საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა

7 ივნისს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა.

კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი გაბედავა, მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი, მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია, ამავე სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი ავთანდილ ხაზალია, საფინანსო სამსახურის უფროსი ბელა კვარაცხელია, სამართალშემოქმედებითი და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენელი ასმათ ანდრიბავა.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:  ,,ინფორმაცია იუსტიციისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ 2023-2024 წლების განვლილ პერიოდში იძულებით ადგილნაცვალი მოქალაქეებისათვის იურიდიული კონსულტაციის გასაწევად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ეფექტიანობის შესახებ“.

აღნიშნულ საკითხზე კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი გაბედავა.

ბატონმა გიორგი გაბედავამ ისაუბრა იურიდიულ კონსულტაციებთან დაკავშირებით, კერძოდ ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის ხარჯვით ნაწილზე. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ისე იურიდიული კონსულტაციის გაწევის კუთხით. სამმართველოში არის ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც დევნილებს უწევენ შესაბამის კონსულტაციას. 2024 წელს მომართვიანობის სტატისტიკის თანახმად 250 ზარია შემოსული სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რის თაობაზეც მათ გაეწიათ კონსულტაცია. მინისტრის თქმით წინა წლებთან შედარებით აღინიშნება მომართვიანობის ზრდის ტენდენცია, თუმცა დამატებითი სახსრები ამ პროცესში არ იხარჯება. 2023 წელს მინისტრის აპარატსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საშუალებითაც სოფელ რუხში განათავსეს იურისტი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს ჩვენს დევნილებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ პირებს. ბატონმა გიორგი გაბედავამ აღნიშნა, რომ 2022 წელს ნოტარიუსთა პალატასთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მოლაპარაკებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა სოფელ რუხში ნოტარიუსის განთავსება, რაც დევნილებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ოპერატიულად მიიღონ შესაბამისი მომსახურეობა. მან აქვე დასძინა, რომ არც ამ  მიმართულებით დახარჯულა თანხები. მინისტრმა აღნიშნა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია  იმ მიმართულებით მუშაობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე დევნილებისთვის მოქალაქეობის მისაღებად სამართლებრივი დახმარების გაწევას გულისხმობს. მოქალაქეობის მიღებისას გამოცდების ჩაბარების ნაწილში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით მინიტრსის აპარატი მოლაპარაკებებს აწარმოებს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელიც დაეხმარება მოქალაქეობის მიღების მსურველებს სხვადასხვა საგნებში გამოცდების ჩასაბარებლად მომზადებაში. მინისტრი ასევე შეეხო  იურიდიული მიმართულებით სერვისებთან დაკავშირებით დევნილთა ინფორმირების საკითხებსა და ამ მიმართულებით გაწეულ მუშაობას, ინფომრაციის არქივში შენახვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

სხდომაზე შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს წევრებმა რაისა ქარაიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, ელგუჯა გვაზავამ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა ავთანდილ ხაზალიამ.

შემაჯამებელ სიტყვაში კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ მადლობა გადაუხადა კოლეგებს და მოწვეულ სტუმრებს საინტერესო ინფორმაციისა და განხილვისთვის. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია უფრო გაფართოვდეს და მეტი სახსრები გამოიყოს დევნილთა დასახმარებლად ზემოთაღნიშნული მიმართულებით, რაშიც უმაღლესი საბჭო მზად არის თანამშრომლობისთვის.



















ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions