აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის უმაღლესი საბჭოს სამომავლო გეგმების შესახებ

 

 

მოკლე თეზისები

 

ქვეყანაში შექმნილ ახალ პოლიტიკურ ვითარებასთან და არჩევით თანამდებობებზე ყოფნის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ა/წ 25 მარტს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შიდა არჩევნების ჩატარების შესახებ. არჩევნები 28 მარტს გაიმართება. უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა კოალიციამ ,,ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო“ და დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წამოაყენეს ბ-ნ ელგუჯა გვაზავას კანდიდატურა. თავმჯდომარის მოადგილეებად დასახელებული არიან ბატონების ჯემალ გამახარიასა და დავით გვაძაბიას კანდიდატურები. ფრაქციათა კოალიციამ და დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფმა მოიწონეს თეზისების სახით წარმოდგენილი უმაღლესი საბჭოს სამომავლო გეგმის შემდეგი პროექტი, რომელიც სესიაზე დამტკიცების შემდეგ ახალი ხელმძღვანელობის სამოქმედო პროგრამის საფუძველი გახდება:

 

1. აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების, მათ შორის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მის პოლიტიკურ კურსთან; დიდწილად ეს განაპირობებდა ჩვენს წარმატებებსაც და ხარვეზებსაც. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, როდესაც ვიყავით ყველანაირად შეზღუდულები, როდესაც უმაღლესი საბჭოს მოსაზრებებისა და ინიციატივების იგნორირება ხდებოდა, ახლოს არ გვეკარებოდა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასმედია და ა.შ. შედეგად მივიღეთ აფხაზეთის უმაღლესი პოლიტიკური ორგანო უზარმაზარი პასუხისმგებლობით, მასზე დაკისრებული ისტორიული მისიით, მაგრამ იმავდროულად ხელებშეკრული და ფაქტობრივად უუფლებო. ყოველივე ამან სავსებით ბუნებრივად წარმოშვა კითხვები საზოგადოებაში, რომელსაც პასუხები სჭირდება, თანაც არა მხოლოდ თეორიულად დასაბუთებული, არამედ პრაქტიკული საქმეებით დადასტურებული.

 

2. თავისი არსებობისა და მოღვაწეობის მანძილზე, რომელიც აღსავსე იყო ტრაგიკული მოვლენებით, ბობოქარი და წინააღმდეგობრივი პოლიტიკური პროცესებით, სოხუმში 1991 წელს არჩეული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჯანსაღი ნაწილი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა. სოხუმშიც და თბილისშიც ჩვენს დეპუტაციას არც ერთი საბედისწერო პოლიტიკური შეცდომა არ დაუშვია, ქვეყნის საზიანო არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ცხოვრებამ დაადასტურა უმაღლესი საბჭოს სტრატეგიული ხედვების სისწორე, თუმცა ვიყავით და ვრჩებით ჩვენგან დამოუკიდებლად არსებულ დამაბრკოლებელ, ხშირად გადაულახავ გარემოებათა მძევლებად, რაც არა ერთი ტაქტიკური ხასიათის გადაცდომის მიზეზი ყოფილა და, ალბათ, მომავალშიც იქნება.

 

3. უმაღლესი საბჭო მხოლოდ მისთვის დაკისრებული მისიით, განვლილი გზით, აგრეთვე თავისი შემადგენლობითაც უნიკალური სახელისუფლებო ინსტიტუტია. ჩვენს რიგებში არის ყველა იმ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, ვინც კი საქართველოში 90- იანი წლებისთვის არსებობდა და თავისი სიმართლით ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგა. სხვათა შორის, ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ საქართველოში და ცივილიზებული სახე მივეცით ე.წ. კოჰაბიტაციის პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 2013 წელს ვერ შედგა. უნიკალურია უმაღლესი საბჭო ეთნიკური შემადგენლობითაც, განსაკუთრებით ინტელექტუალური და პროფესიონალური თვალსაზრისით. ამდენი საქვეყნოდ ცნობილი, უზარმაზარი ცხოვრებისეული და პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილების მქონე ადამიანი, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების დამსახურებულად მფლობელი, ამდენი წიგნის ავტორი, სხვადასხვა სფეროში მაღალი დონის პროფესიონალი თვით საქართველოს პარლამენტსაც კი დაამშვენებდა (ამშვენებდა კიდევაც), ან მრავალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს დააკომპლექტებდა. მომავალი ხელმძღვანელობის წმინდათა წმინდა ვალია გაუფრთხილდეს უმაღლესი საბჭოს თითოეულ წევრს, შეუქმნას მათ ყველა პირობა მუშაობისთვის, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ჩვენს მდგომარეობაში მყოფი  დეპუტატებისთვის  ეს ყოველივე უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა  კიდევ დიდხანს ვზიდოთ უზენაესის მიერ დაკისრებული მძიმე ჭაპანი.

 

4. უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, მისი ეფექტურობა ბევრად არის ხელმძღვანელობაზე, პირველ ხელმძღვანელზე დამოკიდებული. დევნილობის პერიოდში სამი თავმჯდომარე გვყავდა. ისინი იმდენად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, რამდენადაც განსხვავებული იყო თვით პირობები, რა პირობებშიაც მოუწიათ მათ მუშაობა. აწ განსვენებულ თამაზ ნადარეიშვილს თითქმის ყველა პირობა და, რაც მთავარია, სახელისუფლებო ბერკეტი გააჩნდა პოლიტიკური აქტიურობისთვის, აფხაზეთის პრობლემატიკის აქტუალიზაციისთვის, რასაც იგი საკმაოდ კარგად იყენებდა. ბ-ნ თეიმურაზ მჟავიას რევოლუციური გზით მოსული, ტოტალიტარული ტენდენციების მქონე, მაგრამ ქვეყნის შიგნით და გარეთ პოპულარული ხელისუფლების ზეობის პირობებში მოუწია მუშაობა. ეს იყო პერიოდი, როდესაც უმაღლესი საბჭოს ფუნქციები მკვეთრად შეიზღუდა და ხელისუფლება მისი გაუქმებისთვის ემზადებოდა. აღნიშნული, რბილად რომ ვთქვათ, არასახელმწიფოებრივი გეგმა 2008 წლამდე თუ ვერ განხორციელდა (შემდგომში იგი დღის წესრიგიდან მოიხსნა), ამაში ბ-ნ თეიმურაზის დამსახურება ძალიან დიდია. მის აქტივშია აგრეთვე  უაღრესად საინტერესო წინადადებების ინიცირება (რომლებსაც ხელისუფლება უყურადღებოდ ტოვებდა), უმაღლეს საბჭოში  იმჟამად არსებული დაპირისპირების განმუხტვა და ერთიანი გუნდის შეკვრა, რომელიც სხვადასხვა, მათ შორის იდეოლოგიური მიმართულებით საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა. ბ-ნ გია გვაზავას თავმჯდომარეობა შიდადაპირისპირებების, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების თანდათანობით დასუსტების, ქვეყანაში უსამართლობის დანერგვის, დევნილთა უფლებების ფეხქვეშ გათელვის, მშვიდობიანი მეთოდებით, მაგრამ მძაფრი კონფრონტაციის პირობებში ხელისუფლების შეცვლის, ამასთან დაკავშირებული მართვადი თუ უმართავი ქაოსისა და ე.წ. კოჰაბიტაციის პირობებში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. შექმნილ ვითარებაში უკვე გარედანაც გაძლიერდა ზეწოლა და ბრძოლა უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. თავმჯდომარის მიერ გამოჩენილმა  მოთმინებისა და ლავირების უნარმა ხელი შეუწყო ვითარების შედარებით სტაბილიზაციას და უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებისთვის პირობების შექმნას; ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

 

5. უმაღლეს საბჭოს ამიერიდან განსხვავებულ პირობებში და გარემოში მოუწევს მოღვაწეობა. ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას ადგას. საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაციის პროცესის გაღრმავებას აუცილებლად მოჰყვება სამოქალაქო აქტიურობის ზრდა, რისი მოწმენიც უკვე ვართ. ცხადია, ეს ფაქტორი სერიოზულ გავლენას მოახდენს უმაღლესი საბჭოს მუშაობის სტილზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი რეალიზაციის პროცესებზე, თუ გნებავთ, საკადრო პოლიტიკაზე. მთელი ჩვენი საქმიანობა ბევრად უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს. სახელისუფლებო წნეხისაგან გათავისულებული, გამოფხიზლებული, ზოგჯერ გაბრაზებული საზოგადოება კი გამადიდებელი შუშით დაგვაკვირდება. ამისთვის ყველანაირად მზად უნდა ვიყოთ. 2013 წლის მეორე ნახევარში ლეგიტიმურ სახელისუფლებო სტრუქტურებში, მათ შორის უმაღლეს საბჭოში  განვითარებული პროცესები სულაც არ მიუთითებდნენ იმაზე, რომ მთელმა ჩვენმა დეპუტაციამ სწორად გაიაზრა ქვეყანაში შექმნილი ახალი რეალობა და იგი ამ რეალობის ადექვატურად მოქმედებდა. აღმოჩნდა, რომ უფლის განგებით უმაღლეს საბჭოზე, თითოეულ ჩვენთაგანზე  დაკისრებული ისტორიული მისია,  მისგან გამომდინარე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყველას არ გვქონია სრულად გაცნობიერებული.  ზოგადად თუ ვიტყვით, ჩვენი უმთავრესი მისია ყოველთვის იყო და დღესაც არის აფხაზეთისთვის ბრძოლის ავანგარდში ყოფნა. აღნიშნული ბრძოლის პირველი, სამხედრო ეტაპი ჩვენი დამარცხებით დასრულდა,  მაგრამ აფხაზეთი დე-იურე ჯერ კიდევ არ არის დაკარგული. ამჟამად (ბრძოლის მეორე, გადამწყვეტ ეტაპზე) ინტელექტუალური, ანუ სამართლებრივი, პოლიტიკური, იდეოლოგიური, დიპლომატიური ომი მიმდინარეობს. მისი წაგების უფლება ჩვენ უკვე არ გვაქვს, ვინაიდან  ამ შემთხვევაში სამუდამოდ გამოვემშვიდობებით აფხაზეთს. არადა მოწინააღმდეგე, არც მეტი, არც ნაკლები, კვლავაც რუსეთის ფედერაციაა სეპარატისტულ რეჟიმთან ერთად. აი, ამ საფრთხისა და მაღალი პასუხისმგებლობის სრულად გაცნობიერება, ახალი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით მოქმედება იქნება საწინდარი ჩვენი დეპუტაციის მომავალში ერთობლივი წარმატებული მოღვაწეობისა.

 

6. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის, აფხაზეთისთვის ინტელექტუალური ბრძოლის წარმატებისთვის აუცილებლად მიგვაჩნია მაღალკვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტებული ანალიტიკური ცენტრის შექმნა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს კომპლექსურად შეისწავლის. აფხაზეთში არსებული ვითარების ზედაპირული ცოდნა თანამედროვე ეტაპზე სრულებითაც არ არის საკმარისი. 20 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, გამოიკვეთა ახალი ტენდენციები, რომელთა ერთი ნაწილი უარყოფითია, ანუ კიდევ უფრო გვაშორებენ აფხაზეთს; მეორე ნაწილი დადებითია, ანუ გვაახლოებენ  აფხაზეთთან. გვჭირდება ყოველივე ამის მეცნიერული ანალიზი და სათანადო რეკომენდაციები, რომლებიც შეაფერხებენ უარყოფით პროცესებს, წაახალისებენ დადებითს და ა.შ. იმედი გვაქვს, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების თანადგომით ასეთი ცენტრი შეიქმნება. იგი ჰაერივით სჭირდება აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას, აფხაზეთისთვის ბრძოლის წმიდათა წმიდა საქმეს. ამ ბრძოლის წარმატება უფრო გარანტირებული რომ იყოს, უმაღლესი საბჭო ვალდებულია, მოახდინოს მთელი აფხაზეთის (და არა მარტო აფხაზეთის) საკმაოდ მძლავრი ინტელექტუალური პოტენციალის კონსოლიდაცია. პირველ რიგში, ვგულისხმობთ სოხუმის უნივერსიტეტს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს, სადაც საქვეყნოდ ცნობილი ექსპერტები (მათ შორის აფხაზეთის საკითხებში) და მეცნიერები მოღვაწეობენ; ვგულისხმობთ აგრეთვე აფხაზეთის პრობლემატიკით დაკავებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ცალკეულ პიროვნებებს. სერიოზული ინტელექტუალური დასაყრდენი შეიძლება გახდეს აფხაზეთის იურისტთა ასოციაცია თუ კავშირი, რომლის ჩამოყალიბებას ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ.

 

7. საქმეში ჩაუხედავი ადამიანების საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი (სხვადასხვა ჯურის პროვოკატორებს არ ვგულისხმობ) გულწრფელად თვლის, რომ უმაღლესი საბჭო თითქოს  არაფერს აკეთებს, რომ დეპუტატები ტყუილად იღებენ ხელფასებს და ა.შ. უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოების ნაწილში ამგვარი მცდარი შეხედულების გავრცელებაში პატარა წვლილი ჩვენც მიგვიძღვის. რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, დაინტერესებულ საზოგადოებას არ თუ  ვერ ვაწვდით დამაჯერებელ ინფორმაციას გაწეული მუშაობის, ჩვენი ფუნქციის, რეალური შესაძლებლობების, გეგმებისა და მიმდინარე  საქმიანობის  შესახებ. დიდი მადლობა ჩვენდამი კეთილად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც დროშას, სიმბოლოს გვიწოდებენ. რა თქმა უნდა, აფხაზეთთან მიმართებაში, ყველაფერთან ერთად, დროშის თუ სიმბოლოს საპატიო ფუნქციაც გაგვაჩნია, რაც ზნეობრივი ხასიათის დამატებით პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ეს სწორია, მაგრამ უმაღლესი საბჭო, უპირველეს ყოვლისა, აქტიურად მოქმედი პოლიტიკური ორგანოა. მას დიდი და კონკრეტული მისია აკისრია დროებით გახლეჩილი, დაპირისპირებული აფხაზეთის საზოგადოების შერიგების, არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის ხელშეწყობის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების, ენგურს გაღმა-გამოღმა მცხოვრები აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის უფლებების დაცვის საქმეში და ა.შ. ამ მისიის შესრულებამ, სახელმწიფოს მიერ გატარებულ სხვა ზომებთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ აფხაზეთის დეოკუპაციამდე უნდა მიგვიყვანოს.  უმაღლესი საბჭო არ არის და არც უნდა იყოს ორგანო, რომელიც მარტო ,,სეზონური’’ თუ შემთხვევითი, ერთჯერადი სამუშაობით, ე.წ. ღონისძიებებითაა  დაკავებული.

 

საზოგადოების ნაწილში არსებული სამართლიანი პრეტენზიების ან გაურკვევლობის, ზოგ შემთხვევაში უსაფუძვლო ბრალდებების და კითხვების მოხსნის, რაც მთავარია, ჩვენი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვის მიზნით, უნდა შევიმუშაოთ დოკუმენტი, რომელშიც მკაფიოდ გაიწერება უმაღლესი საბჭოს ფუნქციები, გამოიკვეთება პრიორიტეტები, დაიდება სამუშაო გეგმა, რომლის შესრულების ვადა გაგრძელდება არა ერთი სასესიო პერიოდი, არა ერთი ან ხუთი წელი, არამედ აფხაზეთში  დაბრუნებამდე. ერთი სიტყვით, დაიდება გრძელვადიანი პროექტები, რომელთა განხორციელებაზე თანმიმდევრულად ვიმუშავებთ. სანამ ფიზიკურად ვიქნებით, იმედი მაქვს დიდხანს ვიქნებით, არც ჩვენ დავისვენებთ და არც სხვას მოვასვენებთ, ვისაც აფხაზეთის პრობლემა პირდაპირ ან ირიბად ეხება.

 

8. დევნილობაში მყოფი აფხაზეთის სამეურნეო, კომერციული, შემოქმედებითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების საქმიანობის, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის (მომსახურების) და პროფესიული მიღწევების საერთაშორისო დონეზე წარმოჩენისათვის, მათი საქმიანობის ხელშეწყობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი პროდუქციის (მომსახურების) წარმოების სტიმულირებისთვის, აგრეთვე  თანმხვედრი სახალხო დიპლომატიის გააქტიურების მიზნით  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მიმდინარე წლის I ნახევარში დაასრულოს აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებისა და მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამუშაოები.

 

9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის შეთანხმებული მოქმედებით შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) “აფხაზეთის კვლევის ცენტრი” – კვლევით-ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც კოორდინირებას გაუკეთებს და აკადემიურ დონეზე შეისწავლის/გაანალიზებს  დე-ფაქტო აფხაზეთში (ოკუპირებულ ტერიტორიაზე) მიმდინარე  პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს, ორგანიზირებას გაუკეთებს დეოკუპაციის ღონისძიებების სტრატეგიულ დაგეგმვას და მის მონიტორინგს, მოახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე ოპერატიული რეაგირების მექანიზმის შემუშავებას, დაგეგმავს საერთაშორისო საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირებულობისა და კომუნიკაციის ღონისძიებებს და მიღებულ შედეგებს (კვლევებს) რეგულარულად (ყოველთვიურად, ასევე ოპერატიულ რეჟიმში) მიაწვდის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ ხელისუფლებას შემდგომში ქვეყნის ხელისუფლების საკანონმდებლო-აღმასრულებელი ორგანოებისადმი გასაცნობად და შესატყვისი რეაგირებისათვის.

 

10. უმაღლესი საბჭოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად დევნილობაშიც კანონშემოქმედებითი საქმიანობა რჩება, რომელიც გულისხმობს

 

- აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას და მის მუდმივ სრულყოფას;

- აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული ე.წ. კანონებისა და სხვა სამართლებრივი აქტების (მათ შორის ე.წ. საერთაშორისო ხელშეკრულებების) ექსპერტიზას, მათ გაუქმებასა და აღნიშნულის თაობაზე მსოფლიო თანამეგობრობის ინფორმირებას;

- მომავალი აფხაზეთის ახალი კონსტიტუციის პროექტის ძირითადი დებულებების წინასწარ შემუშავებას;

-   საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას.

 

11. უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ეროვნული და საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს. ვინაიდან აფხაზეთში ეს უფლებები 1992-1993 წლებიდან დღემდე ტოტალურად და პერმანენტულად ირღვევა, უმაღლესი საბჭოს პირდაპირი მოვალეობაა

- ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების ყოველდღიური ზუსტი აღრიცხვა, მათი სამართლებრივი შეფასება და ადექვატური რეაგირება;

- ადამიანის უფლებების დასაცავად საოკუპაციო რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერება, ამ მიზნით საერთაშორისო ბერკეტების, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოების (ცალკეულ თემებზე პრეცედენტული საქმეების წარმართვა) გამოყენება;

- საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სოციალური პაკეტის აფხაზეთის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე კონტროლის დაწესება;

- განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი გალის რაიონის მოსახლეობის უფლებების დაცვისა და დახმარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავება;

- იძულებით გადააგილებულ პირთა და ლტოლვილთა სოციალური და პოლიტიკური უფლებების დაცვა;

-  იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთრების უფლების სხვადასხვა ხერხით და მეთოდით დაცვა;

-  დევნილობაში და ლტოლვილობაში ყოფნასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეთა სამართლებრივი დახმარების სპეციალური სამსახურის შექმნა უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურაში;

-  იძულებით გადაადგილებულ პირთა  და დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პრობლემატიკის აქტუალიზაცია საერთაშორისო არენაზე.

 

12. უმაღლესი საბჭოს პირდაპირი მოვალეობაა ხელი შეუწყოს მასპინძელ საზოგადოებაში იძულებით გადადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და ამავე დროს მათი თვითიდენტიფიკაციის შენარჩუნება - გაღრმავების ორი პარალელური პროცესის განვითარებას; აფხაზეთის პრობლემის მოგვარების კიდევ უფრო გაჭიანურების შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე დევნილთა უფლებების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაცვის, დევნილთა რიგებიდან აფხაზეთისთვის მებრძოლი ახალი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად დამატებითი ლეგიტიმური ბერკეტების შექმნას. ამ მიზნით უმაღლესმა საბჭომ უნდა იზრუნოს

- სათანადო საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად, რათა საქართველოს მთავრობის პროგრამის შესაბამისად, შესაძლებელი გახდეს ისეთი წარმომადგენლობითი ორგანოს ჩამოყალიბება, რომელიც მუნიციპალურ საკრებულოებში და საქართველოს პარლამენტში სპეციალური კვოტებით არჩეული დეპუტატებისაგან დაკომპლექტდება;

- საქართველოს მთავრობის პროგრამის შესაბამისად, აფხაზეთის მთავრობისთვის ცენტრალური ხელისუფლებიდან დამატებითი ფუნქციების გადაცემის დაჩქარებისთვის.

 

13. აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების შერიგების, ნდობის აღდგენის რთული და მტკივნეული პროცესისთვის ხელშეწყობა უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს. უკანასკნელი წლების მანძილზე დაგროვილი პოზიტიური და ნეგატიური პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით საჭიროდ მიგვაჩნია

- ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ცალკე, რამდენადმე გაზრდილი სოციალური პაკეტის შეთავაზება (რომელიც ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული), საქართველოს მთავრობაში სათანადო წინადებების წარდგენა;

- ერთობლივი ბიზნეს-პროექტების წახალისება,  ასეთი  პროექტების შემუშავებაში დახმარება;

-  აფხაზეთიდან დევნილი სასწავლო, სამეცნიერო დაწესებულებებისა და შემოქმედებითი გაერთიანებების განვითარებისთის ხელშეწყობა, მათი მონაწილეობით სახალხო დიპლომატიის გააქტიურება;

- აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი და აფხაზი ახალგაზრდებისთვის  საზღვარგარეთ განათლების მისაღებად  გრანტის გამოყოფა რესპუბლიკური ბიუჯეტიდან;

- აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლების შემოღება;

- აფხაზური კულტურის პროპაგანდა ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ;

- ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება, საერთო შრომების გამოცემა ისეთ საკითხებზე და თემებზე, სადაც მხარეთა ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა;

- შერიგებისა და ნდობის აღდგენის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად კოორდინირებული მოქმედება;

- საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანების გადაადგილებისა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე საქმიანობის შემაფერხებელი ბიუროკრატიული ბარიერების შემდგომი გამარტივება.

 

14. უმაღლესი საბჭო უნდა იქცეს სახელმწიფოს მიერ გატარებული არაღიარების პოლიტიკის ეფექტურობის  კიდევ უფრო ამაღლების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად. აღნიშნული მისიის შესრულება მოითხოვს პოლიტიკური და იდეოლოგიური მუშაობის გააქტიურებას, უფრო კონკრეტულად კი გულისხმობს

- აფხაზეთში განხორციელებული ეთნოწმენდისა და მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, ქალების, ხანდაზმულების, ავადმყოფების მასობრივი წამებისა და გაუგონარი სისასტიკით ხოცვა - ჟლეტის ამსახველი მასალების საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ცალკეული სახელმწიფოებისთვის მიწოდებას;

- აფხაზეთის შესახებ მსოფლიოში სწორი ინფორმაციის სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა ენებზე მიზანმიმართულ გავრცელებას;

- აფხაზეთში და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების, ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საერთაშორისო შეხვედრებისა და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების მოწყობას, მისი დასკვნების საფუძველზე საოკუპაციო რეჟიმის მხილებას;

- აფხაზეთში მიმდინარე კულტურული გენოციდის ფაქტების (კულტურის ძეგლების განადგურება ან დამახინჯება, ქართული ისტორიული დასახლებებისთვის სრულიად უსაფუძვლოდ სახელების გადარქმევა, ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა და ა.შ.) სათანადო  საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიწოდებას, აღნიშნულ და სხვა საკითხებზე სასამართლო დავების დაწყებას;

- როგორც მეგობარი, ისე ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში, სამოქალაქო სექტორში მხარდამჭერთა მოძიებას და მათი დახმარებით არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო გააქტიურებას;

- აფხაზეთის ტელევიზიის ჯერ აღდგენას, შემდგომში კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აფხაზეთის ტელევიზიის დაფუძნებას.

 

15. წარმომადგენლობითი ორგანოს ერთ-ერთი ფუნქციაა აღმასრულებელი ხელისუფლების, მთავრობის საქმიანობაზე კონტროლი. 2013 წელს აფხაზეთის მთავრობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, აუცილებელია ასეთი კონტროლის გაძლიერება. ამ მიზნით საჭიროა

- უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომებზე და აგრეთვე სესიებზე მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშების, ინფორმაციების მოსმენა;

- სამთავრობო დაწესებულებებისა და აფხაზეთის მინისტრის აპარატების ანგარიშების პერიოდული მოსმენა სათანადო კომისიების სხდომებზე;

- რესპუბლიკური ბიუჯეტის განკარგვაზე პერიოდული მონიტორინგის დაწესება;

- სამთავრობო დაწესებულებებში თანამედროვე განათლების მქონე პერსპექტიული ახალგაზრდების, ასევე გამოცდილი ადამიანების მოზიდვის მიზნით საკადრო პოლიტიკაზე მონიტორინგის განხორციელება;

- მთავრობაზე კონტროლის გაძლიერების სამართლებრივი მექანიზმების დახვეწა.

 

16. დასახული მიზნების განხორციელება თავისთავად მოითხოვს უმაღლესი საბჭოს ორგანიზაციული საქმიანობის გარდაქმნას. სამი კომისიისა და, ჩვენი რეგლამენტიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შესაძლებელი ოთხი ფრაქციის არსებობა ყოვლად დაუშვებელია. იგი ხელს უშლის მუშაობის გააქტიურებას და მხოლოდ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება. ვინაიდან უმაღლესი საბჭოს არჩევნები არ ტარდება (ვერც ჩატარდება) და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით მისი შევსება არ ხდება, ამასთანავე თითქმის ყველა დეპუტატი თავის იდენტიფიცირებას მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან ახდენს, განსხვავებული შეხედულებების გამოსახატავად ორი ფრაქცია და დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი სავსებით საკმარისია. სამაგიეროდ, გამონთავისუფლებული სახსრები შეგვიძლია მივმართოთ ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის შექმნისკენ, რათა რადიკალურად გარდავქმნათ მუშაობა ამ მიმართულებით. ეს უნდა იყოს დღეს არსებული ოთხივე ფრაქციის ინტერესებში.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას დეპუტატებს შორის არსებული ზოგჯერ უსაგნო, მაგრამ მწვავე დაპირისპირება. ასეთი ,,ფუფუნების“ უფლება, სამწუხაროდ, არ გვაქვს.

 

17. რეორგანიზაციას მოითხოვს უმაღლესი საბჭოს აპარატის საქმიანობა, მისი სტრუქტურა. შიდა რესურსების ბაზაზე, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიქმნას ძლიერი იურიდიული დეპარტამენტი. აპარატის ტექნიკური აღჭურვილობა ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. საკადრო პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების (იურისტების, პოლიტოლოგების) მოზიდვაზე, რაც ზემოაღნიშნული პრიორიტეტების, უმაღლესი საბჭოს ფუნქციების უპირობო განხორციელების გარანტი იქნება. აპარატში ამჟამად დასაქმებულ სპეციალისტებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საკმაოდ გამოცდილი და თავისი საქმის პროფესიონალია, პრაქტიკული მუშაობის პროცესში კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების მოტივაცია და შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

 

 

ფრაქციათა კოალიციის

,,ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველოსა“

და დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions