სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს

15 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა. სხდომებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი თემურ წურწუმია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მანონი გეჯუა, მარინა ონიანი, პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა დუნდუა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

კოლეგების წინაშე მოხსენებით კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა წარსდგა. მან ისაუბრა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ყურადღება გაამახვილა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მუშაობაზე, კომიტეტისა და სამინისტროების კოორდინირებულ მუშაობაზე სხვადასხვა საკითხთა გადასაჭრელად გასული 2023 წლის განმავლობაში, ასევე სამომავლო გეგმებზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა კომიტეტის მიზნებსა და ამოცანებზე, კერძოდ აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ოჯახის განვითარების, მოხუცთა, ვეტერანტა და შშმ პირთა საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობისა და სხვა საკითხების შესახებ. აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში, კომიტეტისა და მისი აპარატის მონაწილეობით საქართველოს პარლამენტიდან გადმოგზავნილი კანონპროექტების განხილვისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით წინადადებებისა და დასკვნების შემუშავებასა და წარდგენაში. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ ჩატარდა 25 სხდომა, მათ შორის კომიტეტების 7 გაერთიანებული სხდომა; კომიტეტმა განიხილა 47 კანონპროექტი და სხვა ნორმატიული აქტების პროექტები; შეიმუშავა 26 დასკვნა; ჩატარდა 12 სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა პროფილურ სამინისტროს ხელმძღვანელებთან და მათ დაქვემდებარებულ საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელების დასწრებით; ჩატარდა 20-მდე სხვადასხვა თემატიკაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა; კომიტეტმა განიხილა 135-ზე მეტი წერილობითი და ზეპირი განცხადება; განხორციელდა რეაგირება კომიტეტში შემოსულ 72 კორესპონდენციაზე; გაეწია შუამდგომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთის უწყებებში 48 იძულებით გადაადგილებულ პირს და ა.შ. კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონების მიღებასთან დაკავშირებულ პროცესებში.

გამომსვლელმა აღნიშნა, რომ კომიტეტის საქმიანი თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა ოკუპირებული ტერიტორიიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისა და მათი თანმხლები პირების, განურჩევლად მათი ეროვნებისა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა და წამყვან კლინიკებში მოთავსება, ძვირადღირებული გამოკვლევების, ოპერაციების ჩატარება და მკურნალობა, რაც მისივე თქმით შესაძლებელი გახდა ცენტრალური ხელისუფლების და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით.

სხდომაზე აზრი გამოთქვეს და გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს მომხსენებელს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, უმაღლესი საბჭოს წევრმა თეიმურაზ მჟავიამ. მათ დადებითად შეაფასეს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის აპარატის და მისი თავმჯდომარის რუდიკ ცატავას მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. აღინიშნა კომიტეტის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაო, დეტალური ანალიზი. გამოითქვა საქმიანი რეკომენდაციები და წინადადებები როგორც კომიტეტის, ისე აფხაზეთის მთავრობის პასუხისმგებელი უწყებების საქმიანობის მიმართ.

სხდომა შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს გაწეული საქმიანობისთვის, დევნილებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენი თანამემამულეების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარებისათვის.



































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions