თამაზ ხუბუა: “საკითხავია ვის მიმართ და რა სიტუაციაში ვიყენებთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებსა და აკრძალვებს“

 

გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა აფხაზეთში იაპონიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

„ჯერ ერთი, საკითხავია ვის მიმართ და რა სიტუაციაში ვიყენებთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს კანონის მოთხოვნებსა და აკრძალვებს, მაშინ როცა, ვისაც მოესურვება და არ ეზარება გადი-გამოდის აფხაზეთის ტერიტორიაზე. იმით აპელირება, რომ კერძო და არასამთავრობო სექტორი თავისუფალია თავის გადაწყვეტილება-ქმედებებში, ერთობ ბანალური და თავის დამშვიდების უსუსური მცდელობაა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფრენციაზე „დაგვამშვიდა“, რომ განხორციელებული ვიზიტი არ ნიშნავს, რომ იაპონიის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას რაიმე სააფრთხე ემუქრება. აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქისათვის მნიშვნელობა არა აქვს თავის მკვიდრ საცხოვრებელს უბოდიშოდ ვინმე მომხდური ბიზმესმენი თუ სამხედრო სალდაფონი დაეპატრონება. იმის არდანახვა, რომ საქართველოს ამ ძირძველ მხარეს ნამცეც-ნამცეც, პედანტური თანამიმდევრობითა და დაუოკებელი უტიფრობით ეუფლებიან (!), უბრალოდ სიბრიყვეა. და კიდევ ერთი, რაც დრო გადის სულ უფრო დიდი ეჭვი მიჩნდება, ქართულ საზოგადოებას საერთოდ თუ ახსოვს სოხუმი. დასავლეთისკენ ორიენტაციაში ერთმანეთს რომ თავგადაკლული ვეჯიბრებით, დასავლურად „აღვშფოთდეთ“ მაინც, თქვე დალოცვილებო!!!

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions