შალვა პაპუაშვილი - აფხაზ თანამოქალაქეებთან კონტაქტის სხვადასხვა ფორმატები არსებობს, მათ შორის ჰუმანიტარული ხასიათის - ყველა არხს ვიყენებთ, რომ მათ ვაჩვენოთ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების უპირატესობა

ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებთან კონტაქტის სხვადასხვა ფორმატები არსებობს, მათ შორის ჰუმანიტარული ხასიათის კონტაქტები. ჩვენ ყველა შესაძლო არხს ვიყენებთ იმისთვის, რომ მათ ვაჩვენოთ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების უპირატესობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სერგეი შამბასა და ვახტანგ ყოლბაიას ონლაინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ეროვნული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„კარგია, რომ დიალოგის სურვილი აქვთ. ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ერთიან სახელმწიფოში ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიანი და წარმატებული ქვეყნის აშენება. რა თქმა უნდა, ამისთვის მთავარია როგორც პირადი კონტაქტი, ისე დიალოგი. ვნახოთ, ეს არის პროცესი, რომელიც ბუნებრივად უნდა განვითარდეს. ჩვენი მიზანი ცხადია და ჩვენი შეთავაზებაც ცხადია ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეების მიმართ. მთავარია, რომ, ყველა შემთხვევაში, პრიორიტეტი და მთავარი საკითხი, რომ არსებობდეს დიალოგი, ამას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. როგორ წავა, რა ფორმატებით, რა ნაბიჯებით თუ რა პროცესები, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებთან კონტაქტის სხვადასხვა ფორმატები არსებობს, მათ შორის ჰუმანიტარული ხასიათის კონტაქტები. ჩვენ ყველა შესაძლო არხს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებს ვაჩვენოთ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების უპირატესობა. რაც შეეხება ფორმატებს, ფორმალურ ფორმატებს და ა.შ. ეს არის მთავრობის კომპეტენცია და მთავრობა ამ პროცესს მიყვება. მთავარია, ერთი რამ: საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამოდის საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანაა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნდობის, ურთიერთობის აღდგენა ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


https://www.interpressnews.ge/ka/article/779615-shalva-papuashvili-apxaz-tanamokalakeebtan-kontaktis-sxvadasxva-pormatebi-arsebobs-mat-shoris-humanitaruli-xasiatis-qvela-arxs-viqenebt-rom-mat-vachvenot-ertian-saxelmciposhi-cxovrebis-upiratesoba


ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions