საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქი ილია II აფხაზეთში აპირებს ჩასვლას და აფხაზური ეკლესიის წინამძღოლის იქაური მრევლისათვის წარდგენას. ცნობილია აფხაზეთში ქართული ეკლესიის იურისდიქციასთან მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსული ეკლესიის დამოკიდებულება - ისინი აღიარებენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას.
საქართველოს პატრიარქის შესაძლო ვიზიტს ეხმაურება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თ.ხუბუა:
„მივესალმები მისი უწმინდესობის სურვილს ჩავიდეს აფხაზეთში, შეხვდეს იქაურ მრევლს და წარადგინოს იქ ქართული ეკლესიის მიერ კურთხევამიღებული წინამძღოლი. ქვეყნის სულიერი წინამძღოლი, როგორც წესი, ყოველთვის ბრძნულ, მშვიდობიანი და სამართლიანი პერსპექტივისათვის გათვლილ ნაბიჯებს დგამს. დარწმუნებული ვარ ეს ვიზიტი იქნება გარდამტეხი თუ არა, მძლავრი ფსიქოლოგიური ბიძგი აფხაზეთის პრობლემატიკის სამართლიანი მოწესრიგების ურთულეს პოლიტიკურ პროცესში. ამის ფონზე მაკვირვებს აქა-იქ გაჟღერებული მოსაზრება, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ამ ვიზიტის რეალიზაციაში. ჯერ ერთი, სახელმწიფო ისედაც არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში, მაგრამ რატომ არ უნდა შეუწყოს ხელი ხელისუფლებამ, საზოგადოებამ, საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის მომზადებასა და ჩატარებას?! დასანანია, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ სახელმწიფო მოხელე თავს ვალდებულად თვლის ყველა საკითხზე თავისი უალტერნატივო მოსაზრება ჰქონდეს. ამ შემთხვევაში მსგავსი კომენტარები უადგილო და არაკორექტულიცაა”.