აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განცხადება

 

7 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია გაიმართა, რომელზეც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ელგუჯა გვაზავა აირჩიეს.

 

დილიდან შენობის წინ, სადაც განლაგებულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, შეიკრიბა 30-მდე აფხაზეთიდან დევნილი ხელნაწერი პლაკატებით უმაღლესი საბჭოსა და დეპუტატ ე.გვაზავას შეურაცხმყოფელი ტექსტით.

 

სესიის სხდომის მსვლელობისას აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი უმაღლესი საბჭოს მისაღებში ხმაურით, მეგაფონითა და შეურაცხმყოფელი წამოძახილებით ცდილობდა ზეწოლა განეხორციელებინა დეპუტატებზე.

 

სესიის სხდომის დასრულების შემდეგ ”მომიტინგეთა” აქცია ყოველგვარ ზღვარს გადასცდა და ხულიგნურ ქმედებაში გადაიზარდა, როცა შენობიდან ქუჩაში გამოსულ დეპუტატს, ქალბატონ ოლღა ნაგარნინას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ”აქტიურობდნენ” როგორც ქალები, ისე ახალგაზრდა მამაკაცები.

 

ამ ქართველი ”ვაჟკაცებისგან” განსხვავებით, ქალბატონი ოლღა, ეროვნებით უკრაინელი, 1992-93 წლებში იარაღით ხელში იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.

 

ცხადია, საქართველოში ნებისმიერ მოქალაქეს აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა დაუშვებლად მიგვაჩნია დემოკრატიული ფასეულობის დამახინჯება და ბოროტად გამოყენება პირადი ამბიციების საფუძველზე. ხელოვნურად აჟიტირებულ მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ დეპუტატი ყველა სახელმწიფოში და მათ შორის საქართველოში ხელშეუხებელი პიროვნებაა და მისი უფლების შელახვა, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქის, სისხლის სამართლის დანაშაულია.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions