საქართველოს პარლამენტში იმსჯელეს გალის რაიონში სასკოლო განათლების შესახებ

 

გაიმართა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომელსაც ბ-ნი გიორგი ვოლსკი უძღვებოდა. მიწვეული იყვნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიაზაციათა წარმომადგენლები.

 

სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის  ლია გიგაურის  მოხსენება გალის რაიონში სასკოლო განათლების მდგომარეობის შესახებ. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელით ჯემალ გამახარიამ წარმოადგინა თანამოხსენება, რომელიც კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიცავდა. კამათში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა გუბაზ სანიკიძემ, გუგული მაღრაძემ, პაატა ბარათაშვილმა, გიორგი რატიანმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა(გია) გვაზავამ, უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა კოალიციის "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და მინისტრის მოადგილემ  მანანა ქვაჩახიამ, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ  და სხვებმა. მომხსენებლებმა და კამათში მონაწილეებმა კონკრეტულ საკითხებზე დაყრდნობით ისაუბრეს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის "საგანმანათლებლო" პოლიტიკაზე გალის რაიონში, რომლის მიზანია ადგილობრივი ქართული მოსახლეობის რუსიფიკაცია. აღინიშნა, რომ  უხეშად ირღვევა ქართული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლება  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების თაობაზე. ითქვა, რომ ამის შესახებ მსოფლიო თანამეგობრობა სათანადოდ ინფორმირებული არ არის.

 

საქართველოს პარლამენტის წევრებმა მოიწონეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სახელით წარმოდგენილი რეკომენდაციები, გამოთქვეს სურვილი გალის რაიონში განათლების მდგომარეობის, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე უშუალოდ უმაღლეს საბჭოში ერთობლივი მუშაობის შესახებ, მხარი დაუჭირეს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტის აღდგენის წინადადებას.

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions