ზურაბ ჯგუბურიას ვიზიტი აჭარის უმაღლეს საბჭოში

 

მ/წ 14 აპრილს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქ.ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ავთანდილ ბერიძის მიწვევით. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობისა და დეოკუპაციის საკითხებზე კოორდინირებული საქმიანობის პერსპექტივები.

 

შეხვედრის დასაწყისში, ზ.ჯგუბურიამ ბ-ნ ავთანდილ ბერიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა მიიღო უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობის (დაბა ჩაქვი) ეზოს გამწვანების აქციაში-კავკასიური ენდემური ბზის ხეების დარგვის საზეიმო, მე-2 ტრადიციულ ღონისძიებაში. მან და ბ-ნმა ა.ბერიძემ უშუალოდ უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, პატარა სკვერში, გვერდიგვერდ დარგეს ბზის ნერგები.

 

შედგა შეხვედრა ადგილობრივი  პრესისა და ტელევიზიების (ტელეკომპანია "აჭარის ტელევიზია", ტვ-25, ადგილობრივი ინტერნეტ-ტელევიზია) წარმომადგენლებთან. ზ.ჯგუბურიამ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. ამასთან დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სახელით  მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებს და პირადად ბ-ნ ავთანდილ ბერიძეს, აჭარის ყველა მაცხოვრებელს, თანადგომისა და სოლიდარობისათვის.

 

ყურადღება დაეთმო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ეგიდით საზღვარგარეთ დაგეგმილ ღონისძიებებში აფხაზეთის ოკუპაციის პრობლემის გააქტიურებას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აჭარის ხელისუფლების რეალურ შესაძლებლობებზე ჰუმანიტარული ხასიათის აქციების (კულტურა, განათლება, სპორტი, კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებები)  ერთობლივად  განხორციელების საქმეში.

 

ბ-ნ ა.ბერიძის დიდი ინტერესი გამოიწვია ზ.ჯგუბურიას კონტაქტებმა ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკის, ხელოვნების და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონალურ ადმინისტარაციულ-პოლიტიკურ სუბიექტებთან (მხარეებათან) - მათთან გრძელვადიანი მეგობრობის თანამშრომლობის  გაფორმების   პერსპექტივით.

 

ნიშანდობლივია, რომ ბ-ნ ა.ბერიძის კაბინეტში ყველაზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია აფხაზეთის  და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რუქები, რაც  თვალსაჩინო მაგალითია ოკუპირებული რეგიონის სახიერი წარმოჩინებისთვის, მითუმეტეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ხშირი და მაღალი დონის ვიზიტორებისათვის. ეს ფაქტი სანიმუშო და მისაბაძი მაგალითია ქართული პოლიტიელიტისთვის და მაღალჩინოსნებისთვის!

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions