პლენარულ სხდომაზე მოისმინეს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ

17 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა. სხდომებს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“; “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“; “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ახალი წევრების წარდგენის შესახებ“; “მ.კვარაცხელიას ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემადგენლობიდან გასვლის შესახებ“ და “იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით წარმოადგენილ პირველ ოთხ საკითხს.

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ წარმოადგინა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. ისაუბრა რა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში კომიტეტი მუშაობდა ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივების და უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე. ვ.ყოლბაიას თქმით, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული პირი ითხოვს მოქალაქეობის შესახებ ცნობას, თუმცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება მიზეზთა გამო. ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბადებულ და მცხოვრებ პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენისას, უცხო ქვეყნის, კერძოდ რუსეთის ფედერაციის მიერ მისთვის მოქალაქეობის უკანონოდ მინიჭების პრობლემა, ხოლო მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შემთხვევაში, პრობლემას წარმოადგენს ქართული ენის, სამართლისა და ისტორიის დადგენილი ფაქტების ცოდნის ვალდებულება. მიუხედავად სირთულეებისა, კომიტეტი შესაბამის სამსახურებთან ერთად მნიშვნელოვან სამართლებრივ დახმარებას უწევს განცხადებით შემოსულ უკლებრივ ყველა ჩვენს თანამემამულეს. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით აღნიშნული საკითხი უკვე გაგზავნილია საქართველოს პარლამენტში და ველოდებით კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას. ვახტანგ ყოლბაიამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის ინიციატივით განხორციელებულ ცვლილებებზე სახელმწიფო სიმბოლოების დადგენის წესში, რომლის თანახმად განისაზღვრა აფხაზეთის ხელისუფლებაში ამ სიმბოლოების გამოყენების წესიც. შესაბამისი კონსულტაციებისა და პროცედურების გავლის შემდეგ, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რადგანაც ეს კანონპროექტი პირდაპირ ეხებოდა ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა უწყებებსა და დაწესებულებებს. კომიტეტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ შეეხო დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების განაწილების პრობლემას. მისი თქმით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის წევრებთან ერთად საფუძვლიანი მუშაობა ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე. ჩვენი წინადადებით, კანონს ემატება ერთ-ერთი მუხლი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესახებ, რომლის თანახმად დევნილი ოჯახის წევრის გარდაცვალებისას, გარდაცვალების ფაქტი გავლენას არ იქონიებს დევნილთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის კრიტერიუმზე. საკითხი უკვე იხილება საქართველოს პარლამენტში, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, მნიშვნელოვანი საქმიანობა წარიმართა და დღესაც მიმდინარეობს ცალკეულ კანონპროექტთან დაკავშირებითაც, კერძოდ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში. საკითხი ძირითადად შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის პროცედურას, რომლის თანახმად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან. ვახტანგ ყოლბაია ასევე შეეხო კომიტეტის საქმიანობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა გენდერული თანასწორობის მდგომარეობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების გამოყენების შესაძლებლობა და სხვა. კომიტეტის მიერ დამუშავდა დადგენილებები რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმების 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის თაობაზე, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შემოღების შესახებ და სხვა. გაკეთდა მნიშვნელოვანი ანალიზი დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახალხო კრების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების გასხვისების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით - განაცხადა ვ.ყოლბაიამ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტი თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარე რაისა ქარაია, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავა, დეპუტატი თეიმურაზ მჟავია.

მოსაზრებების და წინადადებების მოსმენის შემდგომ დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს ვახტანგ ყოლბაიას წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასეს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა.

სხდომის მუშაობა შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის, დადებითად შეაფასა მიმდინარე საქმიანობა რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტთან დაკავშირებით. კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოქალაქეობის შესახებ კანონი და დევნილთა შესახებ კანონები. საქმიანობა ამ მიმართულებით მიმდინარე სასესიო პერიოდშიც გაგრძელდება, აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა კომიტეტს, მის ხელმძღვანელობას და აპარატს გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions