თამაზ ხუბუა: ”ვურჩევდი ყველას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კულტურის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით გაიარონ კონსულტაციები აფხაზეთიდან დევნილ მეცნიერებთან”

 

მ/წ 14 აპრილს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა დააანონსა კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე ქართულ-აფხაზური კომისიის შექმნა, მინისტრის მოადგილე ამ გარემოებას მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებად მიიჩნევს.

 

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თამაზ ხუბუამ.

 

„მიუხედავად ქალბატონ ქ.ციხელაშვილის წინმსწრები განცხადებისა, დარწმუნებული არ ვარ აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაცია მსგავსი კომისიის შექმნას დაეთანხმოს. სოხუმმა რომც განაცხადოს თანხმობა, ამის შერაცხვა სეპარატისტების კეთილ ნებად ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღიარებისა და მათი დაცულობის ზრუნვისათვის შეუძლებელია. განა ცხადზე უცხადესი არ უნდა იყოს თუნდაც ჰიპოტეტური პოზიტიური წარმოდგენა ქართული კულტურის ძეგლებთან მიმართებაში შეუძლებელია იმ ძალებისაგან, რომლებიც 20 წელზე მეტია მეთოდური სისტემატურობით იავარქმნიდნენ და დღესაც აგრძელებენ ყველაფერი იმის განადგურებას, რაც თუნდაც ირიბად მიუთითებდა ქართულ მემკვიდრეობაზე. ეჭვგარეშეა, რომ თუ სოხუმი დათანხმდება დასახელებული კომისიის ფარგლებში მოჩვენებით თანამშრომლობას, ეს გარემოება მათ მიერ გამოყენებული იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაარწმუნონ საერთაშორისო ექსპერტები (მათი მონაწილეობის გარეშე კი ეს წარმონაქმნი ვერ იფუნქციონირებს), თუ რა „ვანდალი ქართველების ხელში იტანჯებიან“ საუკუნეების განმავლობაში. მე ვურჩევდი ყველას, ვინც ჭეშმარიტად დაინტერესებულია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კულტურის ძეგლების დღევანდელი მდგომარეობითა და მათი დაცვა-აღდგენის პერსპექტივით, გაიარონ კონსულტაციები ამ სფეროში უაღრესად კომპეტენტური აფხაზეთიდან დევნილ მეცნიერებთან, სახელდობრ პროფესორ ლია ახალაძესთან  და პროფესიონალ რესტავრატორ მურთაზ ურიდიასთან. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, მიუხედავად უახლესი ისტორიის მწარე გაკვეთილებისა, აფხაზეთის პრობლემატიკასთან მიმართებაში ხშირად ბანალური მიამიტების როლში ვრჩებოდეთ!

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions