მინისტრმა წარმოადგინა ანგარიში 2023 წლის 9 თვის მანძილზე გაწეული საქმიანობისა და სამომავლო პროექტების შესახებ. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის მიზანია განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების გაცნობა, სამინისტროს საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებისა და სამომავლო ხედვების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.
მინისტრის განცხადებით, სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტმა მთლიანობაში შეადგენა 6 300 677 ლარი. აპარატსა და პროგრამებზე განისაზღვრა - 2 317 727 ლარი, სსიპ, ააიპ და საგანმანათლებლო რესურსცენტრებზე - 3 982 950 ლარი. შესრულებამ წლიურ ბიუჯეტთან მიმართებაში 73%, ხოლო 9 თვის დაზუსტებულ ბიუჯეტთან მიმართებაში - 99% შეადგინა.
ნანა გაბელიას თქმით, სამინისტრომ საანგარიშო პერიოდში განახორციელა ძირითადი პროგრამები და ქვეპროგრამები, როგორიცაა - განათლების ხელშეწყობის, აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის, სამშვიდობო სამოქალაქო განათლების მხარდამჭერი, კულტურულ ფასეულობათა დაცვის, ასევე ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების პროგრამები.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სასკოლო ინფრასტურქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების, წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის, არზაყან ემუხვარის, ჟიული შარტავას, თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიას, მიხეილ ჯინჭარაძისა და ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების, ასევე აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერის, ონლაინ საკვირაო სკოლის, პროფესიული უნარების განვითარების და სხვა მხარდამჭერი ქვეპროგრამების განხორციელების შესახებ.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული გალის რაიონისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობაზე, რომელიც მიმართულია ოკუპირებული გალის რაიონში ქართული ენის სწავლების უფლების აღდგენაზე, ქართული და აფხაზური ენების განვითარებაზე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, საბავშვო ბაღების და სახელოვნებო სკოლების პედაგოგებისა და ტექ. მუშაკთა დაფინანსების მიზნით მონაცემების შექმნაზე, აბიტურიენტებისთვის დახმარების გაწევაზე, ოკუპირებულ გალის რაიონში მასწავლებელთა და მოსწავლეთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე და სხვა.
ნანა გაბელიამ ასევე ისაუბრა აფხაზეთის სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ კულტურის ხელმისაწვდომობას, ქართულ-აფხაზური შემოქმედებითი პროცესების სტიმულირებას, ახალგაზრდა ხელოვანების საქმიანობის პოპულარიზაციას, სპორტული ტურნირების, ახალგაზრდული და შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარებას, სხვადასხვა სპორტული სახეობების განვითარებას.
მინისტრის განცხადებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამუშაო გეგმა სრულად იქნება ორიენტირებული ქართულ-აფხაზურ საზოგადოებაში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებებით აფხაზეთის თემატიკის წინ წამოწევასა და გაძიერებაზე.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები ოკუპირებულ აფხაზეთში ონლაინ სწავლების პროცესის, უცხოეთში სასწავლებლად წასული და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების სხვადასხვა მიმართულებით დახმარების, ასევე აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების, კაპელასა და სხვათა მდგომარეობის შესახებ. ამასთან, ისაუბრეს სამინისტროს საქმიანობის ცალკეულ ასპექტებზე. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მოუწოდეს მინისტრს მეტი ყურადღება დაეთმოს აღნიშნულ საკითხებს.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავა, დეპუტატები თეიმურაზ მჟავია, ზურაბ ჯგუბურია.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ შემაჯამებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და კოლეგების მიერ გამოთქმული მოსაზრებები გაიზიარა. ამასთან, შეეხო სპორტის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების, აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდებისთვის სტიპენდიების ან ერთჯერადი ფულადი დახმარების დაწესებისა და ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე დისტანციური სწავლების მდგომარეობას. ჯემალ გამახარიამ დეტალურად ისაუბრა „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისტანციური კლასგარეშე ქართულენოვანი სწავლების“ პროექტის შესახებ. მისი თქმით, პროექტმა უკვე მოიპოვა კარგი რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა უწყების მხრიდან. მნიშვნელოვანია ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, რაც ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყების აქტიური ჩართულობით უნდა განხორციელდეს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ წარმოდგენილი პროექტი უმნიშვნელოვანესია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის დაცვის თვალსაზრისით.
პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია, მოადგილეები ნინო ლობჟანიძე, მარიამ კუჭავა, მოწვეული სტუმრები.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.