თამაზ ხუბუა: "მასკონის ”მოგზაურობა” აფხაზეთში"

 

როგორც სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება, ამას წინათ თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა იტალიის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში იყვნენ იტალიასა და სან–მარინოში ე.წ. აფხაზეთის წარმომადგენელი ვინმე მაურო მურჯია, 80 წლის მუსიკოსი ლუიჯი ლაი და ქ.პეზაროს მერიის წარმომადგენელი მაურო მასკონი.

აღნიშნულ ფაქტს შეეხმიანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თ.ხუბუა.

„აფხაზეთში იტალიელთა ჩასვლაში საკვირველს ვერაფერს დავინახავდი იმ შემთხვევაში, სოხუმის დე–ფაქტო ადმინისტრაციას რომ არ ჰქონოდა მცდელობა აღნიშნული შეხვედრისათვის მიეცა სახელმწიფოთაშორისო დელეგაციების კონტაქტების შეფერილობა. ცხადია, რომ აღნიშნული საპიარო აქტი შესაძლებელი გახდა ცალკეული პიროვნებების კერძო სურვილების აღსრულებისათვის. თუმცა, მიუხედავად სოხუმის განზრახვისა, მსგავს „მაღალ დონეზე სახელმწიფო მნიშვნელობის შეხვედრებს“ ერთობ მწირი პოლიტიკური დივიდენდები მოაქვს. ვფიქრობ, მხცოვან იტალიელ მუსიკოსს ლაის ელემენტარული წარმოდგენაც კი არ ჰქონდა სად, რატომ და რის გამო წაიყვანეს ასე შორს „დამოუკიდებელ აფხაზეთში“. ქ.პეზაროს მერია კი აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას ითხოვს. ეს ყველაფერი იმდენად სახალისო და ღიმილის მომგვრელია, სურვილი გამიჩნდა ღრმად პატივცემულ მასკონის შევუძახო: „დონ მასკონი, ჭეშმარიტად მაფია უკვდავია!“

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions