აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ელგუჯა გვაზავამ პრესკონფერენცია გამართა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა(გია)გვაზავას განცხადებით, „არცერთ მთავრობას, რომელიც საქართველოში იყო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებთან ურთიერთობის კუთხით პრაქტიკულად, რეალური ვერაფერი გაუკეთებია, გარდა სახალხო დიპლომატიისა“. ამის შესახებ გვაზავამ „Frontnews”–ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„მსოფლიომ ჩვენ მოგვინახა ურთიერთობის ფორმულა – ეს არის თანამშრომლობა აღიარების გარეშე. ეს არის ის პოსტულატი, რომელსაც საქართველო იყენებს. სხვა საშუალებას მე ვერ ვხედავ. ის სტრატეგია, რაც შემუშავდა, ვერ ვიტყვი, რომ 100%–იანად მუშაობს, მაგრამ მეტნაკლებად შედეგიანია, განსაკუთრებით სამედიცინო და კულტურულ ნაწილში. ჩართულობა აუცილებელია და ეს უნდა გაგრძელდეს. ამას გარდა, თანდათან ყველაფერი იცვლება, თავის დროზე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. შეიძლება, რაღაც ისეთი მოხდეს, რაც სხვა ნაბიჯებს მოსთხოვს საქართველოს, დღეს ჩვენ სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია – არც უნდა ვაგინოთ და არც უნდა ვეფეროთ. რუსეთს არ ესმის მოფერების და ეს დამტკიცებულია, ეს მათი ხასიათის ნაწილია და როცა აგინებ, რა შედეგი მოაქვს ამას? – არაფერი. ხომ შეიძლება იყოს საქმიანი ურთიერთობა?“, – განაცხადა გვაზავამ და დასძინა, რომ მშვიდად, ემოციების გარეშე უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ ნაბიჯები.

გია გვაზავას განცხადებით,  „რადგან ასეთი ულტრანაციონალისტი მოვიდა პირველ კაცად, ჩვენთან ურთიერთობის თვალსაზრისით არა მგონია რაიმე შეიცვალოს, მაგრამ ყველაფერი კრემლზეა დამოკიდებული – როგორი ბრძანებაც ექნება, იმას შეასრულებს ხაჯიმბა“, – განაცხადა გვაზავამ და დასძინა, რომ „ხაჯიმბა იმ ოთხი ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატიდან, ყველაზე არასასურველია და იგი ქართველების დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა“.

ამასთან, როგორც გვაზავამ აღნიშნა, „კრემლში დიდი გეგმებია საქართველოს ორ ნაწილად გაყოფაზე – აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ, ხოლო გალი მოიაზრება როგორც აფხაზეთ–სამეგრელოს ერთ–ერთი ანკლავი, რომლის საფუძველზეც უნდა შედგეს ეს გაყოფა“.

„ძალიან დიდი საშუალებები იდება სპეცსამსახურების მხრიდან, ამიტომ არა მგონია, გალის მოსახლეობას ძალიან უხეშად შეეხონ, თუმცა ადამიანის უფლებები ისედაც ირღვევა იქ და ეს ნათელია. ვფიქრობ, გალის მოსახლეობას ისეთ პირობებს შეუქმნიან, რომ ტერიტორია დაატოვებინონ“, – მიიჩნევს გვაზავა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გახდა.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions