გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მომზადებული დოკუმენტური ფილმის პირველი ნაწილის ჩვენება გამართა, კომისიისა და ტელეკომპანია პიკ-ის ერთობლივი ნამუშევარი. ჩვენებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები, ცხინვალის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას თქმით, ფილმში 2014 წელს სოჭში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, 1936 წლის ბერლინის და 1980 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადებს შორის პარალელებია გავლებული. ფილმის სრული ვერსიის პრეზენტაცია დაგეგმილია სექტემბერში. ამ ფილმით დაინტერესებულთ ინტერნეტშიც ექნებათ მისი ნახვის საშუალება.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ აღნიშნა: ”თუ თვალს მივადევნებთ, ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული დღევანდელი ცივილიზაციის ჩათვლით, ოლიმპიადის ჩატარება ყოველთვის იყო გადაჯაჭვული პოლიტიკასთან. სოჭის მიდამოები, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის მიერ გაჟლეტილი ჩერქეზების სამარხს წარმოადგენს, ამის გამო ოლიპიური თამაშების გამართვა ყოვლად მიუღებელია. ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდანაც ამ საკითხისადმი ასეთი ლოიალური დამოკიდებულება გაკვირვებას იწვევს.