მინისტრის საათის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს

25 ოქტომბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს.

 

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

მინისტრმა წარმოადგინა ინფორმაცია 2023 წლის 9 თვის მანძილზე გაწეული საქმიანობისა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ. მან აღნიშნა, რომ სამინისტროს ბიუჯეტი განსაზღვრულია 3222.000 ლარით და შესრულება შეადგენს 3182.510 ლარს ანუ ბიუჯეტი შესრულდა 98,77%-ით, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ ბიუჯეტი 551.533 ლარს შეადგენს და შესრულება - 545.912 ლარს, სააგენტოს ბიუჯეტის 98,98% შესრულდა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის, ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობის, დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფისა და აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო და სამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიმდინარეობაზე. დევნილთა განსახლების 21 ობიექტში განხორციელდა მცირე ფასიანი გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები, რომელმაც 937 ოჯახი მოიცვა. თბილისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გურჯაანში და სხვა ქალაქებში დევნილთა ჩასახლებებში ჩატარდა სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორიცაა სახურავის ნაწილობრივ და სრულად რეაბილიტაცია, წყალსაქაჩი სისტემის რეაბილიტაცია, საბავშვო მოედნის რეაბილიტაცია, წყალშემკრები და წყალსაწრეტი მილების შეცვლა, სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა გადაეცა 19 ოჯახს და სხვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამის „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფა“ ფარგლებში შემოსული 2118 განცხადებიდან დაკმაყოფილდა 1893 მოქალაქის განცხადება და ადმინისტრაციულ წარმოებაშია 225 განცხადება. დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ იქნა 79 ოჯახი. მან ისაუბრა პროგრამა „აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდამჭერა“ ფარგლებში განხორციელებულ დახმარებაზე. ასევე იმ უმნიშვნელოვანეს პროგრამებზე, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება დევნილთა საყოფაცხოვრებო, სოციალური და სხვა სახის პრობლემების მოგვარება.

დავით ფაცაციამ ასევე მოკლედ ისაუბრა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე. შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ქვეყნის კანონმდებლობაში არსებული მდგომარეობა, მოქალაქეობის მინიჭებისა და აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხებს.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები. გაიმართა საქმიანი დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები თამაზ ხუბუა, ადა მარშანია, რუდიკ ცატავა, მურმან კვარაცხელია, ანზორ წოწონავა. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს სამინისტროს ხელმძღვანელობისა და თითოეული თანამშრომლის მიერ გაწეული მუშაობა.

სხდომის დასასრულს, დასკვნითი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და ხაზი გაუსვა უმაღლესი საბჭოს და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის  პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions