ამ დღეებში სააგენტომ “FrontNews.Ge”-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის მინისტრი ნატო შეროზია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ელგუჯა გვაზავას საყვედურობს არაკომპეტენტურობაში დადანაშაულების გამო და განმარტავს, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახლადშექმნილ ფრაქციას ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარის მ. კვარაცხელიას წერილობითი თხოვნის საფუძველზე, აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს კეთილი ნებიდან (?!) გამომდინარე, გადაეცა აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის განკუთვნილი ფართი.
პუბლიკაციაში მოყვანილი ქალბატონი მინისტრის განცხადებები და ცალკეული პასაჟები ცალსახად მიუთითებს მის ერთადერთ დანიშნულებაზე - ”ამხილოს” ბატონი ე. გვაზავა იმაში, რომ თითქოსდა ის ეწინააღმდეგება ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”-ს შექმნას.
საერთოდ, საკითხავია, ვინ დააჯერა ქ-ნი შეროზია, რომ უმაღლეს საბჭოში ვინმე უკმაყოფილოა ახალი ფრაქციის შექმნით? ეს სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. თუნდაც იმიტომ, რომ არსებული რეგლამენტით ფრაქციის შექმნის უფლება აქვს დეპუტატების ნებისმიერ ხუთ ან მეტკაციან ჯგუფს და მას ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება. ოღონდ ეს უნდა გაკეთდეს შესაბამისი პროცედურის გავლით, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმზე დამტკიცებით და იურიდიული სტატუსის მინიჭებით.
რაც შეეხება ქ-ნ შეროზიას ბრალდებას, თითქოსდა ბ-ნმა ე.გვაზავამ, სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ”ეკონომიკის სამინისტროში უცოდინრები მუშაობენ”, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მინისტრის ფანტაზიის ნაყოფი და იმ ფრაზის თვდაყირა ინტერპრეტაცია, სადაც ითქვა, რომ ”ოთახების განკარგვის უფლება აქვს მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელობას და არა ცალკეულ ფრაქციას. ჩვენ ვიცით, რომელ ფრაქციას რომელი ოთახი მივცეთ... ეს არის უცოდინრობის მაღალი დონე. თუმცა, მათ ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ გარკვეული პროვოკაციისთვის სჭირდებოდათ”. ამ სიტყვების ადრესატი ეკონომიკის სამინისტრო სულაც არ არის. როგორც იტყვიან, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა....
ქალბატონი მინისტრის და მათი თანამოზრეებს უსაფუძვლო ეჭვების გასაქარწყლებლად იმასაც ვაცნობებთ, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არსებული სამივე ფრაქცია (”ერთიანი საქართველო”, ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” და ”დემოკრატიული რეფორმებისთვის”) გაერთიანებულია კოალიციაში ”ქართული ოცნება - ერთიანი საქართველო”.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი