აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მიმდინარე წლის 17 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გალის რაიონის ტერიტორიაზე რვა ქართველი ეროვნების მოქალაქე დააპატიმრა 1992-1993 წლების ომში მონაწილეობის ბრალდებით. წაყენებული საეჭვო ბრალდებები, როგორც მინიმუმი, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ელემენტარულ ნორმებს და საქართველოს კანონმდებლობას.
დე-ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელებს შევახსენებთ, რომ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან და ცხოვრობენ აფხაზი ეროვნების ყოფილი ”ბოევიკები”, რომლებიც 1992-1993 წლებში ოკუპანტების მხარდამხარ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. ქართული საზოგადოება გაგებით ეკიდება აღნიშნულ ფაქტს, რადგანაც ამას მოითხოვს შერიგების, ქართველი და აფხაზი ხალხების წარმატებული მომავლის სასიცოცხლო ინტერესები.
სამწუხაროდ, დაკავებული ადამიანების ბედი დღემდე გაურკვეველია. მოვუწოდებთ აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლების მესვეურებს გამოიჩინონ კეთილგონიერება, ჰუმანურობა და დაუყონებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები - აფხაზეთის მკვიდრი მაცხოვრებლები.
უმაღლესი საბჭო მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გალის რაიონში უკანონოდ დაკავებული რვა ქართველი ეროვნების მოქალაქის დარღვეული უფლებების დასაცავად და მათ გასათავისუფლებლად, მოგონილი საბაბით, ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის შესაჩერებლად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი