რაისა ქარაია: ”ქართული საჯარისო შენაერთები აფხაზეთში არძინბამ შეიტყუა”

 

 

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 21 წელი შესრულდა. ამ ომში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო და 13 თვეს გრძელდებოდა, ქართველებს ფაქტიურად ებრძოდა აფხაზებს ამოფარებული რუსეთი და მას საფუძვლად ედო აფხაზეთის ჩამოჭრა საქართველოდან, რათა ტერიტორიებდაკარგულ საქართველოს დასავლეთის ორბიტაზე გადასვლის შანსი არ ჰქონოდა.

 

აი, რისთვის სჭირდებოდა ომი აფხაზეთში რუსეთს და არა იმისთვის, რომ თითქოს ზრუნავდა აფხაზი ეთნოსის "თვითგამორკვევასა და დამოუკიდებლობაზე" -  აღნიშნავს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა კოალიციის "ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველოს” თავმჯდომარე ქალბატონი რაისა ქარაია გაზეთ ”ახალ თაობაში” №191 (6192) 2013 წლის 14 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

 

- ქალბატონო რაისა, ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ 1992 წელს შესაძლებელი იყო აფხაზეთში ომის თავიდან აცილება, რომ არა შეიარაღებული ნაწილების შეყვანა აფხაზეთში საქართველოს მაშინდელი სახელმწიფო მეთაურის მიერ?


- ვისაც აფხაზეთში უცხოვრია ომის წინა წლებში და იცის ამ ომის წინაპირობები, ცხადია, ამ აზრს არ დაეთანხმება. ომი 14 აგვისტოს არ დაწყებულა. მთავარი ამ შემთხვევაში თარიღი არ არის. არა აქვს მნიშვნელობა  რომელ კალენდარულ დღეს დაემთხვა ეს. ცუდი ისაა, რომ ამ მოვლენას წინ უძღოდა ხანგრძლივი "მოსამზადებელი პერიოდი" მესამე ძალის წაქეზებით და ჩვენც მშვენივრად ვიცოდით ამის შესახებ... თუმცა, ქართველთათვის ჩვეული მოთმინებით ვითმენდით და ვუთმობდით აფხაზურ მხარეს რუსული სცენარით გაწერილ ყოველგვარ ჭირვეულობას... ძალიან ბევრი პროვოკაცია მზადდებოდა იმისთვის, რომ ქართველებს მოთმინების ფიალა ავსებოდათ და ერთ მშვენიერ დღეს ეფეთქათ...

 

- მაგალითად?


- წვრილმანებს არ შევეხები, თუმცა ყოველი მნიშვნელოვანი წვრილმანისგან შედგება, მაგრამ ყველაზე გამაოგნებელი და აღმაშფოთებელი ქართველთათვის იყო  1989 წლის ცნობილი „ლიხნის წერილი“, რომელსაც სეპარატისტულად განწყობილი რამდენიმე ათასი აფხაზი აწერდა ხელს და რომლის მიხედვითაც  ქართველები, თურმე, მუდამ ჩაგრავდნენ აფხაზ ხალხს, ამიტომაც ითხოვდნენ ქართველებისგან დამოუკიდებლობას... ეს უკვე იყო საკმაოდ სერიოზული საბაბი იმისთვის, რომ აფხაზეთში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულიყო...... ხალხში მღელვარება იყო, თუმცა ქართველები ცდილობდნენ არ გამოეხატათ.... მრავლის მიმანიშნებელი ფაქტი იყო ისიც, რომ ქართველს უკვე აფხაზეთში საცხოვრებელ მისამართზე ჩაწერის უფლება არ ჰქონდა.... მიღებული იქნა ოფიციალური დადგენილება, რომლის მიხედვითაც საპასპორტო განყოფილებებში მომუშავე არცერთ ქართველს არ უნდა ჰქონოდა ბეჭედი...

 

- რატომ დაუშვა ქართულმა დეპუტაციამ მსგავსი უკანონობა?


- ეს მანამდე "მოესწრო". უმაღლესი საბჭოს არჩევნები 1991 წელს ჩატარდა. ამას ისიც დაემატა  რომ 1990 წელს ე.წ. აფხაზური გვარდია ჩამოყალიბდა. ეს იყო უკანონო ფორმირება. რახან ჩვენ ჯერ კიდევ ერთიანი სახელმწიფოს წარმოვადგენდით, ჯარიც ერთი უნდა ყოფილიყო. რეგიონებში სხვა შეიარაღებული წარმონაქმნი აბსურდული და უკანონო იყო. სხვათა შორის, ამ გვარდიის  დისლოკაციის ადგილი იყო აგუძერაში.

 

- კი, მაგრამ, კანონიერ ხელისუფლებას არ უცდია უკანონო გვარდიის შექმნის შეჩერება?


- ადგილობრივ ქართველთა პროტესტზე აფხაზებმა განაცხადეს, რომ ნებისმიერ ქართველს შეუძლია იქ მსახურება, ანუ "მიგვიწვიეს" აფხაზურ გვარდიაში... რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მაშინ იქ ამისთვის არავის არ ცხელოდა,  ვითარება თბილისში ისედაც  დაძაბული იყო, სამოქალაქო ომი მწიფდებოდა... ისტორიამ მრავალი სამარცხვინო ფაქტი შემოგვინახა ქართველთა შინაომების შესახებ და მოგეხსენებათ, რა ჭირიცაა ეს არა მარტო ქართველთათვის, საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნისთვის.... მიუხედავად არაერთი მიმართვისა ცენტრალური ხელისუფლებისადმი - მიექციათ ყურადღება აფხაზეთში მიმდინარე განუკითხაობისათვის, რასაც, წესით, სავალალო შედეგი უნდა მოჰყოლოდა, ყური არავინ გვათხოვა.... მახსოვს, როცა თბილისში, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მიტინგები იმართებოდა, აფხაზეთიდან დელეგაცია ჩავიდა კანონიერი პრეზიდენტის დასაცავად და აღშფოთებულებმა განვაცხადეთ: ”ახლა შინაომების დრო არ არის, შეიძლება აფხაზეთი დავკარგოთ!” ამის პასუხად ირაკლი წერეთელმა განაცხადა: "ახლა მთავარია, ეს სატანა (ზ.გამსახურდია) მოვიცილოთ, აფხაზეთს კი ნებისმიერ დროს დავიბრუნებთო"... ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც მესამე ძალას აწყობდა... 1989 წელს 9 აპრილის მერე ჩემმა აფხაზმა თანამშრომელმა, რომელთანაც ვმეგობრობდი, ნიშნის მოგებით მომაძახა: "ხომ ხედავ, რაც მოგივიდათ!" თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ასე არ ფიქრობდა. დღესაც არაერთი აფხაზი ძალიან თბილად მხვდება.... 1989 წელს აფხაზეთის უნივერსიტეტის ცნობილ მოვლენებს წინ უსწრებდა გაგრაში დაკრძალვაზე მყოფ სტუდენტებზე თავდასხმა; უნივერსიტეტის აფხაზ ლექტორ-მასწავლებელთა ანტიქართული პუბლიკაციები; სხვადასხვა სახის კონფლიქტები როგორც ლექტორებს, ასევე სტუდენტებს შორის... უნივერისტეტი გაიყო. ამას მოჰყვა 1989 წლის ივლისის მოვლენები. შეიძლება თანმიმდევრობას არ ვიცავ, მაგრამ ასევე გამოუსწორებელი შეცდომა იყო თეატრის და ფეხბურთის გუნდის გაყოფა. მწერალთა კავშირიც გაიყო. აფხაზური ”აიდგილარა” ხომ ნამდვილ კრაზანას ბუდეს წარმოადგენდა თავისი ანტიქართული გამოხტომებით და აგრესიულობით... როცა ქართველები ვიტყოდით, სირცხვილია ძმებს შორის ასეთი ურთიერთობებიო, აფხაზები გვპასუხობდნენ - რა დაგიჩემებიათ ეს ძმები, ძმები, თქვენისთანა ძმები ბევრი გვყავს ჩინეთშიცო... დამოუკიდებლობის მიტინგებზე აფხაზებს უხუცესები გამოჰყავდათ, რომლებიც ითხოვდნენ აფხაზეთის მიერთებას ხან კრასნოდართან, ხანაც კრასნოიარსკთან... ანუ ხანდაზმული უხუცესები "გეოგრაფიული ლაფსუსებით" ახმოვანებდნენ ველიკოდერჟავულ ლოზუნგებს... გეცოდინებათ, ალბათ, სუსლოვის ცნობილი გეგმა, თუ როგორ უნდა გაეღვივებინა მოსკოვს შუღლი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ამავე გეგმის მიხედვით ქართველებისთვის უნდა დაეპირისპირებინათ მეგრელები და სვანები, მერე კი რუსებს შუამავლის როლი უნდა ეკისრათ.... სუსლოვის ეს გეგმა ხუთიანზე ამუშავდა აფხაზეთში: - 1968 წლიდან, 8-10 წლის ინტერვალით პერმანენტულად იძაბებოდა გარედან ურთიერთობა აფხაზებსა და ქართველებს შორის. აფხაზები ითხოვდნენ იმაზე ბევრად მეტს, რაც საბჭოთა კავშირის სხვა ავტონომიურ რესპუბლიკებს გააჩნდათ და ყოველი დაკმაყოფილების შემდეგ კიდევ უფრო მეტად ჭირვეულობდნენ.  არ დაგავიწყდეთ, ეს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ხდებოდა და საქართველოს ხელისუფლება ამის წინააღმდეგ არაფერს აკეთებდა... ამდენი რამის დათმობა არ შეიძლებოდა. მაშინვე უნდა ეღონა ხელისუფლებას რამე.... მერე უკვე, როგორც იტყვიან,  ომიც შორს აღარ იყო.

 

- ასეთი დაძაბული ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფონზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა ხომ  კიდევ უფრო მეტად გაართულებდა სიტუაციას აფხაზეთში? იქნებ ჯობდა ამისგან თავის შეკავება?


-  ეს ჯარი ვინმეს შესაშინებლად კი არ შესულა იქ! იძარცვებოდა აფხაზეთში შემოსული მატარებლები, მათ შორის სომხეთში მიმავალი. სწორედ რკინიგზის მაგისტრალის დასაცავად მოითხოვა თავად ვ.არძინბამ ამ ჯარის შემოყვანა. მან ეს სესიაზეც განაცახადა: ”მე ტელეფონით ვესაუბრე შევარდნაძეს, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენი ძალებით მატარებლების დაცვას, ტვირთი კი ფაქტიურად მეზობელი ქვეყნების საკუთრებაა, ამიტომაც მივეცი თანხმობა შსს შენაერთების შემოყვანაზე.” ამ სიტყვების ჩანაწერიც არსებობს, არსებობდა, ყოველ შემთხვევაში...არძინბას ამ მოთხოვნას იმთავითვე არ დაეთანხმნენ ქართველი დეპუტატები, რადგანაც გრძნობდნენ, რომ ეს მახეს უფრო წააგავდა,  ვიდრე რკინიგზის დაცვას...

 

- ანუ, თქვენ გინდათ თქვათ, რომ ფაქტიურად არძინბამ შემოიტყუა ქართული ჯარი აფხაზეთში და მოახდინა გასროლის პროვოცირება, რაც შემდეგ ომის საბაბი გახდა?


- რა თქმა უნდა! არძინბა ყოველთვის გაიძახოდა, რომ ომი გარდაუვალია. სანამ სისხლი არ დაიღვრება, აფხაზეთს ყურადღებას არავინ მიაქცევსო... მაგრამ ადგილობრივი ქართველების ჩათრევა ამ საქმეში არძინბამ ვერაფრით ვერ მოახერხა - ყველა მცდელობა ქართველების კონფლიქტში ჩათრევისა უშედეგოდ მთავრდებოდა. სამხედრო კომისარიატიდან ქართველები გამოდევნეს, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში ე.წ. აფხაზური გვარდია ჩააყენეს და ქართველი ეროვნების ხელმძღვანელ პირებს არ უშვებდნენ, სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ეშერის ექსპერიმენტული  მეურნეობის ფაქტიურად ოკუპაცია მოახდინეს, მაგრამ ქართველების მოთმინების ფილა, თურმე, უძირო ყოფილა... ბოლო აკორდი იყო ა.ანქვაბის, ამჟამად დე ფაქტო პრეზიდენტის შსს გამინისტრების ფაქტი, თუმცა აქაც მოთმინებით დამთავრდა ინცინდენტი. ანქვაბი ტანკებით და ბეტეერებით  მიაცილეს ახალ სამუშაო ადგილზე, რათა ყოფილი მინისტრისგან, გივი ლომინაძისგან გადაებარებინა სამსახური. წარმოიდგინეთ, ასეთ ექსტრემალურ მდგომარეობაშიც რომ ცივი გონებით იმოქმედებ და არ აჰყვები ველურ საქციელსა და გამოხტომებს.... თუმცა ეს ჩვენთვის ჩანდა მაშინ ველური, თორემ ტანკით მისული "მისიონერები" დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ შს მინისტრი, რომელსაც იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, ამ უგვანო საქციელს საკადრის პასუხს გასცემდა....მოკლედ, ყველანაირად ცდილობდნენ ადგილობრივ ქართველებსა და აფხაზებს  შორის არა მარტო სიტუაციის დაძაბვას, არამედ ტყვიის გავარდნას, მაგრამ არაფერი გამოვიდა... ამიტომაც მოიფიქრა არძინბამ ქართული ნაწილების შემოყვანა, რასაც მისი გაანგარიშებით, აფხაზური მხარე სადმე მაინც ”მზად დახვდებოდა”. 14 აგვისტოს თავად ურეკავდა რაიონების ხელმძღვანელებს და ავალებდა მიეცილებინათ შეიარაღებული ნაწილები შემდეგი რაიონის საზღვრებამდე და ასე უნდა მისულიყვნენ ბოლო პუნქტამდე... მაგრამ ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან აფხაზური მხრიდან მოხდა გასროლა, რომლის პირველი მსხვერპლი ქართველები გახდნენ... არძინბას გეგმა - ”პირველებს ქართველებს გასროლინებთო” შეცვლილი ფორმით განხორციელდა... 1992 და 2008 წლების აგვისტოს ომები ერთი მანქანის გამოჩარხულია: როგორც 21 წლის წინ, ისევე 2008-შიც მედვედევმა საქართველოს დააბრალა ომის პროვოცირება, ნამდვილი მიზანი კი მან 2011 წელს რუსეთის 58-ე არმიის  სამხედრო კონტინგენტთან შეხვედრისას აღიარა, "რომ არ ყოფილიყო ომი საქართველოსთან, რუსეთის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, ნატოში რამდენიმე ქვეყანასთან ერთად საქართველოსაც მიიღებდნენ". იცით რა, რუსეთი ჯერ კიდევ იმპერიაა დემოკრატიული კლიშეებით! მათ აფხაზებიც ისევე აგვიმხედრეს ქართველებს, როგორც პირველი მსოფლიო ომის წინ სომხები თურქებს: რუსეთის მთავრობამ თურქეთში თავისი სამხედრო მოქმედებების გასაადვილებლად თურქეთში მცხოვრებ სომხებს აჯანყება ურჩია, სამაგიეროდ დაპირდა რუსეთის მფარველობის ქვეშ დამოუკიდებლობას. გეცნობათ სცენარი? სხვა საქმეა, რომ იქ უკუღმა დატრიალდა მოვლენები... სომხებმა ეს პოლიტიკური ფანდი გულწრფელად მიიღეს და რუსების რჩევა აასრულეს კიდეც. განრისხებულმა თურქებმა სომხები ამოჟლიტეს... პოლიტიკაზე ცვალებადი არაფერია... თურქებზე განაწყენებული სომხები დღესაც რუსეთს ემეგობრებიან, არადა მათი წაქეზებით მოხდა სომეხთა გენოციდი.... რუსეთს დღეს აფხაზეთზეც შეუძლია უარის თქმა, თუკი სარფიან გარიგებას ექნება ადგილი...

 

- ქალბატონო რაისა, დავუბრუნდეთ საჯარისო შენაერთების აფხაზეთში შემოყვანას, რომელიც თავად არძინბამ ჯერ მოითხოვა და შემდეგ კი ქართველების საწინააღმდეგოდ გამოიყენა. ხომ არ აჯობებდა, საქართველოს სახელმწიფო მეთაური შევარდნაძე ჩამოსულიყო აფხაზეთში და ადგილზე ოფიციალური შეთანხმებით განემტკიცებინა ასეთი მნიშვნელოვანი "მოთხოვნა"?


- რა თქმა უნდა, ეს შეცდომა იყო, მაგრამ შევარდნაძეს ვერ მოესვლებოდა აფხაზეთში ვერც იმის გამო, რომ აბსოლუტური უმრავლესობით არჩეული კანონიერი პრეზიდენტი გადააგდო, რომელსაც აფხაზეთში ჰყავდა მხარდამჭერები, და ვერც იმის გამო, რომ არძინბასთან მისვლაში "პირველობის"  მედიდურობა უშლიდა ხელს. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ აფხაზეთის ტრაგედიაზე პასუხისმგებელი არის შევარდნაძე და ისტორია ამას არ დაივიწყებს. როცა შეიძლებოდა არძინბასთან მოლაპარაკება შუამავლის გარეშე, მაშინ მან ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, არ გამოიყენა.... ეს არის მისი უდიდესი შეცდომა! როცა სახელმწიფოს მეთაური ხედავს, რომ გარედან მტერი ათასნაირი ხრიკებით ცდილობს საქართველოს ტერიტორიის მოგლეჯას, თვითონაც ხომ უნდა სცადოს რაღაცა მის შესანარჩუნებლად ტაქტიკურად, დიპლომატიურად? ჩვენმა ხელისუფლებამ რა სცადა? ომი, რომელსაც აფხაზეთის მოსახლეობამ ცამეტი თვე გაუძლო? ასეთ უკუღმართ მდგომარეობაში, როცა გარედან იმპერიული მონსტრი გართმევს და შიგნით კიდევ შენი ”ღვიძლი მტრები” მრავლად გყავს, აფხაზეთის ომი ისევე გარდაუვალი იყო, როგორც მისი წაგება. და თუ რატომ იყო წაგება გარდაუვალი, ამაზე 27 სექტემბერს ვილაპარაკოთ.

 

- ქალბატონო რაისა, თქვენს აფხაზ მეგობრებთან თუ გისაუბრიათ აფხაზეთის "დამოუკდებლობაზე"?


- როგორ არა და იმასაც სწუხან, რომ არანაირი დამოუკიდებლები არ არიან.... დე ფაქტო ხელისუფლების სეპარატისტულ ჯგუფს არ ვგულისხმობ... ხალხის ნაწილი სხვა აზრზეა ე.წ. დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.  მე მახსოვს, ომის წინა პერიოდში დაკრძალვაზე ვიყავით გუდაუთის რაიონში. ეს ადგილი სეპარატისტულობით ყველაზე გამორჩეული რეგიონი იყო მაშინ... იქაც კი აფხაზი ხალხი გვეუბნებოდა, რომ ქართველების გარეშე ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება. მაგრამ ისიც მინახავს, როგორი სიამაყით ეუბნებოდა 7-8 წლის აფხაზი ბიჭი თავის დედას, მე ქართველის გვამზე ვცეკვავდიო. ეს იყო ომის საშინელი მანქანა, რომელიც ჩარხავდა ბოროტებას, შუღლს, სიკვდილს და ამ განადგურებისგან გამოწვეულ  სატანისეულ სიხარულს. ეს მანქანა რუსული იყო და რუსეთის იმპერიის საქმეს აკეთებდა....  მე მჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს, აფხაზები დაინახავენ რუსეთის ნამდვილ ველიკოდერჟავულ სახეს და თანდათან გაიზრდება იმათი რაოდენობა, რომელთაც ესმით, რომ ქართველების გარეშე მათ მომავალი არ გააჩნიათ!

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions