თამაზ ხუბუა: “...ეთნიკური წმენდა არის გენოციდისა და ფაშიზმის ფორმა!“

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაერომ მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 62-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ადრე მსგავსი რეზოლუციები მრავლად იქნა მიღებული, მათ შორის 1998 და 1999 წლებში, სადაც პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ - „...ეთნიკური წმენდა არის გენოციდისა და ფაშიზმის ფორმა!“.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ.

 

„იყო პერიოდი გაეროს რეზოლუციებს აფხაზეთიდან დევნილები დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალყურს. ამჟამად ეს დადგენილებები ჩვენთვის ფარატინა ქაღალდია. უფრო მეტიც, ისინი ცინიზმისა და ღირსების შემლახველი მუხტის მატარებელი გახდა აფხაზეთში საკუთარი კარ-მიდამო, საფლავები და სამლოცველოები დატოვებული მოსახლეობისათვის. მსგავსი რეზოლუციები შეიძლება „გასართობად“ გამოადგეთ დაბალანსებული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი წყობისა და მაღალ ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნებს,  მაგრამ არავითარ შემთხვევაში აფხაზეთიდან იძულებით აყრილ ადამიანებს. ღიმილს და გზააბნეული ადამიანიებისადმი თანაგრძნობას იწვევს აფხაზეთისა დე-ფაქტო ადმინიტრაციის ვითომდა პოლიტიური ფაფხური - აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, აქაოდა და როგორ გვაკადრეს გაეროს რეზოლუციაში საქართველოს შემადგენლობაში მოგვიხსენიესო.

 

როგორ არ ბეზრდებათ ამ ადამიანებს „სახელმწიფობანას“ ბავშვური თამაშები, როგორ ვერ ხვდებიან, რომ მათი დამოუკიდებლობა და „უფლებები“ სოხუმში ბოტანიკურ ბაღსა და მაიმუნების ცნობილ სანაშენეს არ სცილდება. და რომ მათი ჭეშმარიტი უფლებები მათივე „ვაიმეგობრის“ მიერ არის ოკუპირებული! თითქოს მადლობელნი უნდა ვიყოთ იმ 62 ქვეყნისა, ვინც ხმა მისცა გაეროს გადაწყვეტილების მიღებას. არა ბატონებო, მაპატიეთ ჟარგონი მომართვა, მაგრამ თქვენ პირდაპირ და უაპელაციოდ „აპრავებთ“ გაეროს უსუსურობას, ქალაჩუნობას, სურვილს ნებისმიერი ხერხებით გაიხანგრძლივოს თავისი უდღეური არსებობა, რათა მისი მთავარი საფიქრალი - თავისი აპარატის მაღალხელფასიანობა როგორმე შეინარჩუნოს, ხოლო აფხაზეთსა და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში „ქვაც უთოვია“ და თქვენ კიდევ გაეროსთან ერთად ცდილობთ დაარწმუნოთ მსგავსი რეზოლუციებით აფხაზეთის გაუბედურებული მოსახლეობა, რომ მხარში უდგახართ მათ „დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში“. ნუ გგონიათ, რომ აფხაზეთის დევნილი და ლტოლვილი მოსახლეობა, მიუხედავად გადატანილი და მოსალოდნელი გაჭირვებისა ღირსებას დაკარგავენ და უაზროდ მოიქცევიან. ეს არასდროს მოხდება! თქვენ კი საერთაშორისო და მსოფლიო საზოგადოებრიობავ - სირცხვილი! სირცხვილი! სირცხვილი!

 

 

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions