აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კოალიცია - „ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო“-ს განცხადება

 

2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქვეყანაში სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა. გადამწყვეტ ფაზაში შედის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ ხალხის დაკვეთით დაწყებული სამართლიანობის აღდგენის რთული, მრავალწახნაგოვანი პროცესი; მიმდინარეობს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ჭეშმარიტი დემოკრატიზაცია, ელიტარული კორუფციის აღმოფხვრა; დინამიურად ვითარდება ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა; ხორციელდება რეფორმები სხვადასხვა სფეროში; მიმდინარე წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით შეიცვლება სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რაც სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლების დაბალანსებას და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს გამოიწვევს.

 

იმისათვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო პროცესები არ შეფერხდეს, რომ იგი  გახდეს შეუქცევადი, საჭიროა საზოგადოებაში არსებული ყველა ჯანსაღი ძალის კონსოლიდაცია, მეტი აქტიურობა, თანამედროვეობის ადექვატური ახალი იდეების გენერირება და ხორცშესხმა. საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ და სხვა ამოცანების განხორციელებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია აფხაზეთის ლეგიტიმური სახელისუფლებო სტრუქტურების როლისა და ადგილის განსაზღვრა, მათი პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების გაფართოება, აქტიური ჩართვა კონფლიქტის დარეგულირებაში, არაღიარების პოლიტიკის მეტი წარმატების უზრუნველყოფაში, დევნილი მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სოციალური თუ პოლიტიკური უფლებების დაცვაში.

 

საქართველოში არსებული ახალი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, მისგან გამომდინარე კონკრეტული ამოცანებისა და პრობლემების ეფექტურად დაძლევის მიზნით ჩვენ, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მოქმედი ფრაქციები “დემოკრატიული რეფორმებისათვის“, “ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა“,

 

„ერთიანი საქართველო“, რომლებიც დეპუტატთა საერთო რაოდენობის ორ მესამედზე მეტს აერთიანებენ, შევთანხმდით დავაფუძნოთ კოალიცია „ქართული ოცნება - ერთიანი საქართველო“.

 

ახლადდაფუძნებული კოალიცია და მასში შემავალი ფრაქციები ღიაა მის მიღმა დარჩენილი უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებისთვისაც.

 

კოალიციისა და ფრაქცია

„ერთიანი საქართველო“-ს თავმჯდომარე                                                  რაისა ქარაია

 

ფრაქციის „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა“-ს

თავმჯდომარე                                                                                        რუდიკ ცატავა

 

ფრაქციის „დემოკრატიული რეფორმებისათვის“

თავმჯდომარე                                                                                        თეიმურაზ მჟავია

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions