ქართველთა და აზერბაიჯანელთა ძმობის დღე
2005 წელს დაფუძნდა ”ქართული სტრუქტურების ლიგა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში”. 2011 წელს ლიგის ხელმძღვანელის, ბატონ თეიმურაზ ქირიმოვის ინიციატივით მიიღეს გადაწყვეტილება ყოველი წლის თებერვალში აღინიშნოს ქართველებისა და აზერბაიჯანელების ძმობის დღე. იმავდროულად გადაწყდა, რომ ეს დღესასწაული, მორიგეობით - ერთ წელს საქართველოში აღინიშნოს, მეორე წელს აზერბაიჯანში.
შარშან ქართველებისა და აზერბაიჯანელების ძმობის დღე თბილისში ჩატარდა და ძირითადად აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ მიიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ ლიგა შეძლებისდაგვარად ცდილობს დახმარება გაუწიოს ნიჭიერებით გამორჩეულ ქართველ თანამოძმეებს საინტერესო პროექტების რეალიზებაში.
ვინაიდან 2015 წელი აზერბაიჯანში გამოცხადებულია სოფლის მეურნეობის, ხოლო საქართველოში - ქალთა წლად, ლიგის ინიციატივით, რიგით მეხუთე შეხვედრა ქართველ და აზერბაიჯანელ ქალბატონთა და ფერმერთა წრეში აღინიშნა.
ქართველთა და აზერბაიჯანელთა შეხვედრაზე ”აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქართული სტრუქტურების ლიგის” ხელმძღვანელმა თეიმურაზ ქირიმოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლების მესვეურები ამ ორი ერის მრავალსაუკუნოვანი ძმობის ურღვევობას მაქსიმალურად უწყობენ ხელს.