1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებთან და 27 სექტემბრის ”ჯვართამაღლების” ქრისტიანულ დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიებები გაერთიანდა სახელწოდებით ”დაცემიდან ჯვართამალებამდე”.
სამების საკათედრო ტაძარში, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II მღვდელმთავრებთან ერთად ლიტურგია აღავლინა, შემდეგ კი აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. წირვას აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ჯარისკაცები ესწრებოდნენ.
ქადაგებისას პატრიარქმა ილოცა ყველასთვის, ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ყველასთვის, ვინც აფხაზეთის ომში დაეცა.
ტაძრიდან დაიწყო მსვლელობა გმირთა მოედნისკენ, სადაც „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის" ხატი მიაბრძანეს. ეს ხატი გასულ წელს აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა. აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პანაშვიდი პატრიარქმა გმირთა მოედანზეც გადაუხადა, აფხაზეთის ხელიდუფლებას კი გადასცა იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი, რომელიც მისი თქმით, გახსნის გზას აფხაზთა გულებისაკენ.
გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხელოვნების მუშაკებმა, სპორტსმენებმა, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. გმირთა მოედნიდან „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის" ხატი თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დასაბრძანებლად.
”დაცემიდან ჯვართამაღლებამდე” პროგრამის ფარგლებში ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერში სკულპტურულ მემორიალთან - „საქართველოსთვის" მოეწყო ომამდელი აფხაზეთის ამსახველი ფოტოგამოფენა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევართა ექსპოზიცია თემაზე - „ჩემი ზღვა და ჩემი ქალაქი". ასევე დარიგდა სალომე კაპანაძისა და ქეთევან ჩემიას ავტორობით გამოცებული წიგნები. მონუმენტი ყვავილებით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდმომარემ გია გვაზავამ, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და დევნილმა საზოგადოებამ. სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა" ძალიან ამაღელვებელი, იმედიანი, ცრემლის მომგვრელი ფლეშმობი - „გამარჯობა სოხუმო" მოაწყო (ნოდარ დუმბაძის და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით).
იმავე დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა გვირგვინებით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე", აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და 23-ე ბრიგადის ხელმძღვანელის, გენერალ გენო ადამიას საფლავები.