”ბედი საქართველოსი არის კეთილი”

 

უკვე ორი ათეული წელი გავიდა ჩვენი ერისათვის მძიმე ისტორიული ტრაგედიიდან. ისედაც გამესამედებულმა მამულმა დაკარგა ულამაზესი ნაწილი – აფხაზეთი. საკუთარი კერიებიდან აყრილი მოსახლეობა დღესაც ცრემლით გაჰყურებს ენგურს გაღმა დარჩენილ მოტირალ სანახებს. ზიგისთვის იმედი დიდხანს ცოცხლობს, ზოგისთვის კი, სამწუხაროდ, მალე კვდება. ასეთია აფხაზეთელთა  შინაგანი განწყობა.

 

იმ ტრაგედიის მოხდენიდან დღემდე უამრავი დაიწერა. ქართველმაც და ბევრმა უცხოელმაც თავისი  გადასახედიდან შეაფასა ეს მძიმე რეალობა. ჩემთვის, არა როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, არამედ რიგითი მამულიშვილისათვის, ალბათ, ადვილი არაა იქ დატრიალებული უბედურების შეფასება. ბუნებრივია, მოვლენების განსჯა ყველას თავისებური აქვს. მაგრამ, საქართველოს ჰყავდა და, საბედნიეროდ, დღესაც ჰყავს ის ჭეშმარიტად მოაზროვნე ერისკაცნი, რომელთა  აზრის პირუთვნელობასაც  დრო–ჟამი ვერაფერს აკლებს.

 

დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე  ოთარ ჭილაძე ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ნაფიქრის ორიგინალურობით. 1993 წელსაც მან აფხაზეთის თემას არაერთი  წერილი მიუძღვნა. მათ შორის ჩემთვის გამორჩეული შეიქმნა პუბლიცისტური ესე „უსათაურო წერილი“. დამეთანხმებით დიდ მწერალს არ გაუჭირდებოდა თავისი ნააზრევისთვის სახელი დაერქმია, მაგრამ იმდენად ტკივილნარევია აქ ასახული რელობა, რომ სათაური ვერ გამოუძებნა.

 

ოთარ ჭილაძის ესეში წარმოდგენილმა შეფასებებმა არ შეიძლება მოწონება არ ჰპოვოს თითოეულ ჩვენგანში: „სოხუმის დაცემა სამხედრო თვალსაზრისით, რასაკვირველია, დიდი მარცხია, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, ადვილი შესაძლებელია, სწორედ ეს აღმოჩნდეს გამარჯვებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი“, – ასე აფასებს დიდი მწერალი აფხაზეთის ულამაზესი ქალაქის დაცემას. ეს სიტყვები უდავოა, რომ ნაყარია ჭეშმარიტებასთან. ორმა ათეულმა წელმა ბევრი რამ დაგვანახა, დადებითიც და უარყოფითიც, ჩვენი ბრალეულობაც და ერთ დროს მოძმე ერების მხრიდან გაწირვაც. ომში მიღებული  მარცხიდან დღემდე გასული დრო ცოტა არაა, შეიძლება ითქვას, ეს უკვე პოლიტიკური ურთიერთობის შემოდგომაა. ამიტომაც უამრავ კითხვაზე მოგვიწევს პასუხის გაცემა. რა გაკეთდა იმისთვის, რომ  მდგომარეობა გამოსწორებულიყო. მართალს ბრძანებს ბატონი ოთარ ჭილაძე. ისტორიის ბილიკებზე არსებობს უამრავი შემთხვევა, როცა დიდ წაგებას ხშირად ახალი ენერგიით აღუვსია დამარცხებული. ჩვენთან კი პირიქით მოხდა. დარღვეული ურთიერთობა უფრო გაღრმავდა. ისეთი ინტელექტის მქონე ერს, როგორც ჩვენ ვართ, თითქმის ამოგვეწურა პოლიტიკური კულტურის რესურსი. უნდა ვაღიაროთ, რომ უნიათო აღმოვჩნდით. ჩვენი ბედის სწორად გადაწყვეტაზე არც ომამდე ვიზრუნეთ და არც მის შემდეგ. რატომღაც წარსულიც დაგვავიწყდა და ისიც, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი ისტორია მრავალი საუკუნის მიღმიდან იწყება.

 

რამ გადაარჩინა ეს პატარა ერი, რა ძალამ შეანარჩუნებინა გამძლეობა, მას ხომ თავისი ტოლი მტერი არასოდეს ჰყოლია. ყოველთვის დიდ და მრისხანე სახელმწიფოებთან ჰქონდა წინააღმდეგობა.  მოდით და ერთხელ კიდევ გადავშალოთ „კალმასობა“: „ქართველნი, წინაპარნი ჩვენნი, იყვნენ  თუმცა კირთებასა შინა სხვათა და სხვათა მპყრობელთა მიერ – მაკედონელთაგან, რომაელთაგან, ბერძენთაგან, სპარსთაგან, სკვითთაგან, ოსმალთაგან და ჩინგიზთაგან, მაგრამ სიყვარული მამულისა და სიმაგრე სულისა ვერა დაატოვებინეს, იძლევდნენ და სძლიეს, იდევნებოდნენ და განდევნეს და ესრეთ მოიგეს უკვდავების სახელი“.

 

ბუნებრივია, იბადება კითხვა: ამდენ მტერთან გამოვლილ ქვეყანას რა დაემართა XXI საუკუნეში. ყველამ კარგად ვიცით, რომ აფხაზებთან დაკავშირებით ორივე ერი დამარცხებული ვართ. არც ერთს არ აღმოგვაჩნდა იმის ძალა, რომ უფრო ჭკვიანურად განგვეჭვრიტა ჩვენს თავს დამტყდარი უბედურება. სამყაროს ლოგიკური კანონზომიერებაა – ჩვენ დაგვამარცხა დიდმა, ძლიერმა. ამის შემდეგ კი რა გავაკეთეთ. რაში დავხარჯეთ ორი ათეული წელი. რა მოვიმკეთ? წინა ხელისუფლებას ძალზე ახარებს  იმის გამეორება, რომ რუსეთი თურმე ოკუპანტია და ჩვენ კი დაპყრობილნი, უდანაშაულონი, შველა რომ გვჭირდება.

 

ქართველი ერის ძლიერებისა და უკვდავების  უმთავრესი ბერკეტი „სიყვარული მამულისა და სიმაგრე სულისა“ დღეს სად გაქრა? ორი ათეული წელია  ვსხედვართ და ველოდებით, როდის გადაწყვეტს ჩვენს ბედს ან ამერიკა ან  ევროპა, ან „ნატო“ ან  რუსეთი... ამერიკა შეშფოთებულია და აღშფოთებულია ჩვენი მდგომარეობით, „ნატოს“ მოსწავლის როლში  ვყავართ, თუ შევასრულებთ მის მოთხოვნებს, გვპირდება ოჯახში მიღებას (დღეს ბევრი ამ იმედით სულდგმულობს საქართველოში), თუ არა და ... რუსეთი  მკაცრად გვაფრთხილებს: „არც კი იფიქროთ ტერიტორიული მთლიანობის  აღდგენაზე...“.

 

ჩვენი დიდი მეგობრები სულ გვოძღვრავენ: „გამონახეთ რუსეთთან საერთო ენა მშვიდობიანად“... რატომღაც ესეც დაგვავიწყდა და 2008 წელს კიდევ ერთი დიდი გამოცდის წინაშე დავაყენეთ ჩვენი ქვეყანა.

 

დროა, ვიფიქროთ ქართველობამ  საკუთარი  ბედის თვითონ გადაწყვეტაზე. „გზა ხსნისა“ უნდა ვიპოვოთ ჩვენ. ბავშვივით გულუბრყვილონი როდემდე უნდა ვიყოთ? რომელი სახელმწიფო ან და სახელმწიფოთა ალიანსი აიძულებს რუსეთს, დაგვიბრუნოს წართმეული? რა თქმა უნდა, ვერც ერთი. ეს უკვე დავინახეთ 20 წლის განმავლობაში. ჩვენ კი ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა გავწყვიტეთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან. თუ ვინმემ გაიხედა იქითკენ, სამშობლოს მოღალატეებად მონათლეს.

 

თავის ესეში ოთარ ჭილაძე ბრძნულად გვმოძღვრავს: „ომს კი მარტო მეომართა შემართება ვერ მოიგებს. როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, სიტყვა ომშიც ყველაძე ძლიერი იარაღია. სიტყვა კი ჩვენთან არ იყო და არ იყო იმიტომ, ნაკლებად რომ ვცდილობდით მის დაუფლებას, ბოლომდე არ გვქონდა შეგნებული მისი  ფასი, არ გვესმოდა მისი მნიშვნელობა“.

 

სიტყვის სიბრძნეზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ისაა დიპლომატიის ერთ–ერთი ძლიერი ფაქტორი. ჩვენ კი არ თუ ვერ ვიყენებთ მას, ბრმად მივაბიჯებთ ქვეყნის მომავლისაკენ. წლების განმავლობაში ხელისუფლების უამრავ წარმომადგენელს დაავიწყდა ერთი უმთავრესი რამ – პასუხისმგებლობა ერის წინაშე. მხოლოდ საკუთარი  სავარძლების სიყვარულით არსებობდნენ. ქვეყანას კი  კვებავდნენ  უამრავი სიცრუით. სამწუხაროდ, ბევრს მათი დღესაც სჯერა.

 

თავისუფლების  ხარისხი ფაქტობრივად დაკარგა ქვეყანამ.  მისი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სხვა ქვეყნებს მიაშურა არსებობის შესანარჩუნებლად. აქ დარჩენილებს კი ბოლო 9 წელი ერთ დიდ საპატიმროდ უქციეს სამშობლო. მოკლეს მართალი, თავისუფალი სიტყვა. ყველაზე გულსატკენი კი ისაა, რომ დიდმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა წლების განმავლობაში ტაში უკრეს და აქეს ქართველთა შეურაცყოფა თავისივე ხელისუფლების მიერ. აქაც მართალია ოთარ ჭილაძე: „თავისუფალ მსოფლიოს არათუ ჩვენი დამოუკიდებლომა  და ღირსება, საერთოდ ჩვენ არ დავაკლდებით  თვალში. უჩვენოდაც მშვენივრად გაძლებს, როგორც აქამდე  გაუძლია“.

 

მოჩვენებით კეთილდღეობაში ვეღარ გაძლებს ქართველი ერი. მძიმე გეოგრაფიულმა თუ ისტორიულმა ვითარებამ გატეხა ეს უჭკვიანესი ხალხი. ნუ გადაგვაყოლებენ თავიანთ ინტერესებს დიდი სახელმწიფოები. ეყოთ გონიერება, მორალი და სიმართლის წინაშე დააყენონ ჩვენი ქვეყანა, სიცრუეს ჩვენი ხალხი უკვე ვეღარ აიტანს. ქვეყანა გადამტყდარია წელში.

 

დღეს, ვისაც ხელეწიფება და ევალება შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის ძებნა, ყველა ერთად უნდა დავდგეთ. აღარ გვაქვს დრო მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნვისა, არც ერთი სკამი და თანამდებობა არ ღირს იმის ფასად, რომ აფხაზეთის დაბრუნებისთვის ბრძოლა არ დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება გონის  ზეობის  ომი და არა სისხლისღვრის. ისტორიული ჭეშმარუტება ჩვენს მხარესაა, ამიტომაც გვაქვს იმის უფლება, რომ თვალი გავუსწოროთ მსოფლიოს და მოვთხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის.

 

საქართველოს  შესწევს  ძალა, რომ გახდეს  ძლიერი სახელმწიფო. მთავარია, ვირწმუნოთ ეს.  ნუ მივცემთ უცხო ძალას მისი  გათელვის საშუალებას, ქართველის ბუნებიდან გამომდინარე, ის არასოდეს ეგუებოდა  „უცხო სხეულის“ შემოსვლას მის ფსიქო-გენეტიკურ ცნობიერებაში და ყოველთვის უარყოფდა „უცხო ბაძის“ დამანგრეველ იდეოლოგიას.

 

არ დაგვავიწყდეს ჩვენი მიწა ინახავს უძვირფასეს განძს - მესიის კვართს, ყოვლდწმინდა ღმრთისმშობლის  კვართიც სიძლიერეს მატებს ამ ქვეყანას, აქ განისვენებენ უფლის 12 მოციქულთაგან ორი, მთელი ქრისტიანული  სამყარო ქართველებს მიიჩნევდა  გრაალის მცველ რაინდებად, ეს არ არის შემთხვევითობა, ეს უფლის ნება იყო. ამიტომაც ჩვენ სხვა ძალითა და მადლით  უნდა აღვივსოთ, ჩვენ მაღალი ინტელექტუალური რასა ვართ და გონივრულად გადავწყიტოთ „ბედი ქართვლისა“, სწორად შევაფასოთ პოლიტიკური პროცესები.

 

ქართველობა ყოველთვის იყო განთქმული თავისი სიამაყითა და ღირსებით, დღეს ძალიან მძიმეა ხალხის სულიერი მდგომარეობა. მან შარშან 1 ოქტომბერს დაამტკიცა, რომ კვლავ შეუძლია ბრძოლა, არ გაათელინებს თავს არც შინაურს, საკუთარს და არც უცხოს. დიდი გრიგოლ რობაქიძისა არ იყოს: „ქართველი ძლიერია უფსკრულის  პირზე მიყენებული“.  სწორედ ახლაა ეს ჟამი. ავად ამოგვცქერის ეს საშინელი უფსკრული. სამშობლოს პატრონობა სჭირდება. ჩვენი მისიაც ესაა. გადასარჩენი გვაქვს არამარტო მისი ტერიტორიული მთლიანობა, არამედ ტრადიცია, ხელოვნება, ლიტერატურა, მეცნიერება, მთელი მისი სულიერი საყრდენი. გადასარჩენი გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდობა, უამრავ მათგანს სწავლის გაგრძელების საშუალება არა აქვს, ჩვენ ვკარგავთ ერის ინტელექტუალურ პოტენციალს.

 

თითოეულ ჩვენგანს ჯვარი გვაქვს საზიდი, მაგრამ ეს ჯვარი ტკბილია, რადგან სამშობლოს მომავალს ემსახურება. 20 წლის შემდეგ სინამდვილეს  სხვაგვარად ჩავხედოთ თვალებში,  შევაფასოთ ყველაფერი, რის გაკეთება შეგვეძლო და ვერ გავაკეთეთ, რამ და ვინ შეგვიშალა ხელი, ვგრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას დაკისრებული საქმის მიმართ. ორი ათეული წელი ცოტა არაა, ღირსეულნი ვიყავით  თუ არა ხალხის ნდობის  მე ეჭვიც არ მეპარება, რომ აფხაზეთიდან უსულგულოდ აყრილი მოსახლეობა პასუხს მოგვთხოვს.  მათ ხომ ჩვენი ყველაზე დიდი იმედი ჰქონდათ. მთავარი მხოლოდ სოციალური პრობლემების მოგვარება არ უნდა ყოფილიყო. იქნებ მცირე დრო გვგონია ოცი წელი მიზნის  მისაღწევად.  თავის გასამართლებლად არ გამოგვადგება ის, რომ ვერ ვიმყოფინეთ ეს დრო. ყველასათვის ცხადია, რომ კონფლიქტის მოგვარებაში ოფდნავ პროგრესიც არა გვაქვს, პირიქით, ამ წლებმა უფრო დაგვაშორა ერთ დროს სანიმუშო ურთიერთობებს  აფხაზებთან.

 

უნდა ვაღიაროთ, რომ ამ წლების განმავლობაში აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს გამოკვეთილი ინიციატივა არ გამოუჩენია. სამწუხაროდ ის იმ მდინარებით მიდიოდა, რომელსაც ჰკარნახობდა საქართველოს ხელისუფლება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, საჭიროა აბსოლუტურად შეიცვალოს აფხაზეთის ვექტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ისევ იმ  უმოქმედო, გაყინულ წრეში  აღმოვჩნდებით.

 

მოძმე აფხაზმა ერმა უნდა ირწმუნოს ის, რომ ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას. არსებობს ის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც ორივე ერს დაგვანახვებს ერთმათენისკენ  მისასვლელ გზებს. ჩვენ ხომ ქრისტეს რჯულით მადლცხებული ერი ვართ. არ გაგვიჭირდება ურთიერთმიტევება. ისტორიული ჭეშმარიტება წინ გვაქვს. საუკუნეების განმავლობაში ღვრიდა ქართველთა სისხლს სპარსეთი და ოსმალეთი, მაგრამ დღეს ორივე სახელმწიფოსთან  გვაქვს კარგი ურთიერთობა. ასე რომ, შეუძლებელი არაფერია. მთავარია, ჩვენი გასაკეთებელი ჩვენვე გავაკეთოთ, ნუ ვიქნებით მხოლოდ სხვის იმედზე, დროა, მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი ინიციატივა.

 

საქართველომ თავისი დიდი ხნის ისტორიის მანძილზე  ისეთი ძნელბედობის ბილიკებით იარა, რომ დიდი რისკი იყო დაეკარგა სიყვარულისა და ჰუმანურობის უნარი, მაგრამ მასში პირიქით მოხდა. ქართველ კაცში არის ის დიდი სითბო, რომელიც მუდამ ხიბლავდა ჩვენში მოსულ სტუმარს. ეს აფხაზებსაც და ოსებსაც კარგად ახსოვთ. ქართველთა სტუმარმასპინძლობა ნებისმიუერ ერს შეშურდება. ამიტომაც, ჩვენ გვაქვს სულიერი ბერკეტი იმისა, რომ ძალადობით დარღვეული ურთიერთობა აღვადგინოთ სიკეთით.

 

სამწუხაროდ, ჩემს წერილს ტკივილიანი განწყობა სდევს, ამიტომაც მინდა მკითხველთან საუბარი დავასრულო ჩვენი უწმინდესის იმედიანი შეგონებით: „საქართველო თესავს სიკეთეს, არის რჩეული ღვთისა, არის ღვთის მამული, ამიტომ ბედი საქართველოსი არის კეთილი, მშვიდობიანი და აუცილებლად ექნება კეთილი მომავალი“.


მურმან კვარაცხელია

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions