31 მაისს, სასტუმრო “ამბასადორში“ გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია ”აფხაზეთის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს” პირველი იმიტირებული სხდომა, რომელზეც საპატიო სტუმრად მიწვეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ჯემალ გამახარია.
ახალგაზრდებმა სესიაზე განსახილველად დააყენეს აფხაზეთისთვის დიპლომატიური, იდეოლოგიური, ინტელექტუალური ბრძოლის წარმართვისათვის საჭირო გზების ძიების მათეული ხედვა და ამ ბრძოლაში ახალგაზრდების, როგორც ქვეყნის უდიდესი ფასეულობის როლი და მონაწილეობა.
ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბესიკ ექსეულიძემ, ერთი შეხედვით მეტად ამბიციური, მაგრამ აშკარად გულწრფელი განცხადება გააკეთა: „აფხაზეთის ახალგაზრდულ საბჭოსთან“ მიმართებაში მინდა აღვნიშნო ჩემი მთავარი მიზანი. ჩვენ სამხედრო დაპირისპირებისას წავაგეთ და არ გვაქვს უფლება, რომ ინტელექტუალურ ბრძოლაში დავმარცხდეთ, მე მინდა ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებაში. ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად მსურს შევძლო აფხაზეთში მცხოვრები და იქიდან დევნილი ახალგაზრდების დაკავშირება და სახალხო დიპლომატიის გააქტიურება. ასევე მინდა დამატებით მივაწოდოთ ჩვენი ორგანიზაციის სახელით ჩვენი ხმა საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთში განხორციელებული ეთნოწმენდისა და გენოციდის შესახებ. ჩვენი ორგანიზაციის სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებზე ყველას კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ, რომ აფხაზეთი ჩვენი განუყოფელი ნაწილია და ქართველები, განსაკუთრებით ახალგაზრდები არასდროს შევეგუებით მის ოკუპაციას”.
როგორც არასამთავრობო ”ახალგაზრდულ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში” განმარტეს, ორგანიზაციის აქტიური წევრები სხვადასახვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილებიც, რომლებიც ზემოთაღნიშნული ძირითადი მიზნის ირგვლივ არიან გაერთიანებული. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქვთ არაერთი ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის შედეგად ორივე მხარეს დაზარალებული მოზარდების ურთიერთდაახლოებას და საზოგადოებაში ინტეგრირებას.
ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის მესვეურებს განსაკუთრებულად ეიმედებათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის, მითუმეტეს, რომ ამ ურთიერთობას უკვე ჩაეყარა საფუძველი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ გამახარიამ მათ უკვე არაერთი საინტერესო რჩევა და იდეა მიაწოდა.
ბატონმა ჯემალ გამახარიამ “ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს” წევრებს გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სამოქმედო პროგრამა, რომლის გათვალისწინებასაც აპირებენ ახალგაზრდები თავიანთ საქმიანობაში.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა ახალგაზრდების ინიციატივას და განმარტა, რომ მიუხედავად სადღეისოდ აფხაზეთში მეტისმეტად გამწვავებული ვითარებისა, პოზიტიური იდეის ირგვლივ გაერთიანებული ახალგაზრდული ძალა, ინტელექტი და ენერგია უშედეგოდ არ ჩაივლის.
ბატონმა ჯემალ გამახარიამ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ”ახალგაზრდულმა უმაღლესმა საბჭომ, პირველ რიგში, თავისი კეთილშობილური და გულწრფელი მიზნები აფხაზურ საზოგადოებამდე უნდა მიიტანოს. დღეს აქ, სესიაზე მოვისმინეთ საინტერესო პროექტები, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებების დაცვის, განათლების, კულტურის, აფხაზური ენის სწავლების, დემოგრაფიის, ნარკომანიის და სხვა პრობლემებს. მათი რეალიზება სავსებით რეალურია. ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ კონსულტაციები, აღმოგიჩინოთ პრაქტიკული დახმარება. კარგი იქნება თუ თქვენი პროექტების განხორციელებაში მოხერხდება გალში მცხოვრები ახალგაზრდების, მათი მეშვეობით კი მომდევნო ეტაპზე აფხაზი სტუდენტების ჩართვა. დიახ, ჩვენი ვალია აფხაზთა გადარჩენისათვის ზრუნვა, როგორიც არ უნდა იყოს ამ ეტაპზე ჩვენდამი მათი დამოკიდებულება. იმავდროულად ჩვენი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ადამიანის უფლებების დარღვევის აღმაშფოთებელი ფაქტები, რაც ენგურს გაღმა ქართული მოსახლეობის მიმართ ხორციელდება. საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს საოკუპაციო რეჟიმის ძირგამომთხრელ საქმიანობას შინ და გარეთ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ არაღიარების პოლიტიკის წარმატებას, რასაც ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს”, - მიმართა ახალგაზრდული სხდომის მონაწილეებს ბატონმა ჯემალ გამახარიამ.