თამაზ ხუბუა: “ქართულ ეკლესია-მონასტრებს განადგურება ემუქრება“

 

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა მორიგი ანტიქართული ბრძანება გასცა. იგი ქართული კულტურული ძეგლების: ბედიის, მოქვისა და სხვა ტაძრებისთვის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების ინიციატივით გამოდის. თუმცა ქართველი ექსპერტების აზრით, ეს იმდენად არა ანქვაბის, რამდენადაც კრემლის გადაწყვეტილებაა. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება, იმისათვის რომ არ წაიშალოს ქართული კვალი, აცხადებენ ქართველი ექსპერტები.

 

ალექსანდრე ანქვაბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვანდალიზმად და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აფასებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა. მისი განცხადებით, ქართული ეკლესიების კედლებზე წარწერებისა და ფრესკების განადგურება მეზობელი სახელმწიფოს საეკლესიო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ იყო დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი. “შავ არქეოლოგიად“ შერაცხული ექსპედიციების მიზანს წინასწარ დაგეგმილი “მეცნიერული“ შედეგები უნდა მოჰყოლოდა. დღეს კი გამოცხადდა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული უკვე “აფხაზური“ ეკლესია-მონასტრების რესტავრაციის დაწყების შესახებ.

 

“ამ აქტის ფაბულა მარტივია. ჯერ უნდა გაანადგურო, რომ შემდეგ ცრუ კუთვნილების დამადასტურებელი აღდგენითი ღონისძიებები განახორციელო! როდესაც ბედიის და სხვა ქართულ მონასტერს არაქართული კულტურის ძეგლად ნათლავ და ამის დასადასტურებლად აკრძალულ ხერხებს იყენებ, რბილად რომ ვთქვათ, უნდა შეგაწუხოს, ჯერ ერთი, პოლიტიკურმა პასუხისმგებლობამ და ბოლოსდაბოლოს ადამიანურმა სინდისმა!“. “ვფიქრობ აქ კომენტარები ზედმეტია. ეს აღმაშფოთებელი ფაქტია. ცინიზმის აღსაკვეთად აუცილებელია განსაკუთრებული პრინციპულობა და მომთხოვნელობა გამოიჩინონ საერთაშორისო პოლიტიკურმა, ჰუმანიტარულმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა, იუნესკოს წარმომადგენლობმა!“ - აცხადებს თ. ხუბუა.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions