დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმების“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის შესახებ“ და „უმაღლესი საბჭოს დელეგაციის იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მივლინების შესახებ“.
დადგენილების პროექტთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია წარსდგა. მან აღნიშნა, რომ „ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების თაობაზე მოსკოვსა და სოხუმს შორის 2022 წლის 19 იანვარს გაფორმებული „შეთანხმება“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების უხეშ დარღვევას და საქართველოს მიმართ მცოცავი ანექსიის პოლიტიკის თანმიმდევრულად განხორციელების მორიგ გამოვლინებას წარმოადგენს. ამასთანავე, „შეთანხმება“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს“.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, უკანონოდ უნდა იქნეს ცნობილი აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმება“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილება.
საკითხის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი დადგენილების პროექტს.
დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქციის შედეგების შესახებ, რომელიც მ/წ 27 დეკემბერს ქ. ზესტაფონში, კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში და ქ. ზუგდიდში განხორციელდა. აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წინადადებას სოციალური სოლიდარობის აქციის 2024 წლის ბოლომდე გაგრძელების შესახებ.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, დეპუტატები ზურაბ ჯგუბურია და თეიმურაზ მჟავია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება