ქ. პრაღაში აფხაზეთის კულტურის მხარდამჭერი ფესტივალი ჩატარდება

 

22-27 ნოემბერს ქ. პრაღაში, სასტუმრო ”ბელვედერში”, ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი ”ბრწყინვალე ხმა” 2014. ფესტივალზე მოწვეულია 10 ქვეყნის მომღერალი. ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ფესტივალი აფხაზეთის კულტურის მხარდასაჭერად ტარდება.

 

ფესტივალის მსვლელობისას გაიმართება აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელასა და ფოლკლორული ანსამბლის ”ლამპარის” გამოსვლა. ასევე, თბილისსა და პრაღას, ბათუმსა და კარლოვი ვარის შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ საპატიო სიგელების გადაცემა.

 

27 ნოემბერს იგეგმება ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის მონახულება, ინდივიდუალური ექსკურსიები და სხვა.

 

ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში შედიან: სასტუმრო ”ბელვედერის” დირექტორი ვლადიმირ პროხაზკა, საერთაშორისო ფესტივალის ”ბალტიკ სუპერ სთარ”-ის დირექტორი ტატიანა სტერბა (რუსეთი), ბელორუსი პროდიუსერი ანტონინა სალნიკოვა, მომღერალი - პეტრე ელფიმოვი (ბელორუსია), უზბეკეთის სახალხო არტისტი - მანსურ ტაშმატოვი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი და საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი, ყირგიზეთის კულტურის მინისტრი კ. ტალიევა, მომღერალი და კომპოზიტორი - არნე ვატნო (ნორვეგია), მომღერალი - იულია მინგუელი (ჰოლანდია), პროდიუსერი - ფრანჩესკო კოლაზანტო (იტალია).

 

ასევე იგეგმება გალა საღამოს ჩატარება საბავშვო ორკესტრ ”ბიგ ბენდ ბისკუპსკა”-ს მონაწილეობით. საღამოს დახურავს აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას კონცერტი.

 

საქართველოში ანალოგიური ფესტივალი 2015 წელს ჩატარდება.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions