თამაზ ხუბუა: “წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია“

 

„ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ყველა მონაწილე ქვეყნის სპორტსმენთა დოსიეა გამოქვეყნებული, რუსეთის გუნდის მიერ წარდგენილი ფორმულიარით ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის ტერიტორიად არის აღნიშნული. კონკრეტულად, თავისუფალი სტილით მოჭიდავეების - ბესიკ კუდუხოვისა (ცხინვალის რეგიონი/საქართველო) და დენის ცარგუშის (აფხაზეთი/საქართველო) ბიოგრაფიებში დაბადების ადგილად მითითებულია რუსეთის ფედერაცია.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები მოქმედი სპორტსმენების რუსეთის მოქალაქეებად და თვით აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ ნაწილად მოხსენიება არახალი პოლიტიკური ინსინუაციაა.

 

“მსგავსი ფაქტების ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვებ-გვერდზე განთავსება მიუთითებს, რომ რუსეთის პოლიტიკური და სპორტული ისტებლიშმენტი კვლავ ცინიკურად და ურცხვად განაგრძობს თავისი ექსპანსიონისტური იდეოლოგიის მთელს მსოფლიოში განვრცობას. ასეთი მოსალოდნელი პრეცენდენტების პრევენციისათვის აუცილებელია საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მძაფრი რეაგირება“ - აცხადებს თ. ხუბუა.

 

“დასანანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგებმა მორიგი, წინასწარ დაგეგმილი ”საინფორმაციო ლაფსუსით” საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობა მაინც მოახერხეს, მიუხედავად იმისა ოლიმპიადის ვებ-გვერდზე დადებული მასალა გასწორდება თუ არა“ - განაცხადა თ. ხუბუამ.

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions