აფხაზეთიდან დევნილ პოლიტიკოსებს ღრმა და კომპეტენტური რეკომენდაციების გაცემა შეუძლიათ
ქართულ მედია-სივრცეში ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა–არგახსნის საკითხი.

აღნიშნულ გარემოებას ეხმაურება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თ.ხუბუა.

„რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის ამოქმედების მნიშვნელობას, მასთან დაკავშირებით საზოგადოების, მათ შორის დევნილი მოსახლეობის მოსაზრებების შესწავლა – განვრცობას ბოლო პერიოდში დიდ ყურადღებას უთმობს ქართული მედია. ეს ძალიან კარგი და მისასალმებელი ტენდენციაა, მაგრამ გაუგებარია, რატომ არ იწვევენ ამ თემატიკაზე გამართულ თოქ–შოუებზე აფხაზეთის დევნილ პოლიტიკოსებს. ადამიანებს, რომლებსაც გარდა იმისა, რომ თავიანთი დასაბუთებული და პრინციპული პოზიციები გააჩნიათ საკითხთან დაკავშირებით, პრობლემატიკის ღრმად ცოდნის საფუძვეზე შეუძლიათ ერთობ კომპეტენტური რეკომენდაციებიც გასცენ თემატიკისადმი საქმიანი დინამიზმის მისანიჭებლად. ამისათვის ხაზისგასმა იმიტომ დამჭირდა, რომ ხშირ შემთხვევაში მსგავს თოქ–შოუებში აფხაზეთის საზოგადოების სახელით ისეთი, უკაცრავი პასუხია, „ექსპერტები“ ღებულობენ მონაწილეობას, რომლებიც დევნილ მოსახლეობაში, რბილად რომ ვთქვათ, არაადექვატურ შეფასებებს იმსახურებენ. საერთოდაც, კარგი იქნება, თუ აფხაზეთთან მიმართებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს არ შევუწყობთ რეგიონებისადმი კომუნისტურ– ნომენკლატურული თარგით მიდგომებს. რეგიონის საჭირბოროტო საკითხებზე პრიორიტეტული უნდა იყოს ადგილობრივი სპეცალისტების, პოლიტიკოსების და არა ცენტრის „ყოველთვის მართალი მითითებები“.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions