აფხაზეთის სეპარატისტული ადმინისტრაცია ცდილობს ევროპის ცალკეულ ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულებები დადოს. აღსანიშნავია იტალიისა და საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის უწყებებთან ინტენსიური მოლაპარაკებები.
ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა აღნიშნავს, რომ „იტალია და საფრანგეთი გამორჩეული ქვეყნებია მსოფლიო თანამეგობრობიდან, ვინც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერებია. ნურავინ ნუ დაგვიწყებს იმის მტკიცებას, რომ სავაჭრო ურთიერთობები პოლიტიკა არ არის და ამ სფეროში შეუზღუდავი საქმიანობა შეუძლებელია სხვა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევად ჩაითვალოს და თუ ეს ასეა, საკითხავია რაში გამოიხატება საქართველოსა და დასახელებული ქვეყნების მეგობრობის, ურთიერთთანამშრომლობის რეგულარულად დეკლარირებული მახასიათებლები?! ვეჭვობ, ამ ნაბიჯებით იტალია და საფრანგეთი არა საქართველოს, არამედ თავიანთი ეროვნული ინტერესებისათვის ზრუნავენ.
აფხაზეთის საზოგადოებას შეკითხვები მათთან კი არა, საქართველოს ხელისუფლებასთან აქვს – სანამდე უნდა ვიყოთ სხვისი უპრაგონო ქმედებების შემყურე აფხაზეთიდან უკანონოდ, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დარღვევით გამოდევნილი ადამიანები?!“