სააგენტო „ჯი–ეიჩ–ენისათვის“ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა.
„მიმაჩნია თვითკმაყოფილების აგრერიგად გამოხატვა იმის გამო, რომ გაგრის სტადიონზე ქართველების თავებით ფეხბურთის თამაშის ფაქტი ვერ დასტურდება, ვერანაირად ვერ უხსნის უდიდეს დანაშაულებრივ და ზნეობრივ პასუხისმგებლობას აფხაზ სეპარატისტებსა და გარეშე შეიარაღებულ ბანდფორმირებებს, მათ ყველასათვის უკვე ცნობილ წამქეზებლებს. დავუშვათ აღნიშნულ ფაქტს მართლაც არ ჰქონია ადგილი, განა მასზე უფრო საზარელი და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები არ მომხდარა ქართველი ეროვნების მოსახლეობის წინააღმდეგ აფხაზეთში კონფლიქტისა და პოსტკონფლიქტურ პერიოდში? აფხაზეთში, და კერძოდ ამ შემთხვევაში გაგრაში, ქართველთა გენოციდი მრავალი დოკუმენტალური მასალით დასტურდება, ხოლო სტადიონის ფაქტი ერთ–ერთი მრავალთაგანია ამ დანაშაულებათა ნუსხაში და ჩვენთვის რატომ ხდება აქტუალური მაინცდამაინც მისი რეალურობის დადგენა – დამტკიცება?! აფხაზეთი და იქ განადგურებული ქართველები მძიმე და უაღრესად სათუთი თემაა და ყველას მართებს მასზე მაქსიმალურად ადეკვატური რეაგირება“ - აცხადებს თ. ხუბუა.