დავიდ გვაძაბია: არ არსებობს ერთი ხისტი რეცეპტი, ყველა რეზევრვი უნდა იქნას გამოყენებული მშვიდობისთვის


1992 წლის 14 აგვისტოს იმ დროისთვის სისტემატური ძარცვის ობიექტად ქცეული რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დასაცავად მივლინებულ სამხედრო ნაწილს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს აფხაზმა სეპარატისტებმა. ასე დაიწყო ომი აფხაზეთში.



აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით გვაძაბია აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების წინა პერიოდს იხსენებს:


- საერთოდ, ომის დაწყების აღნიშვნა ან რაღაცა ფორმით გამოხატვა ძალზედ რთულია, რადგანაც ყველაზე მტკივნეულად პოსტფაქტუმ განიცდი სწორად თუ არასწორად განხორციელებულ ქმედებებს. რაც არ უნდა ძნელი გასახსენებელი იყოს ყოველ წელს 14 აგვისტო, მინდა გითხრათ, რომ არც მოსაგები და არც წასაგები ჩვენ აფხაზებთან არაფერი არ გვქონდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ  ეს ომი ერთ დღეს ან ერთ თვეში არ დაწყებულა, ათწლეულობით მზადდებოდა....

- რაში გამოიხატებოდა ეს მზადება? პირადად თქვენ აფხაზი ეროვნების წარმომადგენლებთან გქონდათ უსიამოვნება?

- მე აფხაზი ეროვნების მეგობრებიც მყავდა. ახლაც მყავს, მაგრამ ჩვენს შორის მესამე ძალად ”მონათლული” რუსეთის მიერ ხელოვნურად ჩამოგდებულმა შუღლმა და განხეთქილებამ შეცვალა ურთიერთობის ფორმები. ომამდე ყველაფერი თითქოს რიგზე იყო, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ყოველ ათ წელიწადში ერთხელ აფხაზები სვამდნენ საკითხს საქართველოდან გამოყოფის თაობაზე, დამოუკიდებლობაზე და ა.შ. ამ მოთხოვნებით სოხუმში, ფილარმონიის წინ ან ლენინის მოედანზე აფხაზი უხუცესები ღამეებს ათევდნენ, ეს იყო ომის წინა სამზადისი... ქართველებს იმპულსიური ხასიათი კი გვაქვს, მაგრამ იმავდროულად საოცრად დამთმობები და მიმტევებლები ვართ. სწორედ ასეთი მიდგომით  ვცდილობდით დაძაბული მდგომარეობის მშვიდობიანად განეიტრალებას. გარდა ამისა, მათი, ასე ვთქვათ, მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში საღ აზრს და რეალობას მოკლებულად გვეჩვენებოდა. ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, რომ თავად აფხაზი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაც ვერ აცნობიერებდა იმას, თუ რას ითხოვდა: ” ჩვენ გვინდა კრასნოდარის მხარესთან მიერთება”. ეს იყო ”სხვისგან” მიწოდებული მოთხოვნა, რომლის ჩამოყალიბებასაც კი გამართულად ვერ ახერხებდნენ.  ცხადია, დამოუკიდებლობის მოსურნე ერს არც უნდა ჰქონოდა სხვა ქვეყანასთან მიერთების სურვილი, მაგრამ ამ მეტად საშიშ პრობლემაზე სერიოზულად ფიქრს  ვერ ახერხებდა ვერც ერი და ვერც ბერი, აფხაზებს ვგულისხმობ.  "ჩვენ გვჭირდება სტატუსი!" - ესეც მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ხოლო რა იყო ეს სტატუსი და რისთვის სჭირდებოდათ ამ ხანდაზმულ ადამიანებს, რომ გეკითხათ, პასუხს ვერ მიიღებდით.

ცნობილია, რომ რუსული გეგმა ყოველთვის სხვისი ხელით ხორციელდებოდა, გვერდი-გვერდ მცხოვრებ ერებს ერთმანეთს წაჰკიდებდა და შემდეგ ”მომრიგებლის” და ”მშვიდობისმყოფელის” როლს ასრულებდა. საბჭოთა სივრცეში შემავალი ქვეყნების კონფლიქტები ტყუპის ცალივით ჰგავს ერთმანეთს. ”ჩვენ თქვენ ფერგანას მოგიწყობთ!” - ასეთი  იყო მუქარა საქართველოს მიმართ. რუსული ველიკოდერჟავული პოლიტიკა მტრის ხატზე (საქართველოს სახით) წლობით მუშაობდა, მოჰაჯირობიდან მოყოლებული, ყველა მეამბოხესა თუ რუსეთისთვის მიუღებელ აფხაზს თავიდან იშორებდა და შემდეგ საქართველოს აბრალებდა. ასე იყო საჭირო აფხაზეთის სამომავლო გასხვისებისთვის.

ყველაფერი დაიძაბა 1989 წლის არეულობის შემდეგ, დაპირისპირებული მხარეებიც გამოიკვეთა....  ქალაქში უკვე  დენთის სუნი იგრძნობოდა.  შეიქმნა მონონაციონალური ე.წ. აფხაზური გვარდია, რომლის წევრებიც,  რუსებისგან შეგულიანებულები, ძალზედ თავხედურად იქცეოდნენ. ომის წინა დღეებში მათ თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ქალაქის 9 სტრატეგიული ობიექტი, თავზეხელაღებულები დათარეშობდნენ ქუჩებში ”ბეტეერებით”. ისინი ყველა პროვოკაციისთვის მზად იყვნენ, მათ ნებართვა ჰქონდათ თვითნებობისთვის. ფაქტობრივად სიტუაციას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ და ძალიან ზუსტად ფლობდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას აფხაზეთის მოსახლეობაზე. სეპარატისტებს მოსკოვის დახმარებით დეტალურად ჰქონდათ გაწერილი ცეცხლის გახსნის შემთხვევაში ვინ რომელ მანქანაზე უნდა დამჯდარიყო და რა მიმართულებით უნდა წასულიყვნენ - მანაქანის ნომერი, მძღოლის გვარი, მარშრუტი და ა.შ.  ეს უკვე  ომისთვის მზადყოფნაა. ამის შეჩერება შეუძლებელი იყო.... აფხაზებთან  ომი ჩვენ არ დაგვიწყია. პირველი მსხვერპლი იყო შალვა კვაშილავა და თენგიზ ჩაჩავა - გულრიფშელი ქართველები, რომელთაც პურის ფქვილი მოჰქონდათ მანქანით. ყოველთვის ხმამაღლა განვაცხადებ, რომ აფხაზეთის მოსახლეობა, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იცავდა მშობლიური კუთხეს გარე ძალების მიერ ინსპირირებული კონფლიქტისგან, საქართველოს ერთიანობისთვის 13 თვე იომა ისე, რომ  ადათი, წესი, კულტურა და აფხაზების მიმართ ტრადიციული ურთიერთობა შეინარჩუნა.

- აფხაზეთის დაბრუნება საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესია, მაგრამ რაიმე კონცეფცია თუ გაქვთ შემუშავებული?

ყველაზე რეალური და საიმედო კონცეფცია არის სახალხო დიპლომატია. საჭიროა უმაღლესი დონის აკადემიური დიპლომატია, რომელზეც იმუშავებენ აფხაზურ საკითხებში ჩახედული და გაცნობიერებული გამოცდილი პოლიტიკოსები და არა ისინი, ვისაც აფხაზი ეროვნების ადამიანთან ურთიერთობა არ ჰქონია. ასევე საჭიროა რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენა. სრული სიჩუმე, თუნდაც მტერთან, უძრაობას ნიშნავს. ყინული უნდა დაიძრას. მოლაპარაკების პროცესი, რომელიც იქნება რთული და დაძაბული, არაკონსტრუქციულიც კი, მაგრამ ერთხელაც იქნება შედეგს გამოიღებს. დიპლომატია ისეთი რამეა, რომ ზოგჯერ შეიძლება წინასწარ დაგეგმილი და დაანგარიშებული სიტყვა-პასუხი უეფექტო აღმოჩნდეს, სამაგიეროდ ერთმა უმნიშვნელო ჟესტმა სიტუაცია შემოაბრუნოს. გონივრული და მოქნილი სტარტეგიაა შესარჩევი.

- ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, უკრაინაშიც ”რუსული ფერგანა” ამოქმედდა?

რა თქმა უნდა, განსხვავება მხოლოდ ერთშია: უკრაინელები უფრო დიდ ძალისმიერ წინააღმდეგობას უწევენ რუსებს. საბჭოთა პერიოდშიც შეიარაღების 40 % უკრაინაზე მოდიოდა. ასე რომ, სამხედრო პოტენციალი გაცილებით ჩვენზე მეტი აქვთ ახლაც.  ამავე დროს, საერთაშორისო საოზოგადოება უარყოფითად არის განწყობილი რუსული აგრესიის მიმართ. მართალია, ჯერ-ჯერობით ეს ეკონომიკური სანქციებით გამოხატეს, მაგრამ, მოგეხსენებათ, ეკონომიკა ყველაზე დიდი შენიღბული პოლიტიკაა.... რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს. სხვა გზა არ არსებობს. უნდა  აღადგინოს სტატუს-კვო ყველგან. ამის მისაღწევად ყველა ბერკეტის ამოქმედებაა საჭირო, არ არსებობს ერთი ხისტი რეცეპტი, ყველა რეზევრვი უნდა იქნას გამოყენებული მშვიდობისთვის.

- და ბოლოს, ბატონო დავით, სექტემბერში დე-ფაქტო ხელისუფლება სოხუმში ახალგაზრდულ ბანაკს აწყობს, სადაც არაფორმალური განათლების სფეროში ტრენინეგების გასავლელად იწვევენ საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებსაც აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მხოლოდ საზღვარგარეთული პასპორტით.

- აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების კონტაქტები, მათ შორის ბანაკების ფორმით თანაცხოვრება, რა თქმა უნდა, საშური საქმეა, მაგრამ იმათ, ვინც ეს ღონისძიება ჩაიფიქრა, სულ სხვა მიზანი ამოძრავებთ - დაფიქსირდეს რამდენიმე საქართველოს მოქალაქე მაინც, ვისაც პასპორტში ექნება შტამპი იმის შესახებ, რომ ის  უცხო ქვეყნის მოქალაქის სტატუსით შევიდა სხვა სახელმწიფოში და არა მისი ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში. ეს უკვე ბინძური პოლიტიკაა.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions