია“; „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“; „დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა“. აღინიშნა ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, ისე სამომავლო გეგმებზე.
საარქივო საქმიანობასთან დაკავშირებით, როგორც მინისტრმა აღნიშნა, არქივის სამმართველოს საქმიანობის განახლებისა და გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ახალი კონცეფციის ფარგლებში და შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის შექმნა/შენახვა, მონაცემების დამუშავება და სისტემატიზაცია.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები. გაიმართა საქმიანი დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები რუდიკ ცატავა, ნუგზარ მგალობლიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, მურმან კვარაცხელია, თეიმურაზ მჟავია, ზურაბ ჯგუბურია, ანზორ წოწონავა. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს მინისტრის აპარატის და ხელმძღვანელობის მიერ გაწეული მუშაობა.
სხდომის დასასრულს, დასკვნითი სიტყვით გამოვიდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და კოლეგების მიერ გამოთქმული მოსაზრებები გაიზიარა, როგორც მუშაობის დადებითად შეფასების, ისე კრიტიკულ ნაწილში.
პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილეები თემურ გასვიანი და მარიამ გითოლენდია.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს გიორგი გაბედავას მოუსმინეს
https://youtu.be/BMUu4-jdhN8