აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განცხადება

ა.წ. 17 ივნისს გაზეთ ”კვირის ქრონიკაში” №24(598) 17.06-23.06.2013წ. გამოქვეყნდა სტატიები, რომლებშიც აღწერილია აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მმართველ ორგანოებში - მთავრობასა და  უმაღლეს საბჭოში სხვადასხვა დროს ვითომ დაშვებული ფინანსური დარღვევები. გაზეთის მიერ მოყვანილი ფაქტების შესახებ არაერთხელ თქმულა პრესაში, სასამართლო პროცესებზე, ინტრიგანების პასკვილებში, თუმცა მალევე დამტკიცებულა მათი სიყალბე.

 

ამჯერად ახალი იყო სოხუმის დაცემის დღეს გმირულად დაღუპული ქალაქის მერის ბატონ გურამ გაბისკირიას ნეშტის გადმოსვენებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრების შესახებ აგორებული უსაფუძვლო აურ-ზაურის გასაჯარისება.

 

რეალურად კი საქმის არსი შემდგომში მდგომარეობს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ ათი წლის წინ მიიღო დადგენილება ”27 სექტემბერს ”ხსოვნისა და იმედის” დღის აღნიშნვასთან დაკავშირებით ქ. სოხუმის მერიის წინადადებების შესახებ” (№702,18.09.2003წ.), რომლის მიხედვითაც დაიგეგმა 10 350 ლარის გამოყოფა ამ დღისთვის დასახულ ღონისძიებებზე, მათ შორის 6 000 ლარი გ. გაბისკირიას საფლავის მოწყობაზე.

 

სამწუხაროდ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ბ-ნ გ. გაბისკირიას ნეშტი ვერ მოიძებნა. აქედან გამომდინარე, საფლავის მოწყობაც თავისთავად გამოირიცხა, რის გამოც აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული 10 350 ლარიდან ქ.სოხუმის მერიას ”ხსოვნისა და იმედის” დღის აღსანიშნავად გამოეყო მხოლოდ 2 000 ლარი. გაზეთ ”კვირის ქრონიკის” პუბლიკაციაში კი ჭორი და სიმართლე ერთმანეთშია აღრეული და თეთრი შავადაა წარმოჩენილი - თითქოსდა გმირის ხსოვნის აღსანიშნავად გამოყოფილი 10 350 ლარი დევნილი ხელისუფლების მესვეურებმა მიითვისეს.

 

სტატიის ავტორს თამარ ოქრუაშვილს, რა თქმა უნდა, მასალის მომზადებისას შეეძლო თუნდაც ტელეფონით გადაემოწმებინა აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროში ფაქტების სისწორე. მაგრამ მან დაარღვია ელემენტარული ჟურნალისტური პრინციპი, ამასთან ერთად, იგნორირება გაუკეთა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის მაშინდელ შემსრულებელს ბ-ნ რუდიკ ცატავას, რომელიც დაზუსტებულ ინფორმაციას დაპირდა.

 

ჩვენ სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც შევთავაზეთ ქ-ნ თ. ოქრუაშვილს აღნიშნულ ფაქტზე დოკუმენტური მასალების მიწოდება, რასაც მან განგებ თავი აარიდა. აფხაზეთის ხელისუფლებას ეჭვიც არ ეპარება, რომ ეს და კიდევ სხვა ნეგატიური ტონითა და სიყალბით გაჟღენთილი პუბლიკაციები დაკვეთილია დაინტერესებული პირების მიერ, რომლებიც ლეგიტიმურ უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას საკმაოდ ჰყავს შინ თუ გარეთ და რომელთა მიზანიც არის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ორგანოების დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

 

მეტი დამაჯერებლობისათვის აქვე ვაქვეყნებთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებულ დასკვნას.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო იმედს იტოვებს, რომ გაზეთ ”კვირის ქრონიკის” ხელმძღვანელობა ჟურნალისტიკის უმთავრეს მოთხოვნას - ობიექტურობას არ უღალატებს და არ იუარებს წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებას.




















































 










































 

 

 





ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions