უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა

19 ინვისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

თ. ნადარეიშვილის დაბადებიდან 70 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით საიუბილეო კომისიის შექმნის შესახებ.

პრეზიდიუმმა მხარი დაუჭირა  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამაზ ხუბუას ხელმძღვანელობით თ. ნადარეიშვილის დაბადებიდან 70 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით საიუბილეო კომისიის შექმნას.

პლენარულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს  ადამიანის  უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ადა მარშანის ანგარიში  კომიტეტის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ  2023 წლის საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო აფხაზეთის ა/რ მთავრობიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსულ კანონპროექტებზე მუშაობა, კანონპროექტების განხილვა, წინადადებების, შენიშვნების და დასკვნების მომზადება, კომიტეტის სხდომებზე განხილვა და წამყვანი კომიტეტებისთვის მიწოდება.

2023 წელს ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ  საკითხთა კომიტეტმა საანგარიშო  პერიოდის განმავლობაში ჩაატარა კომიტეტის 16 სხდომა, შემოვიდა 54 წერილი. პარლამენტიდან - 5, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან - 1, აფხაზეთის მთავრობიდან - 6. ანალიტიკური და პროტოკოლის დეპარტამენტიდან ცნობის  სახით შემოსულია - 260 საინფორმაციო წერილი. კორესპოდენციის შესწავლის  შემდგომ მოხდა მათზე შესაბამისი რეაგირება. გასულია 48 წერილი, მოსმენილ იქნა ანგარიშვალდებული სტრუქტურების კანონპროექტები, გამოითქვა შესაბამისი შენიშვნები, წინადადებები, კანონპროექტების  სრულყოფის მიზნით.

კომიტეტი აწარმოებდა და აწარმოებს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლებულ დევნილებთან. გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან მჭიდრო რეგულარული ონლაინ კავშირი. აგრეთვე ოკუპირებული აფხაზეთიის ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრები   საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა საჭირბოროტო საკითხებზე ოკუპირებულ აფხაზეთში.

კომიტეტი ინტენსიურად აწყობს შეხვედრებს აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. კომიტეტი სისტემატიურად და მჭიდროდ თანამშრომლობს არსამთავრობო ორგანიზაციებთან.

კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა კომიტეტის ინიციატივით, თუ მონაწილეობით აღნიშნულ პერიოდში ჩატარებულ ღონისძიებებზე. კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა 8 ღონისძიება. 2023 წლის 2 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით კომიტეტმა ჩაატარა  გამოჩენილ ქალბატონებთან  შეხვედრა და უმაღლესი საბჭოს ჯილდოები გადასცა მათ; 1992-1993 წ. წ.  აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წლისთავთან  დაკავშირებით, კომიტეტის ინიციატივით 16 მარტს ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პრაქტიკული კონფერენცია; 2023 წლის 5 ოქტომბერს ქალბატონი ადა მარშანია კომიტეტის წევრებთან ერთად გახლდათ იმერეთის რეგიონში, კერძოდ  ქალაქ ზესტაფონში გამართულ ღონისძიებაზე და სხვა.

ადა მარშანიამ ხაზი გასუვა ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურებთან და მათ წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობას. მან აღნიშნა,  რომ ნაყოფიერად მიმდინარეობს თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიასთან (თავმჯ. გიორგი ვოლსკი). ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან კომიტეტი აწარმოებს მუდმივ ერთობლივ მონიტორინგს კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებში და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგიის განსაზღვრა-შემუშავებაში  იღებს ქმედით მონაწილეობას.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს  მოსაზრებები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და აღნიშნა, რომ ჩვენ არ გვინდა განსაკუთრებული პიარი, მაგრამ კომიტეტის ყველა აქტივობა უნდა აისახოს ჩვენს ვებგვერდზე, რომელსაც ამისთვის გააჩნია სპეციალური ფანჯარა, სადაც კომიტეტების მიერ გაწეული სამუშაოსთან ერთად სამომავლო გეგმებიც უნდა იყოს ასახული, ასევე კომიტეტთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია.

აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ, სხდომამ, რომელიც ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, მუშაობა დაასრულა.












ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions