გასულ კვირას, პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა ბატონმა კახა კუკავამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საჭიროა ვიფიქროთ ქართველებისა და აფხაზების მიერ ერთიანი სახელმწიფოს ხელახლა შექმნაზე. ამისათვის კი აუცილებელია დროებით დავივიწყოთ ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთის სტატუსზე მსჯელობა, ამ ეტაპზე ორიენტაცია ავიღოთ ე.წ. ტაივანის მოდელზე და ა.შ.
კ.კუკავას განცხადებას გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებული ტერიტორიის ”დროებით დავიწყების” ტერმინის თუნდაც სადისკუსიოდ ხმარების გამო. “მე გაგებით ვეკიდები აფხაზეთის პრობლემის გაშემო შექმნილ ურთულეს პოლიტიკურ სიტუაციას, შემიძლია დავეთანხმო კიდევაც ბატონ კ.კუკავას მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეების სტატუსისა და პროცესის წარმოების ცალკეული ტაქტიკური მახასიათებლების შესახებ, მაგრამ უკიდურესად მაფრთხობს ოკუპირებული ტერიტორიის ”დროებით დავიწყების” ტერმინის თუნდაც სადისკუსიოდ ხმარება. თუ მხედველობაში მივიღებთ 1993 წლის შემდგომ პერიოდში კონფლიქტის მოწესრიგებისათვის წარმოებული პოლიტიკური პროცესის ეფექტიანობას, მასში ჩართული ადგილობრივი თუ საერთაშორისო მონაწილეების მზაობას და, მე ვიტყოდი, პოლიტიკურ გამბედაობას რაიმე სახის შედეგის მისაღწევად, ნათელია, რომ ეს ტერიტორია კარგა ხანია ისედაც ”დავიწყებული” გვაქვს. ჩემთვის ძალიან ძნელია რაიმე რეცეპტის შეთავაზება, მაგრამ ნებისმიერი ცალმხრივი, თვითგვემის ნიშნის მატარებელი შეთავაზება აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციისა და კონფლიქტით დაინტერესებული ნებისმიერი გარეშე ძალისათვის, არასდროს იქნება პროდუქტიული. გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ სოხუმისა და თბილისის ძალისხმევაშია“ - აცხადებს თ. ხუბუა.