დავით გვაძაბია: “სინდისი!.. გტკიოდეთ სინდისი!“

 

 

(მცირედი შეპაექრება - სერგი საჯაიასთან)

 

შუაღამით შპესერის ტყეში შესულმა ფაუსტმა, თავის გარშემო მაგიური წრე შემოხაზა და ჯოჯოხეთის სულებს უხმო.

 

თითქოს, დანტეს ჯოჯოხეთის კარიბჭესთან ვდგავარ. გაოგნებული და შეძრწუნებული ვკითხულობ მასზე გამოყვანილ შავ წარწერას:

 

“თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დაჰკარგეთ ყველამ!”

 

ყველაზე დიდი საშინელება, რაც კი შეიძლება ქვეყნიერებაზე არსებობდეს, უიმედობაა. მეც ამგვარ დღეში ვარ და შეძრწუნებული ვეკითხები საკუთარ თავს: კაცია ადამიანი?! პასუხის ძებნაში სულცხონებული მიხეილ კვესელავას სიტყვები მაგონდება:

 

“...ადამიანში ჯერაც არ არის დაძლეული ველური, არც არასდროს დაიძლევა, რადგან ეს ბუნებაა მისი. ყველა ერთნაირია, შესაფერ გარემოში ყველა გამოაჩენს თავის მხეცურ ინსტინქტებს. თავისთავად არც სიკეთე არსებობს და არც ბოროტება, ამას ადამიანები ქმნიან. სიკეთე ფარისევლობაა, ნიღაბი; ბოროტება – არსი! ამიტომ:

 

-           ყველა ბოროტია!

-           ყველა დამნაშავეა!

-           ყველა ცოდვილია!

-           ყველა აგებს პასუხს!

-           ყველა უნდა დაისაჯოს!..”

 

(ას ერგასის დღე)

 

ასე იზრდება გოლგოთის სიმაღლე, ჯვარცმულთა და ჯვარსაცმელთა რიგები! ცოდვილ მიწაზე ისადგურებს ვალპურგის ღამე. კეთილ სულებს გრდემლსა და უროს შორის უჩენენ  ადგილს, სცილასა და ქარიბდას შორის მიერეკებიან! გამოუხმიათ სულნი ჯოჯოხეთისანი!..

 

მშიერი მგელივით დაძრწის სიცრუე და ორპირობა, ვნებულია სულიც და ხორციც! სიმართლე ტყუილს ჰგავს და ტყუილი – სიმართლეს!

 

“როცა სიმართლე ტყუილს ჰგავს, ნუ მოყვები”-ო. - ასე გვმოძღვრავდნენ ჩვენი ბრძენი წინაპრები, გვასწავლიდა ჩვენი ბრძენი ხალხი, თუმცა ეს სიბრძნე, სათაელის გასახარად, პირწმიდად გადავივიწყეთ. მეტიც! – უფრო შორს და ღრმადაც შევტოპეთ: სიცრუეს ვროშავთ, რომელშიც სიმართლის ნამცვრევიც არ ღვივის; დახლებზე სიცრუე გამოვფინეთ და ჭეშმარიტებად ვასაღებთ. თვალებში ქარშესხმული და ნაცარწაყრილი მყიდველნი კი რიგებად ჩამომდგარან. ყაირათიან გამყიდველებს უთაბაუთო მყიდველები გამოუხლართავთ. აღვივებულ ალიშ-ველიშში ფასი დასდებია ნარიოშალს, იალდუზად ასაღებენ რვალს, ალმასად - უბრალო შუშას!..

 

არ მინდა ზოგიერთივით მეც უკიდურესობათა კაცი ვიყო, რამეთუ ამგვარი კაცი ვერასოდეს იპოვნის ჭეშმარიტებას და სიმართლეს. ზომიერებას ვირჩევ, ფიბონაჩის ოქროს კვეთს, მით უფრო მაშინ, როცა ვინმეა განსასჯელი და განსაკითხი. არ ვარ მკრეხელი და არც ღმერთკაცობაზე ვდებ თავს, თუმცა ქრისტესმიერი გზით ვაპირებ სიარულს, მაცხოვრისეული მცნებით და მორალით ცხოვრებას – მივუტევებ ცოდვილს! დიახ, მივუტევებ, მაგრამ გაჩუმებას არ ვაპირებ. ახლა სიჩუმე და წაყრუება ბოროტებისა და ღალატის ტოლფასია. ერთს კი გულწრფელად, კაცურად გპირდებით, ვიტყვი სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და თქვენსავით, ბ-ნო სერგი, ტალახით გუნდაობას არ დავიწყებ. იმასაც გეტყვით, რომ ჩემს სიმართლეს ბოღმა და შურისძიება კი არ ედება სარჩულ-საპირედ, არამედ გულწრფელი სინანული მრუდე გზაზე დამდგარ მოყვასისადმი.

 

ისე არ დავმდაბლდები და დავხურდავდები ბ-ნი სერგის დაბალი ფასეულობებით განპირობებულ ცდუნებებზე ვისაუბრო, იმაზე, რა მატერიალურ-ფინანსური დანაშაული მიუძღვის მას ქვეყნისა და ერის წინაშე. ამის შესახებ კომპეტენტურმა ორგანოებმა იზრუნონ. მაღალი ტაძრის მსახურმა დაბალი ტაძრის მონა-ყმა შანდლის ქურდობისათვის კი არ უნდა საჯოს, არამედ ელაპარაკოს ქურდობაზე და ავხელობაზე, როგორც სულიერი დეგრადირების გამოვლენაზე. რადგან ბ-ნი სერგი განათლებულობაზე დებს თავს, მით უფრო უპრიანი იქნება მასთან მორალის ფილოსოფიაზე, მის ესთეტიკასა და ეთიკაზე ვესაუბრო, თუმცა აღარც ეს ღირს, რადგან დახვეწილი ნიღბითა და მახვილი ჭკუა-გონებით ბ-ნი სერგი უფრო შორს წავიდა, საგზლად კი, ამ შორეულ და ცოდვილ გზაზე, ორპირობის ბოხჩა გამოიკრა და სიცრუის გუდა აიკიდა ზურგზე. აი, ეს უკვე ქურდობაზე გაცილებით მეტი სიმახინჯე და დანაშაულია.

 

ნათქვამია, სადაც კანონი არ სჯის, სინდისი უნდა სჯიდესო. დაე, სინდისი იყოს ჩვენი განმსჯელი, თუმცა... ვაი, რომ ჩვენთაგან უმრავლესს არც აწუხებს სინდისის ტკივილი. არადა, სინდისი ერთადერთი რამ არის ადამიანში, რომლის სალმობაც მისსავე სიჯანსაღეზე რომ მიგვითითებს. ეს გულის და გონების დაფაზე უპირველეს უნდა ეწეროს ყოველ ჩვენგანს და, თუკი ვინმეს ჯანსაღი, ე.ი. ტკივილიანი სინდისი არა აქვს, იგი სინდისიერ კაცს სიკვდილსაც ქრთამად მიუთვლის.

 

სინდისი!.. გტკიოდეთ სინდისი და მაშინ მიხვდებით, რომ “სიცრუე და ორპირობა ავნებს სულსა მერმე ხორცსა”;  სიცრუეს ფილოსოფიურ ჭრილში თუ გავხედავთ, გონიერი კაცი შეამჩნევს, რომ სიცრუესაც ჰქონია კატეგორიები. მაგალითად:

 

სიბრძნე სიცრუისა (სულხან-საბას მიხედვით). რას ნიშნავს ეს? ეს ასე უნდა გაიშიფროს, ჩემო ძვირფასებო: სიცრუე მანამ რჩება სიცრუედ, ვიდრე გაცნობიერდებოდეს, გაცნობიერებისთანავე სიბრძნედ იქცევა იგი;

 

სიკეთე, სიცრუისა ამის ასახსნელად ერთ პატარა ლეგენდას მოგიყვებით, ჩემო ბ-ნო სერგი.

 

ერთმა ტუსაღმა ბიჭმა არაფერი უწყის თავის საბოლოო განაჩენზე. დედა აიმედებს, ყველაფერი კარგად იქნებაო. და თუ კარგად იქნება ყველაფერი, გზად დაბადრაგებულს რომ ჩამოგატარებენ, თეთრ ბაირაღს გამოგიფენო, თუ სიკვდილის განაჩენი იქნა – შავსო. ჭაბუკს სიკვდილი მიუსაჯეს. დასასჯელად მიმავალმა შორიდან გამოხედა დედას. დედამ მის სასოწარკვეთილ, მაგრამ, სადღაც სასოებაგამკრთალ მზერას ვეღარ გაუძლო და შავის ნაცვლად თეთრი ალამი აუფრიალა. ამ ტყუილით დაიმედებული ბიჭი მშვიდად მივიდა სიკვდილთან.

 

თუკი უფრო ჩავუღრმავდებით სიცრუის ბუნებას, საოცარ კონფორმატივს მივიღებთ, რაც მეცნიერებაში ცნობილია როგორც სიცრუის სემანტიკური პარადოქსი.

 

ბ-ნო სერგი, სრულიად დაიმედებული ვარ თქვენს ერუდიციაში, მაგრამ ხომ არიან თქვენზე უფრო “მცირედი” ცოდნის ადამიანები? ჰოდა, მათ გასაცნობიერებლად ვაპირებ ამ. ე.წ. სიცრუის სემანტიკური პარადოქსის “დეშიფრირებას”. ამისათვის ერთ კინიკურ გამონათქვამს (აპორიას) მოვიყვან: “კრეტელი ამბობს: ყველა კრეტელი ტყუის!”-ო.

 

თუ ყველა კრეტელი ტყუის, მაშინ, ლოგიკურია, ეს კრეტელიც ტყუის; და, თუ ეს კრეტელი ტყუის, მაშინ ყველა კრეტელი სიმართლეს ღაღადებს.

 

როგორ მოვიქცეთ? რომელი ვარიანტი მივიღოთ ამ “ძაღლური” მჭევრმეტყველებისა? პასუხი ერთია: ეს პარადოქსია!

 

და...

 

თქვენც, ბატონო სერგი, მტკნარი პარადოქსი ბრძანდებით ადამიანისა და ადამიანურობისა. თუ რატომ, ამას ახლავე დაგისაბუთებთ.

 

თქვენ, ბატონო სერგი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გიმუშავიათ და საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეც. თქვენ ამბობთ, აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოში კორუმპირებულები და მათი ხელშემწყობნი მუშაობენო. თუ ყველა ცოდვილია და სულგაყიდული, მაშინ იმ ყველაში თქვენც ხომ ერიეთ? თუ ცრუობთ, მაშინ დანარჩენები მართალნი ყოფილან! ასეთია ლოგიკა და მას ვერც თქვენ გაექცევით და ვერც ვერავინ. დიდებულად ხსნიან ამ ფაქტს დალოცვილი ასტროფიზიკოსები: ყოველი ობიექტი არსებობს იქ, სადაც მისი არსებობის პირობააო.

 

თქვენ იყავით უმაღლეს საბჭოში! ე.ი. იქ თქვენი ყოფნის პირობები იყო. ამჯერად, ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, წმიდა მამათა სავანე იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თუ ცოდვილთა და დაცემულთა ბუნაგი, მთავარი ის არის, რომ თქვენი არსებობის პირობა იქ რომ აღმოჩნდა. იყავით გულწრფელი, ბატონო სერგი. იქიდან თქვენ თქვენი ნება-სურვილით და განცხადებით არ წამოსულხართ. ეს ფაქტობრივადაც დასტურდება. თქვენ, უბრალოდ, რაღაც პირობამ ამოგაგდოთ იქიდან, მაგრამ არა განსხვავებულობის გამო, არამედ დაპირისპირებულობისა. რამეთუ გონიერი და, ამავე დროს, განათლებული ბრძანდებით, არ დავიწყებ განსხვავებისა და დაპირისპირების ფილოსოფიურ განჩხრეკას. ეს კონკრეტულ საკითხს, სადაო-საჯილდაო ქვას, ჩვენს შორის ჩამოვარდნილს, ძალზე დაგვაშორებს. ერთს ვიტყვი მხოლოდ: განსხვავებულობა წინსვლის, განვითარების, ევოლუციის მიზეზ-პირობაა. დაპირისპირებულობა კი რევოლუციაა, ნგრევაა, სიკვდილია. ევოლუცია კეთილგონიერებაზე დგას, რევოლუცია – ნგრევასა და დასჯაზე. გახსოვდეთ: ყველას ჯალათი, საბოლოოდ, საკუთარი თავის ჯალათად იქცევა. ნუ იქცევით ბატონო სერგი, საკუთარი თავის ჯალათად. იყავით გონიერი!

 

ნათქვამია, ცოდვა ქვაზე იწერება, მადლი – ქვიშაზეო. სამწუხაროდ, ასეა: მადლის ხსოვნა ადონისის ბაღებს ჰგავს – წამიერ იფეთქებენ და წამიერ იფერფლებიან. ცოდვის ხსოვნა კი გაცილებით მედეგია, მკვიდრია და ჟამიერი. გაფრთხილდით, ცილისწამება უდიდესი ცოდვაა ცოდვათაგან, იგი ძნელად ავიწყდება ადამიანურ მეხსიერებას. განუსჯელად ნუ გაისვრით სხვათა ჩასაქოლ ქვას. დადგება ჟამი და ეს ქვა წინ დაგიხვდებათ, რომელსაც აუცილებლად წაატეხთ კისერს, უკეთეს შემთხვევაში, ცხვირს მაინც...

 

უფალმა ადამიანებს სულში ჩახედა. საუბედუროდ, იქ თავისი თავი ვეღარ დაინახა. მაშინ მიხვდა, მასაც რომ ჰქონია ჯოჯოხეთი. ეს ჯოჯოხეთი, სწორედ, ამგვარი დაცემული ადამიანები ყოფილან. ამგვარმა ადამიანებმა დათხარეს თვალები იმათ, რომელთაც ჯერ კიდევ შეეძლოთ საკუთარ არსში ჩაბუდებული ღმერთის დანახვა.

 

თქვენ, ჩემო ბატონო, სერგი, შეხმობით ტირით და გოდებთ იმას, რაც მომხდარა ან სულაც არ მომხდარა, მე კი იმაზე ვგლოვობ, ვაი, თუ მომრავლდნენ შურისმაძიებელნი, რომელთა გზება და აღტკინება ცილ-წილთახით აზევებულა. თქვენი ცხოვრება და მიზანი, ბატონო ჩემო, სწორედ, რომ ცილ-წილთახობაზეა აგებული. გულწრფელი სინანულით მინდა მოგახსენოთ – მეცოდებით! თქვენი პერსონა სიზიფეს მაგონებს, ოღონდ იმ განსხვავებით, შენი არსებობის გოლგოთაზე საკუთარი ავადმყოფური ეჭვებით გამოქნილი ავკაცობის მძიმე ლოდს რომ ეჯაჯგურებით მიწყივ, დაუსრულებლივ, მუხლჩაუხრელად. ავკაცთაგან, ავკაცობის ჩამორეცხვის შემდეგ, მხოლოდ სიცარიელე რჩება და არაფერია ამ სიცარიელეზე უფრო საშინელი და შემაძრწუნებელი.

 

კეთილი ნებით მსურს შეგაგონოთ: შესაძლოა ბევრ ადამიანს აუცდეს ფეხი, მაგრამ არ შეიძლება დაცემულთა მიმართ ჩასაფრებულები ვიყოთ. მწერალი ვარო, გაიძახით, ჰოდა, თქვენი დიდი კოლეგის, ნობელის პრემიის ლაურეატის, მარკესის სიტყვები მინდა შეგახსენოთ: წაქცეულ ადამიანს მხოლოდ ერთი სურვილით უნდა წაადგე თავს – ხელი რომ გაუწვდინო წამოსადგომად და არა ჩასაწიხლად.

 

ყოველი კაცის ბიოგრაფია საფლავზე აღმართულ ქვაზე ამოკვეთილი ეპიტაფიაა. ისე უნდა გალიოს მიწიური გზა კაცმა, რომ ვიღაც უცნობმა ოსტატმა საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა არ ამოკვეთოს: ამ ლოდს ქვეშ უსინდისობა განისვენებსო.

 

თქვენ იმ კოლექტივს უკიჟინებთ კორუმპირებულობას, რომელშიც დასაბრუნებლად თავს იკლავთ. ამას ჰქვია, სწორედ, “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”-ო.

 

დიდი გერმანელი ფილოსოფოსი, კანტი ამბობდა: “ორი რამ ავსებს სულს მუდამ ახალი, მუდამ უფრო ძლიერი გაოცებითა და მოკრძალებით... ვარსკვლავიანი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში (წმინდა გონების კრიტიკა); კეთილმოსურნე ადამიანი თავისუფალია, “უარი თქვას ცოდვის კანონის მონობაზე, რათა სიმართლისათვის იცოცხლოს” (რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში).

 

ბ-ნო სერგი, კვანტის გამოდებას იქნებ სჯობდეს კანტის წაკითხვა?!

 

ღმერთმანი, სულაც არ ვაპირებდი თქვენთან დავას. შიშის გამო კი არა, მხოლოდ ერთი სიბრძნის გამო. “უბედურებაა ედავო ხეპრე რეგვენს და ორჯერ უბედურება შეედავო ჭირვეულ ბრძენს”.

 

ბრძენისა რა მოგახსენოთ, ჩემო ბატონო, მაგრამ თქვენი ერუდიციის კაცი კი უნდა ჩაწვდეს ამ სენტენციის სიღრმეს. დიახ, მავანთა და მავანთა მსგავსად ზერექვერე ნაკითხი არ უნდა ბრძანდებოდეთ, კაცობრიობის წიგნთა წიგნშიც - ბიბლიაშიც კარგად ჩაგიხედავთ და ბლომადაც ციტირებთ იქედან, მაგრამ რატომღაც ისეთი აზრი მებადება, რომ ან მთლად კარგად არ წაგიკითხავთ ეს დიდებული წიგნი, ანდა მხოლოდ ის იგავები მოგყავთ, რომელიც თქვენ გაწყობთ, თორემ უეჭველად გეცოდინებოდათ მომაკვდინებელ ცოდვათა შესახებ; რომ დიდი ცოდვაა:

 

_ უსინდისობა

_ უნამუსობა

_ უსამართლობა

_ ურწმუნობა

_ უზნეობა

_ უზრდელობა

_ უკეთურობა

_ უკმეხობა

_ უნდობლობა

_ უტიფრობა

_ ურიდალობა

_ უნაშურობა

_ უპირისწყლობა

_ უსვიანობა

_ უმადურობა

_ ...............

 

ღმერთო რა მდიდარია ქართული სინონიმიკა, თუმცა რა დროის სინონიმიკაზეა საუბარი?! მივუბრუნდეთ ცოდვას და ცოდვილიანობას. გაიხსენეთ, რა რისხვა და სასჯელი დაატეხა უფალმა სოდომ_გომორულ ცოდვათა გამო ებრაელთა ხუთ ქალაქს! ცოდვა ავის ქმნააო, - გვიხსნის ევანგელისტი მათე (12:31) და მოციქული პავლე (მეორე კორინთ., 5:21); ლუკა კი ცოდვილს ასე განმარტავს: ცოდვის მოქმედი...

 

“ცოდვილი ეწოდების ქრისტიანესა შემცოდესა; ხოლო უშჯულო წარმართთა და ქრისტეს ურწმუნოთა, რომელთა არა იციან ცოდვა თუ რაი არს (სულხან-საბა). ცოდვათაგან ერთ-ერთ კატეგორიად დიდი ლექსიკოგრაფი (სულხან-საბა) გამოჰყოფს “ცოდვას ჩვეულებითს” და ასე განმარტავს: “შეჩვეული და მრავალგზის ნაქმნარი.” ეს კი ზედგამოჭრილია თქვენი ბუნებისთვის. ეს თქვენი ბიოგრაფიის ფუძე – საძირკველია, ქვაკუთხედია, ლიბო და დედაბოძია! თქვენ კი, სერგი ბატონო (და მრავალმა სხვამაც!), კარგად უწყით ჩემი ბიოგრაფია. შორს რომ არ წავიდე, ჩემი უახლოესი წინაპარი – ჩემი ბაბუა და ბაბუის მამაც ღვთისმოსავნი და ღვთისმსახურნი, მღვდლები იყვნენ. ასე, რომ ბიბლიას, რომელიც (ალბათ!) წაგიკითხავთ, მაგრამ მის სიბრძნეს ნამდვილად ვერ ზიარებიხართ, მე სიყრმიდან მაკითხებდნენ და მაზიარებდნენ. დღესაც ისაა ჩემი დედობურჯი, დღესაც მის სიღრმეებში მაქვს ფესვი გადგმული. თქვენ კი არც მამა ღმერთის გწამთ, არც ძე ღმერთის, არც სულწმიდისა... და ვისაც არა სწამს წმიდა სამება, მისი სიცოცხლე არის წამება.

 

თქვე კაი ადამიანო, ვიდრე კალამს აიღებდით ბოღმის, ბალღამისა და თხრამლის გადმოსანთხევად, ვიდრე მოყვასის, ახლობლის, ძმის საჩივლელად აგორას მიაშურებდით, წამით მაინც დაფიქრებულიყავით და ჯერ თვით ამ მოყვასთან და ძმასთან შეგევლოთ? ჯერ მასთან გაგერკვიათ საქმის ვითარება და მერე დაგეგუგუნებინათ ეს ოხერი იერიქონის საყვირები? განა ასე არ გვმოძღვრავს ბიბლია? მით უფრო, როცა ჩემზე ან სხვებზე წილთახს მოჩმახავდით, ვიდრე ჭორს მოაპოტიკებდით, ვიდრე ნაცილს გამოუგდებდით, ჯერ გამოწვლილვით ხომ უნდა განგეჩხრიკათ კაცის ბრალეულობა? მით უფრო, როცა ბრალდებას თურმეობითი ფორმით მიყენებთ?! - იმან ასე თქვაო, ამან ასეო. ვიღაცის მონაჩმახზე აყოლილი კაცი, რომელიც მაღალ მატერიებსა და იდეალებზე იჭყლეტს გონებას, უბრალოდ, ჭორხაბარაა და მეტი არაფერი. არა, არ გეუბნებით ურწმუნო თომა იყავით-თქო, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, სანამ შენი ყურით არ გაიგონო და შენი თვალით არ ნახო სხვისი არ დაიჯეროთო? ვინც სიცრუეს იწამებს და სიმართლედ მიიღებს, ისიც ცრუ და უსამართლო ხდება. ბიბლიაში ასე “ღრმად” ჩახედულ კაცს, ნუთუ, წამითაც არ მოგაგონდათ ათი მცნების ის პუნქტები, რომელიც გვიკრძალავს უდიდესი, მომაკვდინებელი ცოდვების ჩადენას? თქვენ ან არ იცით ან საგანგებოდ ივიწყებთ მას, რომ ტყუილზე არ უნდა დაიფიცოთ, რომ მოყვასს ცილი კი არ უნდა დასწამოთ, არამედ უნდა გიყვარდეთ იგი. სიყვარულს ყოფნის მამაცობა, სიკვდილს გაეთამაშოს, რადგან არ ეშინია დამარცხების. თქვენ, სწორედ, ეს სიყვარული არ გაგაჩნიათ. უსიყვარულო კაცი გულბოროტი ხდება. გულბოროტ კაცში კი იოლად ისადგურებს ბელზებელი და ბოროტეული სული. ამგვარ კაცს პირისწყალი ემღვრევა, ნამუსი უხუნდება და, თუ ოდნავ მაინც იგრძნობს სინდისის ტკივილს, მზადმყოფია მისი სრული ანესთეზირებისათვის. ეს წინასწარ განგულვებული, განზრახული ბოროტებაა, სიავეზე გამიზნული ქმედება. იქნება, თქვენს მაღალკეთილშობილებას, ერუდირებულ პერსონად რომ მოაქვს თავი, ენებებინა და ცალი თვალით მაინც ჩაეხედა ბოროტების ეთიკასა და ესთეტიკაში? მაშინ კი მიხვდებოდა, მთელი მისი “დახვეწილი”  სიცრუე და ბოროტება, მდაბალი სულის მონაფიქრი რომ ყოფილა დაბალ ტაძარში და მორალურ ფასეულობათა შორის კიტრის ფასადაც აღარ ღირებულა!..

 

ფარვანები სინათლეს ელტვიან, მაგრამ იღუპებიან და სინათლის წყვდიადში ინთქმებიან. არ დავიწყებ ახლა იმის ფილოსოფიურ განსჯას, ცნობიერია თუ გაუცნობიერებელი მათი ლტოლვა ფატალური დასასრულისკენ. ერთს კი მოგახსენებთ, ბატონო სერგი! ადამიანი კი უნდა განირჩეოდეს ფარვანისგან და სინათლის ფასად სრულიად შერაცხადი და ცნობიერი შეხვდეს სიკვდილს. თქვენ კი უზნეობის, ბოროტების, სიავის უფსკრულისკენ და თვალუდგამ წყვდიადისკენ მიექანებით.

 

ყველაფერში ნუ ეძებთ ცუდს, სხვის თვალში ბეწვს, როცა საკუთარში დირე გაქვთ გაჩრილი. ეძებეთ. კარგი და კეთილი. იგი აუცილებლად აღმოჩნდება იქ, სადაც არ ელით. დაშალეთ ქუხილის ხმა ბგერებად და იავნანას მიიღებთო, გამიგონია, მაგრამ ეს რომ გააკეთოთ, სერგი კი არა, შილერი უნდა იყოთ; მიქელანჯელო უნდა იყოთ უხეში და გაუთლელი ლოდის წიაღიდან ღმერთის ხმა რომ გაიგონოთ...

 

შეხედეთ ცხოვრებას! გარდასულა ჟამი ქვათა შეკრებისა და ქვათა სროლისა. ადამიანები ახალი ცისა და ახალი მიწისთვის, სულიერების სამყაროში შესასვლელად ემზადებიან. იქ შესასვლელი პაროლი კი სიყვარულია...

 

...დანტემ ხეს უნებლიედ მოტეხა ტოტი. ხე სიმწრისგან დაიგრიხა და იკივლა:

 

-           რისთვის მომტეხე, ნუთუ მცირეოდენი სასოებაც არ გაგაჩნია?

 

დანტე ამ უნებურმა ქმედებამ შეაძრწუნა – არ იცოდა ცოცხალ არსებას თუ შეახო ხელი...

 

თქვენ, ალბათ, არც ვერგილიუსის პოემა გახსენდებათ, კერძოდ, ის ეპიზოდი, ტროას დაქცევის შემდეგ ენეასმა თრაკიაში, საკურთხევლის შესამკობად ხეს რომ ტოტი შეატეხა. მხოლოდ ამის შემდეგ  მიხვდა,  ის ხე პოლიდორესის სული რომ ყოფილა.

 

ვაი, რომ ამ ტკივილების თქვენც რომ არაფერი გესმით!..

 

რილკეს უთქვამს: “ყველამ ვიცით, რომ უნდა მოვკვდეთ, მაგრამ არავინ ვცდილობთ გავილამაზოთ ჩვენი სიკვდილი.”

 

ეცადეთ მაინც, არ დარჩეთ აბადონთან – უფსკრულისა და სიბნელის ანგელოზთან!

 

შეიგნეთ! თემიდა არასოდეს აღმართავს ნემეზიდას მახვილს!..

 

უფალო, გვიხსენ ბოროტთაგან!..

 

 

პატივისცემით და სინანულით

დავით გვაძაბია




ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions