ამასწინათ გაზეთი “Neue Zürcher Zeitung“ გამოქვეყნდა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის, კავკასიის საკითხებზე ექსპერტის ვიოლა ფონ კრამონის სტატია „მორიგი რევოლუცია საქართველოში“, რომელშიც დეპუტატი მხარს უჭერს საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკების ჩართვას პროგრამაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ და ამ მიმართულებით ევროკავშირს დაუყოვნებლივი გადაწყვეტილების მიღებისაკენ მოუწოდებს. ამჟამად ვ.კრამონი საქართველოში იმყოფება და გეგმავს აფხაზეთში ჩასვლას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ:
“მართალი გითხრათ, უკვე მოგვწყინდა ადეკვატური რეაგირება ქვეყნის გარედან ცალკეული ექსპერტების, პოლიტიკოსების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ „ჭკუის სწავლებებზე“. საინტერესოა რა სტატუსით რთავს პროგრამაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ქალბატონი კრამონი აფხაზეთის რესპუბლიკას?! გერმანიის სახელმწიფოს მკაფიო პოლიტიკა - საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკაა. დავიჯერო, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ზესახელმწიფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები ალთა-ბალთას არიან ამ საკითხთან მიმართებაში. არადა ისიც ხომ გვახსოვს თუ როგორ „უგორებდა კოჭს“ რუსეთის ნეოიმპერიულ ზრახვებს ზოგიერთი გერმანელი წარმოჩენილი პოლიტიკოსი. არ მინდა ვიფიქრო, რომ ისტორია მეორდება, თუმცაღა მაკვირვებს, მეტი თუ არა, ქალბატონ კრამონის ასეთი არამკითხე თავგამოდება“.