თამაზ ხუბუა: “საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“

 

აფხაზეთში ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟ.დეპარდიე ჩავიდა. ის შეხვდა დე-ფაქტო პრეზიდენტს და მისგან მიიღო საჩუქრად მონეტები, რომლებზეც აღბეჭდილია „აფხაზეთის ეკლესიები“. აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თ.ხუბუამ კომენტარი გაუკეთა აღნიშნულ ფაქტს.

 

„ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რამეთუ იგი ჩვენი სახელმწიფოს უსუსურობის ნამდვილ სინონიმად იქცა. მას არღვევს ყველა, ვისაც მოესურვება დეპარდიესნაირი და მისთანანი. დეპარდიესგან ნამდვილად მოულოდნელი არ არის აფხაზეთის პატარა დიდებულ ქვეყანად მოხსენიება, საჩუქრად მიღებული მონეტების აშკარა სიყალბეში გაურკვევლობა (არ არსებობს ბუნებაში ტერმინი „აფხაზური ეკლესიები“), ადამიანს, რომელსაც არაფრად უღირს მშობლიური ქვეყნის მიტოვება, იმიტომ რომ მის სტომაქს დამატებითი საპრემიო ლუკმა-პური მოაკლდა, აბა რა უნდა გაგიკვირდეს. გასაკვირია ოფიციალური თბილისის სიჩუმე და გაუბედაობა. სად არიან და რას აკეთებენ საგარეო საქმეთა და რეინტეგრაციის სამინისტროები?

 

არ შემიძლია ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილისადმი მადლიერება არ გამოვხატო - ვერბალურად, წერილობით, სოციალურ ქსელში ხალხი აღშფოთებას ვერ მალავს, მათ შორისაა დევნილი საზოგადოებაც.

 

დეპარდიეს პერსონა და მისი ვოიაჟი აფხაზეთში ამდენ ყურადღებად, ცხადია არ ღირს, მაგრამ მორიგი შეძახილი ქართულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს და ჩვენ ხალხს ნამდვილად სჭირდება. ბატონებო, არ იქნება საქართველო ისეთი, როგორც ჩვენ გვინდა, უაფხაზეთოდ! ეს ვისაც არ ესმის, უბრალოდ მეცოდება!“

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions