უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა

27 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

პრეზიდიუმმა განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ“ ინფორმაციის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“ და „დასავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპუტატთა ჯგუფის მივლინების (10-12 ოქტომბერი) შედეგებიდან გამომდინარე წინადადებების შესახებ“.

ბიუჯეტთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მჟავია წარსდგა. წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცებას.

პრეზიდიუმმა ასევე მოისმინა ინფორმაცია 10-12 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფის მივლინების შედეგებიდან გამომდინარე წინადადებების შესახებ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, „დეპუტატთა ჯგუფმა - ბატონებმა ვახტანგ ყოლბაიამ, ზურაბ ჯგუბურიამ და თემურ მჟავიამ წამოაყენეს სამი საკითხი: დევნილებთან შეხვედრებისას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობის, ახალგაზრდა სპორტსმენების წახალისების კუთხით შესაბამისი ფონდის შექმნის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს ჯილდოსთან - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელთან ერთად ფინანსური კომპონენტის გათვალისწინების შესახებ“. „პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება არის უაღრესად დადებითი. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მინისტრის საათის ფარგლებში ჩვენ მოვუსმინეთ ბატონ დავით ფაცაციას, რა დროსაც მის წინაშე დაისვა ზემოაღნიშნული საკითხები, რომ ყოველ ჩვენს აქციას თან ახცლდეს მინისტრის ერთერთი მოადგილე, რომელიც ჩვენთან ერთად მოისმენს იმ წინადადებებს, გნებავთ პრეტენზიებს, რომლებსაც დევნილები ჩვენს წინაშე აყენებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს წინადადება იქნა უსიტყვოთ მიღებული. სამინისტრო მზად არის მონაწილეობა მიიღოს მ/წ დეკემბერში ჩვენს მორიგ საქველმოქმედო აქციაში, რომელიც კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში გაიმართება. შესაბამისად, სრულად ვუერთდები და ვიზიარებ კოლეგების მიერ წამოყენებულ წინადადებებს. რაც შეეხება დაჯილდოების დროს ფინანსური კომპონენტის ჩართვას, მიმაჩნია, რომ გარკვეული სახის პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობაში არსებული რეგულაციების გათვალისწინება და საკითხის უფრო დეტალურად განხილვა“ - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

საკითხის ირგვლივ მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ რუდიკ ცატავამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატებმა ზურაბ ჯგუბურიამ, თემურ მჟავიამ.

































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions