უკრაინის საელჩოს პირველი მდივნის ალექსეი ვაილუპოვის ვიზიტი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

 

30 აპრილს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ალექსეი ვაილუპოვი ესტუმრა. შეხვედრას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები - დავით გვაძაბია, ჯემალ გამახარია, ფრაქციათა კოალიციის ”ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო” თავმჯდომარე რაისა ქარაია, აპარატის უფროსი რევაზ გერგედავა და სხვები.

 

შეხვედრაზე უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს. ბატონმა ა. ვაილუპოვმა ისაუბრა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტების პარალელებსა და უკრაინის საელჩოს აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებასთან შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობაზე: ” რამდენიმე დღის წინ უკრაინამ მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ასევე იგეგმება მთავრობაში შესაბამისი უწყების შექმნა -  ყირიმის საკითხებთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერის დანიშვნა, რომელიც საერთაშორისო დონეზე იმუშავებს ამ პრობლემებზე. ვინაიდან საქართველოს კონფლიქტი კონკრეტულად რუსეთთან ჰქონდა და ჩვენთვის  ეს კრიზისი უცნობია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პოსტკონფლიქტური გამოცდილების გათვალისწინება”.

 

კითხვაზე - პროგნოზირებადია თუ არა უკრაინის გაყოფა, ბატონმა ვაილუპოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის ფედერალიზაციის საკითხი არავის ინტერესში არ არის და მოსახლეობა ერთმნიშვნელოვანად აღიარებს უნიტარულ უკრაინას.

 

თუ რატომ არ გამოიყენებს უკრაინა საქართველოსთან შედარებით გაცილებით ბრძოლისუნარიან არმიას დონეცკის ოლქში არა იარაღის გამოსაყენებლად, არამედ  არამედ სტაბილურობის გასამყარებლად, ალექსეი ვაილუპოვმა აღნიშნა: მიუხედავად იმისა,  რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის პროვოცირებას ახდენდნენ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეები, ჩვენმა ხელისუფლებამ  ჩათვალა, რომ ხალხის მიმართ ძალას არ გამოიყენებს.


ალექსეი ვაილუპოვის აზრით, ამ კრიზისის ყველაზე სავალალო შედეგი იქნება, ”თუკი რუსეთი შეიჭრება უკრაინის მატერიკულ ნაწილში, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მოხდება. მაგრამ თუკი მაინც და მაინც რუსეთი გადადგამს ასეთ ნაბიჯს, უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოძალადეებს საკადრისი პასუხი გასცენ და იმავდროულად შეასრულონ კონსტიტუციური მოვალეობა ქვეყნის წინაშე.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში მთავარი როლი ენიჭება საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას და არსებულ ვითარებაზე სწორი ინფორმაციის მიწოდებას.

 

შეხვედრის დასასრულს, უკრაინის ელჩის პირველმა მდივანმა წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს და სამომავლო შეხვედრებისა და კონსულტაციებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

 


 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions