„აფხაზეთი - კომფორტული კონფლიქტური ზონა“, - ამ სათაურით აქვეყნებს “The National Interest“ „კარნეგის ცენტრის“ ექსპერტის, კავკასიის მკვლევარის თომას დე ვაალის სტატიას აფხაზეთზე.
სტატიას ეხაურება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თვამჯდომარის მოადგილე თ.ხუბუა.
„სტატიის ავტორს მასში უხვად აქვს მოტანილი ისეთი შეფასებები, როგორიცაა – „მოწესრიგებულობის შეგრძნება...“, „რუსი ტურისტები გაზაფხულის მშვენიერი ამინდით ტკბებიან...“, „რუსული კონტროლი აფხაზეთის ტერიტორიაზე მსუბუქია...“ და ა.შ. არაფერს ვამბობ აფხაზეთის პრობლემატიკის მოწესრიგების პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან გარღვევად ენგურზე ორი ახალი დამატებითი გამშვები პუნქტის გახსნას და ამ პროცესის უალტერნატივო ხელშეწყობად რუსეთ - საქართველო - სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალის აფხაზეთის ნაწილის უპირობო ამოქმედების მიჩნევაზე.
ამ, უკაცრავად პასუხია, კავკასიის მკვლევარის „კვლევები“ ჩემში და ათიათასობით აფხაზეთიდან დევნილ, აგრეთვე სრულიად საქართველოს მოქალაქეებში სრულ უნდობლობას იწვევენ. ადამიანს როცა 80% მკვიდრი მოსახლეობისაგან დაცარიელებული კონფლიქტური ზონა „მოწესრიგებულად“ ეჩვენება, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩათვლი ჯერ ერთი, მიუკერძოებელ ექსპერტად და, რაც მთავარია, გიჩნდება უაღრესად საფუძვლიანი ეჭვი რუსეთის სასარგებლოდ მის პოლიტიკურ ანგაჟირებულობაში.
მადლობა ღმერთს აფხაზეთის საკითხი თომას დე ვაალისა და მისი მსგავსი პუბლიცისტების გადასაწყვეტი არაა. ამ პრობლემას ადრე თუ გვიან აფხაზი და ქართველი ხალხები გადაწყვეტენ ამ ორი ერის ჭეშმარიტი მეგობრების თანადგომით. ვეჭვობ აღნიშნული სტატიის ავტორს რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო, სეგმენტი დაეთმოს ჩვვნი ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვანი საერთო-სახალხო, პოლიტიკური და თუნდაც ზნეობრივი ნიშნის მატარებელ პროცესებში“.