თბილისში, ვოვა ვეკუას სახელობის ქუჩაზე, განთავსებულია ვოვა ვეკუას ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალი. დღეს, ამ ადგილას, ტრადიციისამებრ, აფხაზეთის საზოგადოებრიობამ პატივი მიაგო სოხუმში 1989 წლის ივლისის ტრაგიკული მოვლენების დროს, გარეშე მტრისგან ინსპირირებული შეტაკების მსხვერპლთ.
ეგზალტირებულმა აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფმა სასიკვდილოდ, სხვებთან ერთად, გაიმეტა ქართული ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ვოვა ვეკუა, რომელიც შანსს არ უშვებდა ხელიდან და დიდი თუ მცირე დიკუსიების დროს, ფართო აუდიტორიის წინაშე თუ ხალხმრავალი მიტინგის მიმდინარეობისას, მუდმივად იმეორებდა მერაბ კოსტავას ფრაზას: ”ჩვენ ვიპოვით გზას აფხაზთა გულებისაკენ”. მას ეს სჯეროდა და ამასვე ემსახურებოდა...
სავალალოა ვოვა ვეკუას და მასთან ერთად საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებული ადამიანების ხვედრი, მაგრამ რწმენა იმისა, რომ ამ შავ ლაქას შეცვლის ქართველთა და აფხაზთა განახლებული ურთიერთობები და ერთიანი, საიმედო მომავალი, ჯიუტად ცოცხლობს აფხაზეთიდან დევნილთა ცნობიერებაში. სწორედ ეს განცდა და ემოცია ჭარბობდა დღეს ვოვა ვეკუას მემორიალთან გამომსვლელთა სიტყვებში.
დღევანდელი შეკრების ინიციატორიები იყვნენ აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.
1989 წლის ივლისის მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავნჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტან ყოლბაიამ.