ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მოსახლეობის მასობრივი ძალდატანებითი პასპორტიზაცია, რაც ამ რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების იძულებით დარიგებაში გამოიხატებოდა. ეს პროცესი მიმდინარეობდა მოსახლეობაზე ზეწოლისა და მუქარის ფონზე, რომელსაც აფრთხილებდნენ, რომ აფხაზური უკანონო პასპორტებისა და ე.წ. მოქალაქეობის მიღებაზე უარის თქმას სხვადასხვა სახის შეზღუდვები მოჰყვებოდა აფხაზეთის ტერიტორიის დატოვების ჩათვლით.
მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი მოწოდებისა, შეეჩერებინათ აფხაზეთში იძულებითი პასპორტიზაციის პროცესი, რუსეთის ფედერაცია წლების განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მეშვეობით მიზანმიმართულად აგრძელებდა უკანონო პასპორტიზაციის პოლიტიკას, რითაც უხეშად ლახავადა აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უფლებებს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში აფხაზეთში დაიწყო უკუპროცესი, რაც აფხაზეთში გაცემული ე. წ. პასპორტების შემოწმებასა და, შედეგად, ამ დოკუმენტების ვითომ უკანონოდ დარიგების საბაბით, მათ ჩამორთმევას ითვალისწინებს. ისევე, როგორც თავის დროზე აფხაზური პასპორტების იძულებით დარიგება, ეს პროცესიც კონკრეტული პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული, რაც, საბოლოო ჯამში, აფხაზეთში მცხოვრები ქართველების ელემენტარული უფლებების შეზღუდვას ისახავს მიზნად. პასპორტების ჩამორთმევით ეთნიკურად ქართველებს აეკრძალებათ ოკუპირებული რეგიონის საზოგადობრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება, რისთვისაც საჭირო იქნება აფხაზური მოქალაქეობისა და პასპორტების ახლებური წესით მიღება, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს საქართველოს მოქალაქეობაზე და, სანდო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ეროვნებაზეც უარის თქმას.
ეს პროცესები, რომლებიც ინსპირირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ისევე როგორც თავის დროზე პასპორტების იძულებით დარიგება, მიმართულია აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ და წარმოადგენს წლების განმავლობაში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას. ამით კი ირღვევა მრავალი საერთაშორისო აქტი, როგორიცაა, მაგალითად, საერთაშორისო კონვენცია `რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ~. იგი `რასობრივ დისკრიმინაციად~ აღიარებს ნებისმიერ განსხვავებას, გამორიცხვას, შეზღუდვას ან უპირატესობის მინიჭებას, რასის, კანის ფერის, საგვარეულო, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის ნიშნებით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ ან საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა თანასწორობის საწყისებზე ცნობის, გამოყენების ან განხორციელების მოსპობას ან შელახვას.~ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-6 მუხლის თანახმად, კი `ყოველ ადამიანს, სადაც უნდა იმყოფებოდეს იგი, იმის უფლება აქვს, რომ აღიარებულ იქნეს მისი სამართალსუბიექტურობა~. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-16 მუხლი ადგენს, რომ თითოეულ ადამიანს, სადაც უნდა იყოს იგი, აქვს უფლება, რომ ცნონ მისი სუბიექტობის უფლება. როგორც ამ პაქტის საფუძველზე (28-ე მუხლი) შექმნილი ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ისე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სახელმწიფოებს გააჩნიათ ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება არა მხოლოდ თავიანთ ტერიტორიაზე, არამედ კონკრეტულ შემთხვევებში მათი ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეუთოს შეხვედრებზე მონაწილე სახელმწიფოებმა არაერთხელ დააფიქსირეს აფხაზეთში მომხდარი "ეთნიკური წმენდის", მოსახლეობის, უპირატესად, ქართველთა, თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მასობრივი განდევნის და უდანაშაულო მოქალაქეთა დიდი რაოდენობით დაღუპვის ფაქტები (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ბუდაპეშტის შეხვედრის რეზოლუცია, 1994 წლის 6 დეკემბერი; ეუთოს უმაღლესი დონის ლისაბონის შეხვედრის დეკლარაცია, 1996 წლის 2-3 დეკემბერი; ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლესი დონის სტამბულის შეხვედრის დეკლარაცია, 1999 წლის 19 ნოემბერი).
ეუთოს აღნიშნულ დოკუმენტებს დაეყრდნო გაეროს გენერალური ასამბლეა 2008 წლის 15 მაისის რეზოლუციის მიღებისას. რეზოლუციაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება აფხაზეთში კონფლიქტის შედეგად მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებებისა და კონფლიქტამდე არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის ნებისმიერი მცდელობის გამო. რეზოლუციაში აღიარებულია ყველა ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის, აგრეთვე მათი შთამომავლების აფხაზეთში დაბრუნების უფლება განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა; ხაზგასმულია ამ პირების ქონებრივი უფლებების დაცვის მნიშვნელობა.
უფრო ადრე მსგავსი პოზიცია დააფიქსირა გაეროს უშიშროების საბჭომ 2007 წლის 15 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში. ანალოგიური პოზიციაა განმტკიცებული გაეროს გენერალური ასამბლეის 2014 წლის 5 ივნისის რეზოლუციაში, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ასეთ ვითარებაში კი, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა ხაზს უსვამს ყველა ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის აფხაზეთში ღირსეული დაბრუნების უფლებას, რუსეთი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად აფხაზეთში დღეს მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ყველა ხერხით უზღუდავს იქ ცხოვრების ყოველგვარ შესაძლებლობას. თავიანთ პოლიტიკას ოკუპანტები აფხაზეთის უკანონო ხელისუფლების მიერ მიღებული ,,კანონმდებლობის” მოთხოვნებით ,,ასაბუთებენ”. აშკარად ცინიკურად ჟღერს ქართული კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით იმთავითვე ბათილად ცნობილ აქტებზე აპელირება, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ სეპარატისტულ რეჟიმს ამოფარებული რუსეთის ფედერაციის დისკრიმინაციული პოლიტიკა ეწინააღმდეგება თვით ოკუპირებულ აფხაზეთში ფაქტობრივად მოქმედ ,,კონსტიტუციაში” საერთაშორისო საზოგადოების თვალის ასახვევად დეკლარირებულ ცალკეულ მუხლებს (მუხლი 11 – 13, 27, 28).LK
ზემოაღნიშნული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია, სარგებლობს რა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე კონცენტრირებით, ცდილობს, ერთი მხრივ, გააღრმავოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია, დააკანონოს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული ეთნიკური წმენდა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია და, მეორე მხრივ, ხელი შეუშალოს საქართველოს სახელმწიფოს მისწრაფებას ევროპული და ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურებისკენ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო ინსტიტუტები სათანადო შეფასებას მისცემენ ზემოაღნიშნულ პროცესებს და მოუწოდებს მათ:
ვინაიდან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელია ოკუპანტი სახელმწიფო, გამკაცრდეს რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური ზეწოლა ზემოჩამოთვლილი დესტრუქციული ქმედებებისა და ეთნიკური ქართველების რასობრივი დისკრიმინაციის შესაჩერებლად.
თბილისი,
2014 წლის ივნისი